GEO
November 15, 2022
ნელი ანსიანი წინწყაროდან

მე ვარ ნელი ანსიანი, დევნილი ზემო აფხაზეთიდან, კოდორიდან. ისევე, როგორც ბევრმა სხვა დევნილმა ქალმა, ბევრი განსაცდელი გამოვიარე. მახსოვს, 2008 წელს დილით, როგორც ყოველთვის, პურს ვაცხობდი, ცომი მაგიდაზე შემოვდგი, რომ კარგად ამოსულიყო და მეზობლად მცხოვრებ ავადმყოფ ნათესავს შეშა და წყალი გადავუტანე. სახლში რომ შემოვბრუნდი, საშინელი ხმაური გაისმა. იმ წამსვე საყრდენ კედელთან მივირბინე და იქ დავდექი. ირგვლივ ჩამობნელდა. კოდორის ხეობა იბომბებოდა. ამ შემთხვევის შემდეგ კარგა ხანს მხედველობის და სმენის პრობლემები მქონდა. 15 წუთის განმავლობაში მარტო ჩვენს სოფელში 15-20 ბომბი ჩამოვარდა, სახლები დაინგრა, სოფელი განადგურდა, მაგრამ ყველანი გადავრჩით. ყველაფერი ისე დავტოვეთ, როგორც იყო და გზამდე ზოგმა ფეხით, ზოგმა კი ტრაქტორით ვიარეთ. ცოტა ხანს ჭუბერში ვიყავით, შემდეგ ქუთაისში, შემდეგ თბილისში.

თბილისში, ომის შედეგად დაზარალებულ ქალთა რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ტრენინგზე, რომელსაც „ფონდი ტასო“ ატარებდა, გავიცანი ორგანიზაციის გუნდის წევრები. ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც თბილისიდან წინწყაროში გადაგვასახლეს, სადაც უამრავი პრობლემა წამოიჭრა და ურთულეს პირობებში გვიწევდა ცხოვრება, გამახსენდა ეს ორგანიზაცია და გადავწყვიტე, მივსულიყავი და ჩვენი, წინწყაროში ჩასახლებული დევნილების საჭიროებები ამეხსნა. ჩემი ინტერესი იყო, რომ თემში რამე შეცვლილიყო.

ორგანიზაციის თანამშრომლებმა ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანეს და მალე წინწყაროში ჩამოვიდნენ. შეიქმნა ქალთა თვითდახმარების ჯგუფი. თავიდან ჩემს სახლში ვიკრიბებოდით, დამომბვის შედეგად ისე ვიყავით დასტრესილები და დათრგუნულები, რომ ლაპარაკიც გვიჭირდა. პირველ ჯგუფში ხუთი ქალი შედიოდა, შემდეგ ახალი ჯგუფები გაჩნდა. თავიდან კაცებს არ აინტერესებდათ და ეცინებოდათ, რომ ვიკრიბებოდით, თუმცა ნელ-ნელა შემოგვიერთდნენ. პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო ელექტრომომარაგების გამართვა და გაზიფიცირება. ბუნებრივია, ეს ოდესღაც მოხდებოდა, მაგრამ ჩვენ ეს პროცესები დავაჩქარეთ და დროში წინ წავწიეთ. ვმუშაობდით თვითმმართველობასთან, მივმართავდით განცხადებით და რაც მთავარია, რა პრობლემასაც მივიტანდით, იმ პრობლემას მალევე ექცეოდა ყურადღება. როდესაც აქ ჩამოვედით, სანიაღვრე არხები არც კი ჩანდა გზებზე, ესეც მოგვარდა. მიუხედავად იმისა, რომ წინწყარო მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი სოფელია, აქ საბავშვო ბაღი არც კი ფუნქციონირებდა. ესეც მოვახერხეთ და საბავშვო ბაღი გაიხსნა. ამ ბაღში ჩვენი დევნილი ქალებიც დასაქმდნენ.

2013 წელს დამოუკიდებელ ორგანიზაციად დავრეგისტრირდით. მოგვიანებით ოფისიც შევიძინეთ. დავიწყეთ სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სოციალური პროექტების განხორციელების მიმართულებით. მიმდებარე სოფლებში არსებულ ბაღებს საჭირო ინვენტარი შევუძინეთ, სკოლას სველი წერტილები გავურემონტეთ, უამრავ მნიშვნელოვან პრობლემას გამოვეხმაურეთ.

ყოველთვის ძალიან მორცხვი ვიყავი, მაგრამ ყველანაირი საქმე მაინტერესებდა. „ფონდ ტასოსთან“ გადაკვეთის შემდეგ გავძლიერდი, ცნობიერება ამიმაღლდა და ვისწავლე სხვაზე ზრუნვა. კოდორში სულ სხვა ცხოვრება გვქონდა, იქ ქალებს უმეტესად საოჯახო საქმეები ეხებოდა, დილიდან საღამომდე დასვენება არ იყო, ქალზე უდიდესი დატვირთვა მოდიოდა.  აქ სხვა ცხოვრებაა. სხვა საქმიანობას ვეწევით. მოსახლეობასაც ჩვენი იმედი აქვს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ახალი პროექტები მოვიზიდოთ, ახალგაზრდები დავაინტერესოთ, რომ გვყავდეს ახალი ძალა, რომელიც შეგვცვლის. აქედან გამომდინარე, გვაქვს აქცენტი საგანმანათლებლო პროექტებზე, ვდილობთ იმის მიღწევასაც, რომ ბავშვებს ჰქონდეთ სკვერი, სპორტული დარბაზი, კულტურის ცენტრი - ბავშვებისთვის ხომ ყველაფერი უნდა იყოს სოფელში, მითუმეტეს, რომ დიდი სოფელი გვაქვს და უამრავი ნიჭიერი ბავშვი გვყავს, რომლებსაც მხარდაჭერა და ჩვენი ხელშეწყობა სჭირდებათ.

 

 

News
On November 26 and 27, The members of the Taso...
November 28, 2024
On November 26, The members of the Taso Foundation team...
November 27, 2024
On November 25, The members of the Taso Foundation team...
November 26, 2024