მე გახლავართ ეკატერინე ციხისელი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარიდან, ვარ 45 წლის.
სანამ „ფონდი ტასოს“ სოციალური მუშაკი გავხდებოდი, უმაღლესში არასდროს მისწავლია და არსად მიმუშავია. სწავლისა და განვითარების სურვილი სულ მქონდა, თუმცა ძალიან ადრე, 17 წლის ასაკში მომიწია გათხოვებამ (მაშინ გოგონებს იტაცებდნენ), შემდეგ შვილები შემეძინა და ვეღარ მოვახერხე სწავლა.
გათხოვებამდე, საექთნოზე, გათხოვების შემდეგ კი, საბუღალტროზე ჩავაბარე. ჩემი მეუღლე იყო ინდ.მეწარმე და მეც გავხდი. საბუღალტრო კურსები გავიარე, მაგრამ ოჯახური პირობების გამო, ვერსად ვერ მოვახერხე მიღებული ცოდნის რეალიზება. შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში, გავიარე მეფუტკრეობის ტრენინგი და 40 წლის ასაკში, მეფუტკრე-ტრენერის სერთიფიკატი ავიღე. სწორედ იმ პერიოდში ონის მუნიციპალიტეტში „ფონდი ტასო“ შემოვიდა და მე გამიშვეს შეხვედრაზე, როგორც აქტიური ქალი. ცოტა ხანში ორგანიზაციის სათემო მუშაკად ამირჩიეს. ჩემთვის სათემო მუშაკობა საკმაოდ საპასუხისმგებლო და საპატიო საქმიანობა აღმოჩნდა. „ფონდ ტასოსთან“ ურთიერთობისა და თანამშრომლობის პერიოდს განსაკუთრებულად მივიჩნევ დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც მქონია ურთიერთობა, რადგან ეს იყო ყველაზე სამართლიანი, ადამიანურ ღირებულებებზე მორგებული ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებული იყო სოფლად მცხოვრები ქალების განათლებასა და განვითარებაზე. „ფონდი ტასო“ ჩემთვის აღმოჩნდა ის სივრცე, სადაც მემატებოდა თავდაჯერებულობა, მიმაღლდებოდა თვითშეფასება და სხვა ქალებსაც ვეხმარებოდი.
დღეს უკვე ყველას მოვუწოდებ აქტიურობისკენ. აუცილებელია, იყო აქტიური მოქალაქე. აქამდე, ჩემი, როგორც ქალის, როგორც მოქალაქის უფლებები არ ვიცოდი, არ ვიცოდი ასევე თვითმმართველობის საკითხები. მას შემდეგ ძალიან გავაქტიურდით სოფლად მცხოვრები ქალები, რომლებსაც აგვიმაღლდა ცნობიერება და გაგვიღრმავდა ნდობა არასამთავრობო სექტორის მიმართ, „ფონდ ტასომდე“ სკეპტიკური დამოკიდებულება გვქონდა, თუმცა ამის შემდეგ დავინახეთ ის სიკეთეები, რისი მიღებაც შეგვეძლო.
სოფელ ღარში, „ფონდი ტასოს“ საქმიანობის ფარგლებში, მქონდა ბედნიერება, რომ სამ თემში მემუშავა, პირველი, საპილოტე, იყო ჩემი სოფელი, სადაც ორი ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ და სამწლიანი მუშაობის პერიოდში დაგვიფინანსდა ორი სოციალური პროექტი - ერთი იყო ღარის თემის ბიბლიოთეკის კეთილმოწყობა, აღჭურვა ინვენტარითა და წიგნებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რადგან ძალიან პატარა სივრცე გვქონდა. „ფონდი ტასოს“ დახმარებით მოხდა ინვენტარის შეძენა. შემდეგ აქ გახდა შესაძლებელი შეხვედრების ჩატარება და კინოს ჩვენება, ბავშვებისთვის შეიქმნა კომფორტული გარემო, წიგნის კითხვისთვის გამოიყო სივრცე, ახალი წიგნები მეტად იზიდავდა ბავშვებს, ხოლო კომპიუტერი და პრინტერი ძალიან დაეხმარა ბიბლიოთეკას.
პარალელურად, დაგვიფინანსდა კიდევ ერთი სოციალური პროექტი, რის ფარგლებშიც, სოფელ ღარის ორივე ჯგუფის ქალებმა, ვისაც სურვილი გვქონდა (11 ქალი იყო ასეთი), შევისწავლეთ კომპიუტერული უნარები. თითოეულს იმის ვალდებულება გვეკისრებოდა, რომ ორ-ორი ადამიანისთვის გაგვეზიარებინა მიღებული ცოდნა.
ორივე პროექტის ფარგლებში გადმოგვეცა კომპიუტერული ტექნიკა, რითაც პანდემიისას, ონლაინ სწავლების პერიოდში, ძალიან დავეხმარეთ სოფლად მცხოვრებ ბავშვებსა და სხვა ადამიანებს მასალების ამობეჭდვასა თუ სხვა მათთვის მნიშვნელოვან საქმეში.
„ფონდი ტასოს“ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა ასევე ორი საოჯახო სასტუმრო, რომელიც ფუნქციონირებას აგრძელებს და დამატებითი შემოსავლის წყაროა სოფლად მცხოვრები ქალებისთვის.
