GEO
September 16, 2021
ასწლეული ინტერიერში

ასწლეული ინტერიერში ეძღვნება ზეინაბ ფილიპოვას , ჩვენს კოლეგას და მეგობარს, რომელიც იმ ცხრა ადამიანს შორის იყო, ვინც, 2001 წელს, ჩვენთან ერთად, ზეპირი ისტორიის მეთოდით დაიწყო კვლევა საქართველოში. სერიის ქალთა მეხსიერება პირველივე გამოცემაში `მრავალეთნიკური საქართველო გასულ საუკუნეში (2004), მისი მომზადებული 11 ბიოგრაფია შევიდა. 7 წლის შემდეგ, ასწლეულში, ჩვენი არქივის რჩეულ მასალასთან ერთად, ზეინაბის კიდევ ორ , 2003 წელს ჩაწერილ მონათხრობს ვათავსებთ. ზეინაბ ფილიპოვა,  ქართველი კათოლიკე, თვალსაჩინო ჟურნალისტი და ზეპირი ისტორიების მკვლევარი, 2011 წლის 16 ივნისს გარდაიცვალა ბათუმში.
წიგნი ჩვენი ისტორიის 100-ზე მეტ წელიწადს ეხება და წარმოადგენს მოვლენებს, როგორც ეს მოვლენები ადამიანებმა განიცადეს, დაიმახსოვრეს და, თავიანთი კეთილი ნებით – გვიამბეს. აღმოჩნდა, რომ ამ ასწლეულში, გასული საუკუნის დასაწყისიდან ვიდრე ჩვენს დღემდე, ყველაზე მწარედ დამახსოვრებული და მოსათხრობი ადამიანს აქვს შურისძიების, მტრობის, გაუტანლობის, ანგარიშსწორების, სისხლიანი კონფლიქტებისა და ომების ამბები. ძირითადად – ის წვრილწვრილი დეტალები ამ ამბებისა, რაც არასდროს ხვდება ისტორიის სახელმძღვანელოებში და არ დაისწავლება იმისთვის, რომ შემდგომში, მომავალში, რაც, არსებითად, ჩვენი ცხოვრების ყოველი მომდევნო წუთია, მიზეზი არ მიეცეს შურს, მტრობასა და გაუტანლობას, ადამიანთა ტანჯვას.
ვიცით, რომ სიმართლე ყველას თავისი აქვს, ხოლო ჭეშმარიტება მიუწვდომელია, ისევე, როგორც ყველა სიკეთე, მთავარი სიკეთეც – მშვიდობა. მშვიდობა ადამიანში, ოჯახში, საზოგადოებაში, ქვეყანაში და ქვეყნებს შორის. და მაინც, რაც ჩვენს გარეთაა, მიუწვდომელი, არის ჩვენშიც, ისე და იმდენად არის, რამდენადაც იმისკენ მივილტვით და მივისწრაფით.
ამ წიგნს ფასს ადებენ ადამიანები, მთხობელნი გულწრფელად და უხვად; ჩვენ, ვისაც ეს ადამიანები გვენდნენ და გვიამბეს, გაგვიზიარეს თავიანთი სიყვარული და წუხილი, ვადასტურებთ, რომ ზუსტად გადმოვცემთ მონათხრობს (თუმც, ზოგ, იშვიათ შემთხვევაში – შემოკლებით) და შესაბამისად, მონათხრობი უახლესი ისტორიის წყაროს წარმოადგენს. რამდენად სანდოა ეს წყარო და სარწმუნოა სურათი, რომელიც თუნდაც ამ ერთი წიგნით იხატება, იტყვიან ისტორიკოსები, იტყვიან სხვადასხვაგვარად, შესაბამისად თავიანთი სამუშაო თეორიების, დროის მოთხოვნების და სხვა გარემოებათა, როგორც ყოველთვის...
ზეპირი ისტორიების, როგორც სოციალურ მეცნიერებათა დარგის განსაკუთრებულობა ისაა, რომ აქ სუბიექტურობა, რისი თავდაღწევაც მეცნიერებას და არა მხოლოდ მეცნიერებას ეთვლება ღირსებად და მიღწევად , აკადემიური დისციპლი-
7
ნის საფუძვლადაა აღიარებული; ამასთანავე, მონათხრობის სუბიექტურობასთან ერთად, მსმენლისა და მკვლევრის სუბიექტურობაც იგულისხმება. გამოდის, რომ თუ მეცნიერება ესწრაფვის ობიექტურობას როგორც სიმართლეს, აქ სუბიექტურობა, განმსაზღვრელი, ობიექტურობას უახლოვდება როგორც კვლევის მიზანი და მნიშვნელობა. ვფიქრობთ, რომ ეს მრავალმხრივ საგულისხმო გარემოება, ყურადღების გამახვილებით ადამიანის სიცოცხლეზე, როგორც უმაღლეს ფასეულობაზე, გააძლიერებს ამ წიგნის მკითხველის მისწრაფებას ჭეშმარიტებისკენ.
წიგნი, ისევე, როგორც ფონდის ტასო სხვა გამოცემები, აღმქმელად ფართო მკითხველ საზოგადოებას გულისხმობს, მათ შორის სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დარგის მკვლევრებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. იმედი გვაქვს, რომ ასწლეული ინტერიერში ხელს შეუწყობს მშვიდობიანი, უსაფრთხო და სამართლიანი მომავლის უზრუნველსაყოფად მიმართული მუშაობის წარმატებას.
წიგნი ფონდის ღია საზოგადოება – საქართველო  მხარდაჭერით ქვეყნდება. ჩვენი მუშაობა ზეპირი ისტორიის სფეროში, 2001 წლიდან მოყოლებული დღემდე, მთლიანად ფონდის `ღია საზოგადოება – საქართველო და `ღია საზოგადოების ფონდების მიერაა მხარდაჭერილი. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის.

მარინა თაბუკაშვილი ფონდი ტასო
News
The members of the Taso Foundation team held project presentation...
March 30, 2024
The members of the Taso Foundation team held project presentation...
March 29, 2024