ENG
სათემო ფონდები
სოფელ წინწყაროში მცხოვრები დევნილი ქალებისგან 2010 წელს, „ფონდი ტასოს“ მხარდაჭერით თვითდახმარების ჯგუფები ჩამოყალიბდა.        2013 წლის 1 ივლისს ჯგუფი ააიპ „სათემო ფონდი კოდორი 2013“- ის სახელწოდებით  დარეგისტრირდა.  2015 წლიდან ორგანიზაციას გააჩნია საკუთარი ოფისი, საჭირო ინვენტარი და ადამიანური მოხალისეობრივი რესურსი.  გაიზარდა ორგანიზაციის საქმიანობის  ცნობადობა, ნდობა, ცოდნა და საქმიანობის გამოცდილება, ადვოკატირების შედეგად, გადაიჭრა თემის მნიშვნელოვანი პრობლემები.  
 
ორგანიზაცია „ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა“ 2021 წელს დაარსდა. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების  განვითარებისა და  საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის ხელშეწყობისთვის. მისი მიზანია ახალგაზრდების უფლებებისა და თავისუფლების დაცვის, მათი ნიჭისა და უნარის განვითარების და საზოგადოებაში დამკვიდრების მხარდაჭერა.
 
„სათემო ფონდი ეგრისი“, როგორც ორგანიზაცია,  2012 წელს დარეგისტრირდა. ფონდი შემდეგი მიმართულებებით საქმიანობს: სათემო განვითარების ხელშეწყობა ქალთა ლიდერობით, ქალთა ჩართულობის უზრუნველყოფა სამშვიდობო პროცესებში, საარსებო გარემოს დაცვა, ახალგაზრდების საზოგადოებრივი საქმიანობის ხელშეწყობა, ქალთა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.
 
სათემო ფონდი „ლელი“ 2007 წლის 22 აგვისტოს დარეგისტრირდა. დაარსების დღიდან ორგანიზაცია, ეროვნულ დონეზე, ადგილზე და ციფრული პლატფორმების საშუალებით ქვეყნის მოსახლეობას სთავაზობს პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებას სხვადასხვა  საგანმანათლებლო,  კულტურული და სპორტული პროგრამების საშუალებით. ახორციელებს ინტერესთა დაცვის კამპანიებს, მათ შორის ეთნიკურ ჯგუფებს ხელს უწყობს არსებულ საზოგადოებაში ინტეგრაციაში.
 
სათემო ფონდი ლოტუსი, შეიქმნა პროექტის ფარგლებში - ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის“. ფონდი, რომლის მიზანია სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო,  ან საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის ხელშეწყობა, დარეგისტრირდა 2021 წლის 20 იანვარს. ფონდი თავის საქმიანობას ოზურგეთის რეგიონში ახორციელებს და აქტიურად მუშაობს ქალებისა და გოგონების გაძლიერების მიმართულებით.
 
სათემო ფონდი „ნეფა“ 2012 წელს დარეგისტრირდა. ფონდის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს    სათემო განვითარება, სოციალური და ეკონომიური გაძლიერება ქალთა ლიდერობით;   ქალთა ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში, უსაფრთხოების უზრნველყოფის ხელშეწყობა და მშვიდობის კულტურის დანერგვა საზოგადოებაში;  დაუცველი სოციალური ჯგუფების, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური ინტეგრაციისა და განვითარების ხელშეწყობა;  ქალთა უფლებების დაცვა და ადვოკატირება;  საარსებო გარემოს დაცვა;   ახალგაზრდების საზოგადოებრივი საქმიანობის ხელშეწყობა; დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა საქართველოში;  შშმ პირებზე ზრუნვა და მათი ინტეგრაცია თემში.
 
,,სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისათვის”, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია, დაფუძნდა და მუშაობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში 2009 წლის 7 ოქტომბრიდან. დაარსების დღიდან, ორგანიზაცია არის ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის (ძდექი) წევრი. აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, როგორც ადგილობრივ, მუნიციპალურ და რეგიონულ, ასევე ეროვნულ დონეზე. ორგანიზაცია ცნობადია თავისი სამუშაო ბიოგრაფიით და განხორციელებული აქტივობებით, როგორც მუნიციპალურ, ასევე რეგიონულ დონეზე როგორც მისი ძირითადი ბენეფიციარებისთვის, აგრეთვე ახალგაზრდებისთვის და მოსახლეობის სხვა დაინტერესებული ნაწილისთვის.  ორგანიზაციას აქვს ფილანთროპიული მუშაობის გამოცდილება, რის შედეგად გაიზარდა მოხალისეთა რიცხვი და ჩართულობა მათ საქმიანობაში, თემის საკეთილდღეოდ.
 
ორგანიზაცია ,,ქალები რეგიონის განვითარებისათვის” 2008 წლის მაისში  შექმნილი საინიციატივო ჯგუფის ბაზაზე ჩამოყალიბდა და 2010 წელს დარეგისტრირდა (ააიპ). ის შემდეგი მიმართულებებით მუშაობს: გრანტგაცემა, ოჯახში ძალადობისა და გენდერული თანასწორობის საკთხები, ახალგაზრდული კლუბი, სათემო გაზეთის გამოცემა. ორგანიზაცია იზიარებს სოციალური სამართლიანობის პრინციპებს და აქტიურად არის ჩართული ქალებისა და ახალგაზრდული ჯგუფების გაძლიერების საკითხებში.
 
„შიდა ქართლის სათემო ფონდი მშვიდობისა და განვითარებისათვის“  2012 წლის 29 მაისს დარეგისტრირდა. ფონდი ჩამოყალიბდა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ფონდი ტასოს“ ხელშეწყობით. მისი დამფუძნებლები არიან ქალთა თვითდახმარების ჯგუფების ლიდერი ქალები. ორგანიზაცია მდებარეობს საოკუპაციო ხაზთან ორ კილომეტრში, მუშაობს ადგილზე და კარგად იცნობს საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობისა და კომპაქტურად დასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა  საჭიროებებსა და პრობლემებს.
 
ფონდი „წინ ახალი შესაძლებლობებისკენ“ 2021 წლის 12 სექტემბერს დარეგისტრირდა. ორგანიზაციის მიზანია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების ცხოვრების გახალისება, გამოცოცხლება და სამოქალაქო ცნობიერების დონის ამაღლება, ცოდნისა და უნარ-ჩვევების გავრცელება, თვითრეალიზება, ახალგაზრდების მოტივირება და ჩართულობა, დასაქმების ახალი შესაძლებლობების გამოვლენა, რათა მათ აღარ უწევდეთ მუნიციპალიტეტის დატოვება და შეძლონ ადგილზე თვითრეალიზება.  
 
ორგანიზაცია „კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი“ 2010 წელს დაარსდა და მას შემდეგ ქალთა უფლებების მიმართულებით მუშაობს.ცენტრი არის ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის წევრი, რაც მას შესაძლებლობას აძლევს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს იურიდიული და სხვა სახის მომსახურება გაუწიოს. 2013 წლიდან „კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი“ სათემო ფონდად დარეგისტრირდა. 
 
„ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ დაარსდა 2015 წელს, როგორც საინიციატივო ჯგუფი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლში. 2018 წელს ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის  ცოდნის დონის ამაღლება სამოქალაქო განათლების შესახებ, მნიშვნელოვანი კანონების გაცნობა, რათა მათ უკეთ შეძლონ საზოგადოებაში საკუთარი თავის  რეალიზება.