თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან თვითმმართველობის ხარისხის ასამაღლებლად და გენდერულად პასუხისმგებელი ბიუჯეტირებისთვის
ეს სამუშაო მიმართულება წარმოიშვება და მზადდება სათემო მობილიზაციის პროცესში, როგორც თვითდახმარების ჯგუფთა თემის საკეთილდღეოდ მიმართული ერთ-ერთი საქმიანობა და, თანდათანობით, წარმატებით ვითარდება იმის შესაბამისად, თუ რამდენად შედეგიანი და თვალსაჩინოა მობილიზებულ ჯგუფთა/სათემო მობილიზაციის ლიდერთა საქმიანობა თემში.
ასეთი განვითარების შემთხვევაში, შეძენილი ცოდნა-გამოცდილებით და თემის ნდობით გაძლიერებული ჯგუფები/ლიდერები თამამად შედიან დიალოგში ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებელ პირებთან, როგორც თემისგან უფლებამოსილი წარმომადგენლები, და საბოლოოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის მოქმედი პირნი.
ასე ხორციელდება და უმჯობესდება თვითმმართველობა და, მათ შორის – ეროვნული კანონმდებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.
სამუშაო მიმართულება მოიცავს:
- სწავლება (ტრენინგ-სემინარები და პერიოდული საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრები) ჩამოყალიბებული თვითდახმარების ჯგუფებისთვის, მოსახლეობის დაინტერესებული წარმომადგენლებისა და თვითმმართველობის პასუხისმგებელ პირთათვის; თემები: ეროვნული კანონმდებლობა თვითმმართველობის შესახებ, მიღებული პროცედურები და მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში;
- თვითდახმარების ჯგუფები ატარებენ მოკვლევას საგანგებოდ შედგენილი კითხვარის მიხედვით: თემის პროფილი;
- თვითდახმარების ჯგუფები ატარებენ მოსახლეობის გამოკითხვას/მოკვლევას სოფლის პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ; დიალოგს მართავენ თემის რწმუნებულთან /თანამშრომლებთან და თემის დეპუტატთან, და მათთან ერთად ადგენენ სოფლის გადაუდებელი საჭიროებების სიას; სწავლობენ ამ საკითხებს და ემზადებიან უპირატესი მნიშვნელობის მქონე საკითხთა წარსადგენად ადგილობრივი, მუნიციპალური თვითმმართველობის არჩევითი და აღმასრულებელი შტოების პასუხისმგებელ პირთა კრების წინაშე;
- მუნიციპალური თვითმმართველობის სივრცეში ტარდება შეხვედრები, სადაც თემის წარმომადგენლები წარადგენენ მომზადებულ საკითხებს, თვითმმართველობის პასუხისმგებელი პირნი პასუხობენ და ვარაუდობენ საკითხთა გათვალისწინებას ადგილობრივ დაგეგმარებასა და ბიუჯეტირებაში; ხდება შეხვედრის დოკუმენტირება/დაოქმება. ოქმი მიეწოდება, მათ შორის – ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებელ პირებს.
- თვითდახმარების ჯგუფები მონიტორინგს უწევენ პასუხისმგებელ პირთაგან გაცემული `დაპირებების~ განხორციელების საქმეს.