GEO
August 02, 2023
ანი ომანიძე ოზურგეთიდან

მე ვარ ანი ომანიძე, 28 წლის. დავიბადე და გავიზარდე თბილისში. დედაქალაქში ვცხოვრობდი გათხოვების შემდგომაც, თუმცა, პანდემიის პერიოდში, მომიწია სოფლად გადმოსვლამ, რაც არცთუ ისე მარტივი გადაწყვეტილება იყო. არ დაგიმალავთ და ძალიან გამიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება.

თუ მანამდე ძალიან აქტიური და ხალისიანი ვიყავი, პანდემიის პერიოდმა და გარემოს მოულოდნელმა შეცვლამ ეს ყველაფერი შეცვალა. უიმედობამ შემიპყრო, მივივიწყე პროფესია, რომელიც ძალიან მიყვარდა - იურისტი ვარ. ვერსად ვხედავდი ჩემი პროფესიული განვითარებისთვის შესაფერის ასპარეზს და რეალიზების ერთადერთ სფეროდ ოჯახში დიასახლისობა შემომრჩა. მაშინ ერთი შვილი მყავდა, ახლა უკვე ორი გოგოს დედა ვარ.

არ დაგიმალავთ, ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე უიმედო, მხრებჩამოყრილი პერიოდი, ვიყავი ძალიან მოდუნებული, უენერგიო, უხალისო, სახლიდან თითქმის არ გავდიოდი, ერთი სიტყვით, ჩემს ნაჭუჭში ვიყავი გამოკეტილი.

ზუსტად მაშინ გავიგე „ფონდი ტასოს“ შესახებ. ამ პერიოდში ორგანიზაცია ეკონომიკური გაძლიერების პროგრამას ახორციელებდა სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, რომლის მონაწილეც იყო ჩემი მეზობელი - ირინა ლაბაძე. სწორედ ირინას დაჟინებული თხოვნით მივმართე „ფონდ ტასოს“ და მადლობა ირინას ამისთვის.  იმ დროისთვის ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტი დასრულებული იყო და იწყებოდა საგანმანათლებლო, ცნობიერების ასამაღლებელი პროგრამა, რაშიც დაუფიქრებლად ჩავერთე. „ფონდი ტასოს“ მხარდაჭერით გავიარე ბევრი ძალიან კარგი ტრენინგი, დავიბრუნე საკუთარი თავის რწმენა, აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა საგანმანათლებლო კურსის მსვლელობაში და დაუბრკოლებლად გამოვხატავდი საკუთარ აზრს, გავიცანი „ფონდი ტასოს“ წარმომადგენლები, სხვადასხვა ორგანიზაციის პროფესიონალი ტრენერები და სოფლად მცხოვრები უძლიერესი ქალები, აქტიურად დავდიოდი შეხვედრებზე. თანაც ამ პერიოდს დაემთხვა ჩემი უმცროსი შვილის დაბადება და მახსოვს, ბიზნეს ტრებინგის შემაჯამებელ-საპრეზენტაციო შეხვედრაზე, ქუთაისში, 4 თვის ქეთასთან ერთად და არასდროს დამავიწყდება ის ემოცია, რომელიც მისმა დანახვამ გამოიწვია. ასევე, 7 თვის ასაკში წაყვანილი მყავდა სოფელ ხიდისთავში - „სკიჯის სახლში“ გამართულ კონფერენციაზე.  

ამავდროულად, დახმარების ხელი გამომიწოდა ჩვენმა სათემო მუშაკმა ქალბატონმა ლია კოტრიკაძემ და მიმიწვია თანამშრომლად თავის სათემო ფონდ „ლოტუსში“, სადაც აქტიურად ვწერდით პროექტებს და ვგეგმავდით სხვადასხვა აქტივობებს. „ფონდი ტასოს“ მხარდაჭერით განვახორციელეთ ბევრი კარგი პროექტი, ერთ-ერთი იყო სოფლად მცხოვრები ქალებისთვის კომპიუტერის შემსწავლელი კურსების განხორციელება ოზურგეთის ტექნოპარკში, სადაც 12-მა მოტივირებულმა ქალმა შეიძინა კომპიუტერისა და კომპიუტერული პროგრამების  გამოყენების საბაზისო ცოდნა.

იქვე აღმოვაჩინე, რომ ძალიან კარგად გამომდის ხეზე მუშაობა და შევისწავლე კიდევაც ლაზერით ხის ნაკეთობების დამზადება. დავამზადე უამრავი ნივთი. მაქვს გვერდიც „ანიკოს ხელები“, სადაც ხდება ჩემი ნამუშევრების ამსახველი ფოტოების განთავსება და მათი რეალიზება.  

ამ დროის განმავლობაში ისე გამოვცოცხლდი და ახალმა გამოცდილებებმა ისე შთამაგონა, რომ გადავწყვიტე, დამატებით ჩამებარებინა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. გავხდი ადვოკატი სამოქალაქო-ადმინისტრაციული მიმართულებით. პარტნიორ ადვოკატთან, ქალბატონ ინგა ყიფიანთან ერთად ოზურგეთში დავაფუძნე იურიდიული დახმარების ბიურო „ხელი-ხელს“, სადაც მოსულ კლიენტს ვთავაზობთ იურიდიული მომსახურების სრულ სერვისს.

