GEO
November 30, 2022
ქალთა მიმართ ძალადობის ისტორიები ომის მეხსიერების სადარაჯოზე

აფხაზეთის ომის ისტორიების ჩაწერა რამდენიმე წლის წინ დავიწყე. ძირითადად, კონფლიქტის ზონაში ჩადენილი ფემიციდის შემთხვევები მაინტერესებდა, რადგან მაშინ ამ საკითხზე ვმუშაობდი.  

ფემიციდი გოგონებისა და ქალების მიზანმიმართული მკვლელობაა მათი სქესის გამო. ეს დანაშაული ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ყველაზე რადიკალურ ფორმას წარმოადგენს და სხვადასხვა გარემოში სხვადასხვაგვარად ვლინდება. თუმცა, ყველა ამ გამოვლინების საერთო საფუძვლად სქესთა შორის უთანასწორობა და სისტემური დისკრიმინაცია განიხილება.

ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ფორმებს შორის, შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი ძალადობა განსაკუთრებულია ერთი მნიშვნელოვანი ასპექტის გამო - ის გაცილებით ფართე კონტექსტში უნდა განვიხილოთ. რომ დავაზუსტო, ომის დროს ქალებსა და გოგონებზე ძალადობა განიხილება, როგორც არა მარტო მდედრობითი სქესის ინდივიდზე ძალადობა, არამედ მთლიანად, გარკვეულ საზოგადოებაზე ზეწოლისა და მისი დაშინების საბრძოლო სტრატეგია.  

ჩემი პირველი რესპონდენტი მსხვერპლის ბავშვობის მეგობარი იყო. მომიყვა, როგორ გაფატრეს მისი ორსული მეგობარი, როგორ მოჰკვეთეს თავი და როგორ დამარხა საკუთარმა დედამ მისსავე ეზოში. ეს საქართველოა, მეოცე საუკუნის 90-იანი წლები.

შემდეგმა რესპონდენტმა დედის, ბებიისა და ბიცოლის წინ გაუპატიურებული და დახვრეტილი ბავშვების შესახებ მიამბო, რომლებსაც დედაც, ბებიაც და ბიცოლაც ზედ დააკლეს. ესეც საქართველოა, დროც იგივეა.

მესამე რესპონდენტი სადგურში გაუპატიურებული და იქვე სასიკვდილო ჭრილობამიყენებული კლასელის ამბავს მომიყვა. ადგილი და დრო უცვლელია. საქართველო, 90-იანები.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ძველი ჭრილობები ბევრს გაახსენდა და ბევრმაც დაიწყო აფხაზეთის ომში ჩადენილ სისატიკეზე საუბარი.

ჩვენ რატომ დავიწყეთ რამდენიმე წლით ადრე? რადგან საფრთხე იმისა, რომ ეს ყველაფერი განმეორებულიყო, არსადაც არ წასულა, ჭრილობა მუდმივად აქტიურ ფაზაში რჩებოდა. სიჩუმე კი ამის არაღიარებას ნიშნავდა.

ომი სასტიკია, ეს ყველამ ვიცით. ომში სისასტიკე ვისთვის გმირობაა, ვისთვის გადარჩენა, მაგრამ ყველა შემთხვევაში და ყველა ომის ცენტრში დგას ადამიანი, ვისთვისაც ყველაფერი ტრაგედიით სრულდება, იქნება ეს 14 წლის გოგონა, რომელიც ომში ექთნად წასულ დედას ვეღარასდროს ნახავს, თუ შეშლილი დედა, რომელიც ე.წ. „გოლგოთას გზაზე“ დიდი ჩანთით გარდაცვლილი ჩვილის სხეულს მიათრევს.

როგორ უნდა ელაპარაკო ადამიანებს არნახულ, არგაგონილ, ართქმულ ტკივილზე? ან როგორ უნდა აალაპარაკო თავად ისინი? ან შენ როგორ უნდა გაუძლო ამდენ თანაგანცდას, რომლის გარეშეც, იცი, არაფერი გამოვა?

