მე ვარ მარიამ ქობალია, 27 წლის. ვარ დაოჯახებული, მყავს მეუღლე და ხუთი წლის შვილი. ვარ ჩართული მცირე ბიზნესში - თავიდან სათბურებით დავიწყე და ახლა უკვე საკუთარი მაღაზიაც გავხსენი.
„ფონდ ტასომდე“, ძირითადად, სახლში ვიყავი და ბავშვს ვზრდიდი. ორგანიზაციასთან გადაკვეთის შემდეგ კი, სურვილი გამიჩნდა, რომ პროექტი დამეწერა. ისე არანაირი გამოცდილება არ მქონია, მათ შორის, არც სასათბურე მეურნეობის მხრივ, მითუმეტეს, ყვავილებში.
„ფონდი ტასოს“ შესახებ მეგობარმა გამაგებინა, დამირეკა და მითხრა, რომ ასეთი ფონდი არსებობდა და ქალებს ეკონომიკურად გაძლიერებაში ეხმარებოდა. მეც გადავწყვიტე, პროექტი დამეწერა ყვავილების შესახებ. პროექტის წერა საგანმანათლებლო კომპონენტის ფარგლებში გავიარე, შემდეგ დავწერე და გავიმარჯვე კიდევაც. ამას გარდა, ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში მივიღე მონაწილეობა და გრანტი მოვიპოვე. „ფონდ ტასოსთან“ თანამშრომლობის შემდეგ დაგროვილი გამოცდილებით, კიდევ სამი დაფინანსება მოვიპოვე.
მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არანაირი გამოცდილება არ მქონია სათბურის მხრივ, ბავშვობაში მშობლებს თუ დავეხმარებოდი მხოლოდ ბოსტნეულის მოვლაში, ეს იყო და ეს. რომ მივიღე დაფინანსება და მივედი იმ ეტაპზე, რომ ნერგები უნდა ჩამომეტანა და დამერგო, ეს ყველაფერი ვისწავლე იმ ადამიანისგან, ვისგანაც შევიძინე, თუმცა სწავლა ერთია და პრაქტიკაში განხორციელება სხვა, პრაქტიკაში გაცილებით ბევრს სწავლობ. ნელ-ნელა ჩამოვიტანე ნერგები და დავრგე, მქონდა კონტაქტები სხვადასხვა ადამიანებთან, ვისთან აღარ ვრეკავდი. შემდეგ ჩემითაც შევეჩვიე მოვლას და ვიცოდი, როდის რა სჭირდებოდა ნერგებს. ყვავილები რომ წამოვიდა, შემდეგ დავიწყე რეალიზაცია. მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ არ მყოფნიდა ყვავილები, ამიტომ გადაწყვიტე მეორე პროექტის დაწერა. „ფონდმა ტასომ“ დამაკვალიანა „კრისტალის“ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლასთან დაკავშირებით და იქ მივიღე მეორე დაფინანსება გაფართოებისთვის. გავფართოვდი და შემდეგ კიდევ სხვა პროექტი დავწერე, რის შედეგადაც გავხსენი ყვავილების მაღაზია.
ამჟამად მაქვს ორი დიდი სათბური და ერთი მაღაზია დარჩელში. სოფელი დარჩელი, თავის მხრივ, დიდი სოფელია, ანაკლიიდან და მოსაზღვრე სოფლებიდანაც მყავს კლიენტები, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა ღამის 12 საათზეც დასჭირვებიათ ყვავილები და ქალაქშიც წამიღია მიტანის სერვისით.
ვფიქრობ, ქალი აუცილებლად უნდა იყოს ეკონომიკურად დამოუკიდებელი. მნიშვნელოვანია, რომ რაღაც აუცილებლად ჰქონდეთ ქალებს მიზნად დასახული, რომ თავად მიაღწიონ ყველაფერს. როცა ეკონომიკურად დამოუკიდებელი ხარ, შემოსავალი გაქვს, მაშინ ხარ ძლიერი და საკუთარ თავს ეკუთვნი, არავისზე ხარ დამოკიდებული და მიმაჩნია რომ ასე უნდა იყოს ყველა. მე მიზანი დავისახე, რის გამოც პატარა ბავშვსაც ვტოვებდი, მითუმეტეს რომ ბუნებრივ კვებაზე მყავდა და თბილისში მიწევდა ტრენინგებზე სიარული. ძალიან ვიწვალე, მაგრამ მიზანი მქონდა დასახული და მივაღწიე, საბოლოოდ ყველაფერი დამიფასდა.