თუშური ქრონიკები
რეზიუმე
მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიას თუ რეტროსპექტულად გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მსოფლიო მნიშვნელობის ყოველგვარი კატაკლიზმები თავისებურ ასახვას ჰპოვებდა ქვეყნის საზღვრისპირა რეგიონებზე, განსაკუთრებით მის იმ ნაწილებზე, სადაც ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავებული ხალხებით დასახლებული ტერიტორიები ემიჯნებოდა ერთმანეთს. ასეთ ~ რეგიონთა რიცხვს მიეკუთვნება თუშეთიც, რომელსაც ჩრდილოეთიდან ჩეჩნეთი ესაზღვრება, ხოლო აღმოსავლეთიდან _ დაღესტანი. აქ მოთხრობილი ამბები თუშეთიდანაა და თუშეთში მიმდინარე მოვლენებს შეეხება. ორმა, ერთიმეორისაგან ორიოდე ათწლეულით დაცილებულმა პერიოდმა დატოვა თუშეთის მოსახლეობაზე შთამბეჭდავი გავლენა და მათ მეხსიერებასაც ყველაზე ცხადად ამ დროის ამბები შემორჩა. ერთია რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდგომი პერიოდი, საქართველოში მენშევიკური მმართველობის წლები და მეორე მსოფლიო ომის პერიოდი. 1917 წლის შემდეგ, როგორც საერთოდ დამახასიათებელია პოსტრევოლუციური ხანებისთვის, საქართველოში დაიწყო კრიმინალური ბანდების თარეში. განსაკუთრებით გამწვავდა ვითარება საზღვრისპირა რეგიონებში და, ცხადია, თუშეთშიც. ჩრდილოეთიდან ჩეჩნების და აღმოსავლეთიდან ლეკების რაზმებმა იწყეს თავდასხმები თუშეთის სოფლებზეც და ველად მობალახე პირუტყვის ფარებსა და ჯოგებზე. ამათ თავდასხმებს აქედან თუშებმაც თავდასხმებითვე უპასუხეს და გაჩაღდა გაუთავებელი ურთიერთმიხტომები, ძარცვა, ტაცება და არაიშვიათად
მკვლელობებიც როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ამან კი შედეგად ის გამოიღო, რომ მე-20 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისიდან თუშეთის განაპირა, ჩეჩნეთის მომიჯნავე, სოფლები მოსახლეობისაგან დაიცალა უმეტესობა ბარში ჩასახლდა, ნაწილი კი ქვემოთა სოფლებს შეეხიზნა თუშეთშივე. ამან დაუდო სათავე თუშეთიდან მოსახლეობის მასობრივ მიგრაციებს, რაც 50-იან წლებში თუშების მთლიანად ბარში ჩამოსახლებით დამთავრდა. აი ამ ფაქტებზე გვიამბობს აქ მოთხრობილი ამბების ერთი ნაწილი.
