ENG
სამწუთიანი ფილმების კონკურსი 2023
კონკურსის შესახებ

15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, „ფონდი ტასო“ იწყებს კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ვაცხადებთ სამწუთიანი ფილმების კონკურსს სოფლად მცხოვრები ქალების თემაზე. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს სურვილი, ვიზუალური თხრობის გზით გადმოსცეს სათქმელი ორიგინალურად, გასაგებად და საინტერესოდ, საკუთარი წვლილი შეიტანოს სოფლად მცხოვრები ქალების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, დააფიქროს მაყურებელი მნიშვნელოვან პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

კონკურსში მონაწილეობის პირობები

  • ფილმის მთავარი გმირი უნდა იყოს სოფლად მცხოვრები ქალი;
  • ფილმი უნდა ეხმიანებოდეს შემდეგი სამიდან ერთ-ერთ საკითხს: მიგრაცია, ბუნებრივი კატასტროფები და კონფლიქტები;
  • ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, თუმცა, შეიძლება იყოს ნაკლები;
  • ფილმი უნდა იყოს ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით;
  • ფილმის ჟანრი შესაძლოა იყოს: მხატვრული, დოკუმენტური, მხატვრულ-დოკუმენტური, ექსპერიმენტული და ანიმაციური. 
  • ფილმის ფორმატი უნდა იყოს HD;
  • ფილმი კონკურსში მონაწილეობამდე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული და არ უნდა გამოქვეყნდეს სხვა პლატფორმაზე კონკურსის დასრულებამდე. 

ნამუშევრების შეფასება

საკონკურსო ფილმებს შეაფასებს სპეციალურად მოწვეული ოთხწევრიანი ჟიური. შეფასება მოხდება ორ ეტაპად, მეორე ეტაპზე გადასული ათი  ფილმიდან სამი გამარჯვებული ფილმის ავტორი გამოვლინდება 15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების დღისადმი მიძღვნილი კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე. 

ფილმები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • თემის წარმოჩენა; 
  • ორიგინალური იდეა;
  • შემოქმედებითი მიდგომა;
  • ვიზუალური თხრობის ტექნიკა;
  • ხმისა და გამოსახულების ხარისხი;
  • ეთიკის სტანდარტების დაცვა.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა:

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 8 ოქტომბერი. ინფორმაცია მეორე ეტაპზე გადასული ფილმების შესახებ ცნობილი გახდება 12 ოქტომბერს

3 გამარჯვებული ფილმი დასახელდება 15 ოქტომბერს და ეტაპობრივად გავრცელდება „ფონდი ტასოს“ ონლაინ პლატფორმებზე.


საპრიზო ფონდი:

I ადგილი - 2000 ლარი

II ადგილი - 1500 ლარი

III ადგილი - 1000 ლარი

სააპლიკაციო ფორმა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.