ხშირად პროცესი თავად გაძლევს მინიშნებებს და გიჩვენებს გზებს, თუ როგორ შეგიძლია მისი განვითარება. ისტორიებზე მუშაობისას მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო დუმილის დარღვევა მათთვის, ვინც საკუთარ მოგონებებს მიზიარებდა. მალევე, ძალიან ცხადად ვიგრძენი, რომ დადგა სულისშემხუთველი სიჩუმის დარღვევისთვის შესაფერისი დრო.

ვფიქრობ, მედია არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ომის ძალადობის შესახებ საუბრის ჩამოყალიბებაში, საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებისა და პოლიტიკის ქმედებებზე ზეწოლის ხელშეწყობისთვის გაცილებით მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს, ვიდრე ეს დღეს ხდება.

აუცილებელია ომის ისტორიების შექმნა და გაშუქება არა საზოგადოების სასოწარკვეთის მდგომარეობაში ჩასაგდებად, არამედ იმისთვის, რომ მთხრობელიც და მსმენელიც გააზრებულად  მონაწილეობდეს პროცესში, რომელიც რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლას ემსახურება. ეს რაღაც შეიძლება იყოს, სულ მცირე, ომგამოვლილი ქვეყნის უახლესი წარსულის გააზრება.    

ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული, რომელსაც ადამიანები ჩავდივართ, არის ის, რომ ნაკლებად ვსაუბრობთ იმაზე, რაც გვტკივა. თუ არ არის საუბარი, არ არის აღიარება და შესაბამისად, არ არის პასუხისმგებლობა. არ დგება არავის პასუხისმგებლობა ადამიანების ტანჯვაზე, ისტორიულ უსამართლობაზე, უდიდეს შეცდომებსა და განუზომელ მსხვერპლზე.

არ დგება არავის პასუხისმგებლობა უდროოდ შეწყვეტილ ბიოგრაფიებზე, აუსრულებელ ოცნებებზე და რაც მთავარია, ამ უპასუხისმგებლობით მნიშვნელობაწართმეულია მსხვერპლების როგორც სიცოცხლე, ისე სიკვდილი. აფხაზეთის ერთ-ერთ სოფელში კი ქალი შვილთან ერთად მისივე სახლის ბოძზე გააკრეს, მკერდი დანით ჩამოაჭრეს და მერე სახლს ცეცხლი წაუკიდეს.

გაგიგიათ, რა არის „კოლუმბიური ჰალსტუხი“? მე ამ ისტორიებიდან შევიტყვე. მეოცე საუკუნის 90-იანი წლების აფხაზეთის ომის ისტორიებიდან.

ყველაფერთან ერთად, ზეპირი ისტორიები გვეხმარება, გავიგოთ უფრო ფართე სოციალური და პოლიტიკური კონტექსტი და ჩარჩოები, რომლებშიც მოქმედებს ესა თუ ის ინდივიდუალური მოგონება.

ომის მოვლენების თვითმხილველთა მიერ მოყოლილი ზეპირი ამბების არსებითი და შიშისმომგვრელი თვისება წარმავლობაა. ასე რომ, წლების დინების პარალელურად, ცოცხალი მოწმეების ასაკის მატებასთან ერთად, ჩნდება ომის მოგონებების მომავალი თაობებისთვის გადაცემის აუცილებლობა.

წლები გადის და სულ უფრო ვკარგავთ შესაძლებლობას, შევამუშავოთ ომის მეხსიერება. ომის მეხსიერების შემუშავება კი განუყოფლად ერწყმის ომის ძალადობრივი ეპიზოდების მნიშვნელობის შემუშავების სოციალურ-ფსიქოლოგიურ პროცესებს და ამ ეპიზოდებისა და მათი მნიშვნელობის გაზიარებას საზოგადოებაში გაჩენილი ახალი ინდივიდებისთვის. აქ ცხადია, რომ ახალი თაობის მიერ მომავლის შენება წარმოუდგენელია წარსულის საფუძვლიანი ცოდნისა და აღიარების გარეშე.

News
The members of the Taso Foundation team held project presentation...
March 30, 2024
The members of the Taso Foundation team held project presentation...
March 29, 2024