«ზეპირი ისტორიები»-ს მეორე ნაწილი მოგითხრობს 1942-43 წლის ზამთარში თუშეთშიმოქმედი ორგანიზაციის, «სამანის», შესახებ. ომის დაწყებისთანავე საქართველოში შეიქმნაიატაკქვეშა ორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ შეიარაღებული გამოსვლების მოწყობა და ხელის შეწყობა გერმანიის ჯარებისათვის საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაში. ამ გზით ფიქრობდნენ ისინი საქართველოს რუსეთის იმპერიისაგან განთავისუფლებას. 1941 წლის შემოდგომაზევე ეს ორგანიზაცია ჩავარდა და დაიწყო ორგანიზაციის წევრების დაპატიმრება. ორგანიზაციის ორმა აქტიურმა წევრმა ადამ ბობღიაშვილმა და მიხეილ იმედიძემ თბილისიდან თავი დააღწია და კახეთის ტყეებს შეეხიზნა. მათ კახეთში და თუშეთში შექმნეს ახალი ორგანიზაცია «სამანი» (საქართველოსთვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტი). 1942 წლის შემოდგომაზე ორგანიზაციის მეთაურები თუშეთში გადავიდნენ. მათი მიზანი იყო თუშეთის ტერიტორიაზე მომხრეების შემოკრება და ჩეჩნეთში მოქმედ ანტისამთავრობო შეირაღებუფორმირებებთან კოორდინაციის დამყარება. პირველი მიზანი მათ განახორციელეს, მეორე ვერა: ზამთრის პირობებში თუშეთ-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი უღელტეხილი ვერგადალახეს, დარჩნენ თუშეთში და იქ გააჩაღეს ანტისამთავრობო საქმიანობა. გაზაფხულისთვის ელოდებოდნენ გერმანიის ჯარების გადმოსვლას და ფიქრობდნენ, აქ
დაეხვედრებინათ მათი მომხრე ორგანიზაცია. ინფორმაციული ვაკუუმის გამო მათ ფრონტის ამბებისა და გერმანიისა და საბოთა ჯარებში ძალთა თანაფარდობის შეცვლის შესახებ არაფერი იცოდნენ. 1943 წლის ადრიან გაზაფხულზე თუშეთში გადავიდა შინსახკომის ჯარის ნაწილი გამოცდილი ჩეკისტის კვაშალის მეთაურობით. კვაშალმა მოახერხა ამ ორგანიზაციის ლიკვიდაცია: შეთქმულთა ნაწილი მან გადმოიბირა, ნაწილი დააპატიმრა, მეთაურები კი ფიზიკურად გაანადგურა. აი ამ ამბებზე გვიამბობენ მთხრობელები, რომელთაგან ზოგი თვითმხილველია, ზოგი შეთქმულების მონაწილე ან მონაწილეთა ახლობლები. ეს მონათხრობები მნიშვნელოვანია იმდროინდელი პერიპეტიების გასაშუქებლად, რაც აქამდის ნაკლებად იყო ცნობილი საზოგადოებისა და ისტორიისათვის. ზეპირგადმოცემათა მთხრობელები ქალებიც არიან და კაცებიც. წარმოდგენილ მასალაზე
დაკვირვებამ აჩვენა ქალთა მონათხრობების რამდენიმე საგულისხმო თავისებურება: ქალთა მეხსიერება ბევრად უკეთ ინახავს მომხდარი ამბების პერიპეტიების სიზუსტეს, ვიდრე კაცებისა. ქალები უფრო შთაბეჭდილებიანები არიან, ვიდრე კაცები, ამიტომ თვითნანახიცა და სხვისგან მოსმენილიც მათს გრძნობა-გონებაზე ცხოველ კვალს ტოვებს და იგი დიდხანს ინახება, რაც მათს ნაამბობშიც აისახება. ამიტომ მათი მონათხრობი მკითხველისთვის ბევრად საინტერესოა, ვიდრე იმავე მოვლენის მამაკაცისმიერი ნაამბობი. ამის ერთი ნათელი მაგალითი წინამდებარე წიგნშიცაა წარმოდგენილი: 1943 წლის გაზაფხულზე თუშეთში