სოფელ ლაგვანთაშიც დაფინანსდა ერთი ბიზნეს პროექტი, ქალებმა მიიღეს სხვადასხვა სახის ცოდნა პროექტის წერის, ქალთა უფლებების, თვითმმართველობასთან ურთიერთობისა და სხვა საკითხების შესახებ.
კიდევ ვიმუშავე მესამე თემში - პიპილეთის თემში, სადაც დაფინანსდა ბიბლიოთეკა. იქ საერთოდ არ არსებობდა ბიბლიოთეკა, რადგან გასულ წლებში დაიწვა და ყველაფერი განადგურდა. თვითმმართველობას გამოყოფილი ჰქონდა სივრცე, თუმცა ინვენტარის გარეშე ეს სივრცე ვერ ფუნქციონირებდა. „ფონდი ტასოს“ მხარდაჭერით, დაფინანსება მოვიპოვეთ ინვენტარის შესყიდვაზე.
სათემო მუშაკობის პერიოდში, პირველ რიგში, ვზრუნავდი იმაზე, რომ ქალებისთვის თავდაჯერებულობა შემემატებინა. ვაღიარებ, თავიდან მჯეროდა, რომ სოფლად მცხოვრებ ქალებს ნაკლებად გვქონდა უფლებებიც და სოფლის კრებებზეც წასვლის უფლებაც მიმაჩნდა, რომ კაცებს ჰქონდათ მხოლოდ და მათი უფლება იყო. „ფონდი ტასოს“ შემოსვლის შემდეგ, მე და სხვა ქალებს სრულიად შეგვეცვალა ცნობიერება და მეტად გავაქტიურდით და ჩავერთეთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში და ჩვენი ხმით გავიტანეთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ქალებისთვის უფრო სენსიტიური იყო, ასევე, დავუმტკიცეთ ყველას, რომ ჩვენი საქმიანობა რეალურად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო.
ამჟამად ვარ მოხალისე რაჭის ახალგაზრდულ ასამბლეაში. ასევე, ონის სკოლაში აგროკლუბი ჩამოყალიბდა, სადაც, როგორც მეფუტკრე ტრენერი, პერიოდულად ვატარებ ტრენინგებს. მივდევ მეფუტკრეობას და პარალელურ რეჟიმში მცირე ბიზნესსაც ვაწარმოებ: მაქვს ჩემი ხელნაკეთი ნივთები, ვამზადებ სანთლის ფიგურებს, ვხდი თაფლის არაყს და მურაბებსაც ვაკეთებ. შევისწავლე ქარგვა და ვაფორმებ ლამაზად ქილებს, ბოთლებს, ქისებს ნაქარგობებით, რომ ტურისტებისთვის მიმზიდველი გავხადო ეს ჩემი პროდუქცია. დიდ მასშტაბზე ვერ გავდივარ, მაგრამ არ მინდა ეს სიკეთეები ხელიდან გავუშვა, მინდა, ვიყო მოტივაცია ჩემი შვილისთვის, რომელიც 13 წლის გოგოა და სხვა ჩემს რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის და ესეც გამომდის. ონლაინ სივრცეში რომ ვნახულობ ტრენინგებს, რომელიც ჩემს შვილს ეხმიანება, რომელიც ბიზნესზეა, სამოქალაქო აქტივიზმზე და ქალების განვითარებაზე, ვავსებ ხოლმე სარეგისტრაციო ფორმებს. ხანდახან კი მიკვირს დატვირთული ოჯახური პირობებიდან გამომდინარე, როგორც ვხვდები ხოლმე მსგავს სიტუაციებში, მაგრამ ესე გამოდის, რადგან ძალიან აქტიური ვარ.
ვცდილობ, რომ ბიზნესს არ ვუღალატო და ჩემი ხელნაკეთი ნივთების დამზადება გავაგრძელო, ვიყო აქტიური მოქალაქე და მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი, როგორც ქალის, როგორც მოქალაქის უფლებები ბოლომდე, ვიყო სრულუფლებიანი და თავდაჯერებული, მქონდეს ჩემი შემოსავალი, ვიყო რეალიზებული და ვიყო ბოლომდე აქტიური ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში და არანაირი შანსი არ გავუშვა ხელიდან.
ხშირად სიამოვნებით ვიხსენებ „ფონდ ტასოსა“ და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის წლებს და თანდათან ვრწმუნდები, რომ "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის საქართველოში" საუკეთესო პროექტი იყო. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორი ორგანიზაციისა თუ თანამშრომლის, რადგან ეს პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული. ეს პროექტი ქალს ხდიდა უფრო თავდაჯერებულს, ძლიერს, უმაღლებდა ცნობიერებას, უვითარებდა საჭირო უნარ-ჩვევებს, უფართოებდა სამოქმედო არეალს, ასწავლიდა ბრძოლას უკეთესი ცხოვრებისთვის სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უზრდიდა ბედნიერების ხარისხს. ამ ყველაფრის სათავე იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ფონდი ტასოს“ გუნდის გულწრფელი დამოკიდებულება, პროფესიონალური მიდგომა, მრავალი წამახალისებელი შეგონება, მცირედის დაფასება და აღიარება.