მუშაობის ეს მიმართულება ფონდმა 2010 წელს დაიწყო, როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის (მაშინ – გაეროს ქალთა ფონდის) პარტნიორმა ორგანიზაციამ ფუნქციით – სათემო მობილიზაცია დევნილთა და კონფლიქტებით დაზარალებულთა თემებში. სოციალური მობილიზაციის გამოყენებითი მეთოდი, რომელიც ფონდმა 2010 წელს აითვისა და ადგილობრივ კონტექსტის საჭიროებების მიხედვით გადაამუშავა, გულისხმობს გრძელვადიან და თანმიმდევრულ მუშაობას მობილიზებული სათემო ჯგუფების ჩამოსაყალიბებლად, გასავითარებლად და გასააქტიურებლად საქმიანობებისთვის თემის საკეთილდღეოდ. მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ მეთოდი ქმნის განუსაზღვრელ შესაძლებლობებს შემდეგი მიმართულებებით: ქალთა ლიდერობა და ქალთა საზოგადოებრივი და პოლიტიკური მონაწილეობა, მოხალისეობის კულტურის დანერგვა, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა, უშუალო დემოკრატიის ფორმების ჩამოყალიბება (`ქვემოდან ზემოთ~ განვითარებული დემოკრატია).
ფონდი ტასო მუშაობას სოციალური მობილიზაციის გამოყენებითი მეთოდით და ცდილობს მაქსიმალურად გაავრცელოს სათემო მობილიზაცია საქართველოს სოფლებში (მათ შორის – ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში) და დევნილთა სასოფლო დასახლებებში.
სამუშაო მიმართულება მოიცავს:
•სამიზნე თემთა შერჩევას თემის წარმომადგენელთა ნებაყოფლობითი და გაცნობიერებული თანხმობისა და ინტერესის საფუძველზე;
•სათემო მუშაკების შერჩევასა და გადამზადებას სათემო მობილიზაციის მეთოდოლოგიაში;
•თვითდახმარების ჯგუფთა ჩამოყალიბებას სამიზნე თემებში, მათ სწავლება-განვითარებასა და მოხალისეობრივ სოციალურ აქტივიზმს თემის საკეთილდღეოდ;
•მცირე გრანტების პროგრამას მდგრადი თვითდახმარების ჯგუფებისთვის;
•საგანმანათლებლო-სატრენინგო პროგრამას თვითდახმარების ჯგუფებისთვის და თემის მოსახლეობისთვის: ქალთა უფლებების საკითხები და პროფესიული ტრენინგები;
•სათემო სარესურსო ცენტრების შექმნასა და ამუშავებას მოსახლეობის საკეთილდღეოდ;
•თემის საჭიროებების მოკვლევას და თანამშრომლობას თვითმმართველობასთან სათემო განვითარებისთვის;
•მონაწილეობას გენდერისა და ქალთა ადამიანის უფლებების სფეროში ეროვნული კანონმდებლობის გაუმჯობესების საქმეში და კანონმდებლობის განხორციელების პრაქტიკის ხელშეწყობას (ადვოკატირება);
•დოკუმენტური ფილმებსა და პუბლიკაციებს სოციალური მობილიზაციის შესაძლებლობებისა და მეთოდოლოგიის გასავრცელებლად ქვეყანაში.