მოქმედი წინააღმდეგობის მოძრაობის «სამანის» მონაწილეთა ერთი შვიდკაციანი ჯგუფი შეეცადა თუშეთიდან გამოღწევას. მთავრობამ მათ მდევარი დაადევნა. ლტოლვილებსა და მდევარს შორის სროლა გაიმართა, რომლის დროსაც სამი სამანელი დაიღუპა. ამ ამბის შესახებ მე ხელთ მქონდა ორი მონათხრობი: ერთი თვით ამ შემთხვევის მონაწილის, მათე წვერაიძისა, რომლის ნასროლითაც დაიხოცნენ სამანელები, მეორე მისი მეუღლისა, რომელმაც, ცხადია, მათეს ნაამბობიდან იცოდა ეს ყველაფერი. კაცის ნაამბობი მშრალია, მხოლოდ ფაქტების გადმოცემაა, მკითხველი ვერ გრძნობს სიტუაციის სიმძაფრეს. ცოლის
მონათხრობი კი იმდენად შთამბეჭდავია, რომ მკითხველი ცხადად შეიგრძნობს ამბის მთელ დრამატულობას, თითქოს ფეხდაფეხ მიჰყვება მდევარს და თვითმხილველია ყველა სიტუაციისა, რაც იქმნება დევნილებსა და მდევარს შორის. ნახევარსაუკუნოვანმა პერიოდმა გაანელა მოვლენების მონაწილის განცდები და თითქოს დაავიწყა კიდეც სიტუაციის წვრილმანი დეტალები. მისი ცოლის არა მხოლოდ გონებას, არამედ გრძნობებსაც ცხოვლად შემორჩა ის შთაბეჭდილებები, რაც მოახდინა თავის დროზე მისი ქმპრის თავსგადახდენილმა ამბებმა. ამიტომ ამ წიგნში სწორედ ქალის ნაამბობი შევიდა და არა კაცისა, რომლის უპირატესობა მხოლოდ ისაა, რომ იგი მონაწილეა მის მიერ მოთხრობილი ამბებისა. ასეთივე ცხოველმყოფელობა ახასიათებს სხვა ქალებისგან მოსმენილ და ჩაწერილ «ისტორიებსაც». მაშო გიუნაიძე მოგვითხრობს თუშეთის სოფელ დადიკურთიდან ჩეჩენთა ჯგუფის მიერ პირუტყვის დატაცების ამბავს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთი მშვენიერი მოთხრობაა მოვლენათა განვითარების დრამატულობით აღბეჭდილი, რომელშიც დაკვირვებული თვალი ადვილად დაინახავს მხატვრული თხზულებისთვის
ნიშანდობლივ სიუჯეტური ხაზის დინამიკასაც კი: მთის სოფლის ნისლიანი დილა. საძოვარზე ახლად გადენილი პირუტყვი სოფლის სიახლოვეს ბექებიან ფერდობზე ბალახობს, მენახირე ბიჭიც იქავე ბექობზე ზის. ამ დროს შენიშნავს ფერდობზე სირბილით მომავალ რამდენიმე შეიარაღებულ კაცს. მას ისინი ქისტეთის სამხედრო ექსპედიციიდან დაბრუნებული თუშები ჰგონია, მაგრამ როცა ნახირს წამოუვლიან და გაირეკავენ, მიხვდება, რომ ესენი მეკობრეები არიან და თავქუდმოგლეჯილი გაიქცევა სოფლისკენ. მეკობრეები მას არ დაედევნებიან, პირიქით, ანიშნებენ, ნუ გეშინია, ნუ გარბიხარ, შენ არაფერს გერჩითო, მაგრამ ის მაინც შეშინებული შევარდება სოფელში და ხმას გატეხს (ეს ჩეჩნური ხელწერაა. დაღესტნელი ამ გაქცეულ ბავშვს აუცილებლად ტყვიას დაადევნებდა და არც მის მოკვლას მოერიდებოდა). სოფელში ჩოჩქოლი შეიქმნება. აქ მხოლოდ ქალები და ბავშვები არიან.