ჩვენს აჩქარებულ ცხობრებაში, საკმაოდ რთულია საჭირო დრო დაუთმო იურიდიულ საქმისწარმოებას, მაშინ, როდესაც თუნდაც ყველაზე მარტივი საქმისთვის ადამიანს გიწევს სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანოში სიარული, საბუთების მოგროვება და სასურველი შედეგის მიღება.

სწორედ ამიტომ, მომხმარებელს ვთავაზობთ სერვისის ახალ ხაზს - იურიდიული საქმის მოგვარება დისტანციურად. ეს ნიშნავს, რომ მას მხოლოდ მოლაპარაკების დროს უწევს მოსვლა, ნოტარიუსთან რწმუნებუნების (მინდობილობის) გაფორმება, შემდეგ კი მთელ საქმეს ვაკეთებთ ჩვენ, ეს იქნება საბუთების მოგროვება, განცხადებების შეტანა, ხელშეკრულებების მომზადება,  მიწის გაფორმებასთან დაკავშირებული საკიხები, განქორწინება/ალიმენტის განსაზღვრა; მშობლის უფლების შეზღუდვა/ჩამორთმევა; არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა; საოჯახო საქმეებთან დაკავშრებული ქონებრივი საკითხების განხილვა; სამემკვიდრეო სამართლის თავისებურებანი; არასრულწოვნის თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება; იურიდიული მნიშვნელობის მქონდე ფაქტის დადგენა; ასევე; სხვა უდაო წარმოების განხილვას; საცხოვრებელი ფართის რეგისტრაცია, საბანკო დავებზე მომსახურეობა  და სხვა.

ასევე, ჩვენ ვემსახურებით ემიგრანტებს, სხვა ქვეყანაში თუ ქალაქში მყოფ პირებს დისტანციურად. ამ შემთხვევაში, აუცილებელია, რომელიმე სანოტარო ბიუროში მის მიერ მოგვენიჭოს წარმომადგენლობის უფლება, სადაც გაცემული მინდობილობის საფუძველზე, თავისუფლად განვახორციელებთ იურიდიულ მომსახურებას.

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს საქმიანობაში პრაქტიკული დატვირთვა შეიძინა ყველა იმ კომპეტენციამ, რაც „ფონდი ტასოს“ მიერ შემოთავაზებული საგანმანათლებლო კურსებიდან შევიძინე, იქნება ეს კომუნიკაციის უნარები, მარკეტინგი, სოცმედიის მართვა თუ სხვა. თავად ვუმკლავდები სხვადასხვა საქმიანობას და შეიძლება ითქვას, რამდენიმე ადამიანის საქმეს ვითავსებ. მაგალითად, მე შევიმუშავე ბიუროს საკომუნიკაციო სტრატეგია, შევქმენი გვერდი „ხელი ხელს“ სოციალურ ქსელში, ვიღებ ვიდეო რგოლებს და ვავრცელებ. მართალია, გურიის მასშტაბით სულ 14 ადვოკატი მუშაობს და კონკურენცია დიდი არ არის, ციფრულ ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანია, გაზარდო წვდომა შენს რესურსებზე, ხშირად ადამიანებმა არც იციან, რომ აქვთ ან არ აქვთ ამა თუ იმ საქმიანობის ან ქმედების უფლება. ამიტომ გადავწყვიტე ცნობიერების ასამაღლებელი მოკლე ვიდეო რგოლების ჩაწერა. უკვე ოცამდე რგოლი ჩავწერე და ახლა ვამუსავებ. ეტაპობრივად გავავრცელებ სხვადასხვა სოციალურ ქსელში. დიდი იმედი მაქვს, ეს ადამიანებს დაეხმარება ინფორმირებულობის გაზრდაში.

ახლა თავს გაცილებით მნიშვნელოვნად ვგრძნობ, რადგან ვიპოვნე ჰარმონია საკუთარ თავთან, ვდგავარ ხალხის სამსახურში და შემიძლია მათი დახმარება. ეს არის ის მდგომარეობა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი.

ქალის საქმიანობა ოჯახში ძალიან დაუფასებელია, არადა, ყოველღიურობა დიდ შრომას მოითხოვს. მინდა, მივმართო იმ ქალებს, ვინც ფიქრობს, რომ არაფერი შეუძლიათ, არაფერი გამოუვათ, არ აქვთ საკმარისი ძალები: გეტყვით, რომ სამყაროში არ არსებობს ქალზე ძლიერი არსება, ზუსტადაც რომ ყველაფერი შეგვიძლია, ყველაფერი გამოგვივა და ყველაფრისთვის გვაქვს საკმარისი ძალა! ზუსტად ახლაა ჩვენი დრო. მე გამომივიდა - შენც გამოგივა!

ბოლოს, დავაფიქსირებ ჩემს დიდ მადლიერებას, პატივისცემასა და სიყვარულს „ფონდი ტასოს“ მიმართ, მადლობა ჩემს ცხოვრებაში გამოჩენისთვის!



 

News
The members of the Taso Foundation team held project presentation...
March 30, 2024
The members of the Taso Foundation team held project presentation...
March 29, 2024