ყველა მამაკაცი ან იმ სამხედრო ექსპედიციაშია, ან ბარად, ცხვრის ფარებთან, საზამთრო საძოვრებზე. აღმოჩნდება, რომ სოფელი ალყაშია მოქცეული, რათა არავინ გავიდეს და მეზობელ სოფლებს არ შეატყობინოს. ერთი ქალი მაინც გაეპარება მოალყეებს, მაგრამ ვერავინ მოეშველება, მთელი თუშეთი დაცლილია მეომრებისაგან. მეკობრეები უპრობლემოდ გაირეკავენ მთელ პირუტყვს, ალყასაც მოხსნიან და მშვიდობიანად დატოვებენ იქაურობას. სხვა რაღა დარჩენია სოფელს ქალები დაქუჩებულან სოფლის
შუაგულში სიპი ქვების ფიქალდაგებულ საჯარეზე და კვლავ მომხდარის პერიპეტიებზე ჩოჩქოლობენ. ყვებიან ტრაგიკომიკურ სიტუაციებზე და დროდადრო თავშეუკავებელი სიცილი აუტყდებათ. ეს ან სიმწრის სიცილია, ან გამოვლინება იმ ხალხური სიბრძნისა, რომ «რასაც არაფერი ეშველება, კაცი არ უნდა გაელახვინოსო». კიდევ ერთი რამ არის ნიშანდობლივი ქალთა «ისტორიებისათვის»: აქ დაინტერესებული პირი ამოიკითხავს არაერთ საინტერესო დეტალს თუშეთის ეთნოგრაფიული რეალიების შესახებ. აი ერთი ნიმუში ამისა იმავე მაშო გიუნაიძის ნაამბობიდან: მთხრობელის მამა, დემეტრე, ქისტეთში მოკვდა ცნობილი ჯარეგის ექსპედიცის დროს. მის მოსასვენებლად წასულმა ბიძამ მის გვამს ვერსად მიაგნო. მერე ოჯახის ყურამდის მოაღწია ხმამ, რომ დემეტრე სხვის ნაცვლად მოუსვენებიათ სხვა სოფელში (ნახევრადგახრწნილი გვამების ამოცნობა ყირდა თურმე). «დედაჩემმა დააპირაო, რომ წავალ, ამოვათხრევინებ და თუმართლა ის არის, მოვასვენებო. მერე სხვებმა და სხვებმა დაუშალესო, რომო მიწას ხომ მიჰბარდაო და ნუღარ აწვალებო, ცოდვააო. აქ დაუყენე ყველანაირი წეს-რიგი, ტანსაცმელი აკურთხებინე, ის გაართვი და იგივე იქნებაო». ამ მონათხრობში ჩანს მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული რწმენა, რომ ამ ქვეყნად მის ხსოვნასთან დაკავშირებული რიტუალების წესით ჩატარება, მის სახსოვრად გაცემული მისი პირადი ტანსაცმელი და ნივთები მისი საიმქვეყნო სასუფევლის გარანტიაა. ქალთა მონათხრობებისათვის დამახასიათებელია ისიც, რომ ისინი საუბრისას კაცებზე მეტად იცავენ დიალექტური მეტყველების თავისებურებებს. კაცების მეტყველება უფრო დაახლოვებულია ლიტერატურულ ენასთან.ეს სამი რამ: მეტყველების ხატოვნება და დეტალების სიზუსტე, ეთნოგრაფიული რეალიების ასახვა და მეტყველების მკვეთრად გამოხატული დიალექტურობა გამოარჩევს ქალთა მონათხრობებს მამაკაცთა ნაამბობებისგან.
ამბები, რომლებიც აქაა მოთხრობილი, გარკვეულწილად შეპირობებული იყო იმით, რომ თუშეთი ჩეჩნეთსა და დაღესტანს ესაზღვრებოდა: პირველი პერიოდის მოვლენები, თუმცა საფუძველში ეკონომიკური ფაქტორები ედო, რამდენადმე ეთნორელიგიური კონფლიქტების იერით იყო შეფერილი; მეორე პერიოდში თუშეთში მოქმედ წინააღმდეგობის მოძრაობას იმედი ჰქონდა ჩეჩნეთში მოქმედ შეიარაღებულ ფორმირებებთან შეერთებისა და მათთან ერთად მძლავრ ძალად გადაქცევისა. ამით არის გამართლებული წიგნის სათაური:
«ჩეჩნეთისა და დაღესტნის საზღვრებთან».
გიორგი ცოცანიძე