2005 წლის აგვისტოში პროექტის ავტორმა და მეგრული ტექსტების შემკრები და გამომცემელი საზოგადოების პროგრამის შემდგენელმა მაგალი თოდუამ სოფელ სალხინოში(მარტვილის რაიონი) ჩაიწერა მეგრული ენის მასალები ლოლა ჯგერენაიასაგან, რომელსაც სწორედ იმ თვეში შეუსრულდა 90 წელი (გარდაიცვალა 2007 წლის აგვისტოში 92 წლის ასაკში). ქალბატონ ლოლას შესანიშნავი მეხსიერება და მდიდარი ლექსიკა აქვს, ახსოვს მე-20 საუკუნის დასაწყისის მოვლენები: ბოლშევიკების შემოსვლა, კოლექტივიზაცია, მეორე მსოფლიო, თბილისისა და აფხაზეთის ომები, სოციალიზმის რღვევა. ის შესანიშნავად ჰყვება, რა გავლენას ახდენდა ყოველივე ეს ღარიბი ადამიანების ცხოვრებაზე. ლოლა ნანას (ასე ეძახდნენ მას მისი გამოზრდილი როგორც თავისი, ასევე მაზლების შვილები და შვილიშვილები, ამიტომ მათი გავლენით მას მთელი სანათესავო ასე მოიხსენიებდა) იცნობდა
მთელი მარტვილის რაიონი, ჭკუის საკითხავი ქალი გახლდათ და ამიტომაც ნახავდით ყველგან: დიდ ქორწილებში თავ-ქალად და ხელმძღვანელად, გასვენებებში რიგის მიმცემად და დამრიგებლად, ავადმყოფების მომვლელად და მიცვალებულის გამპატიოსნებლად. ძლიერი პიროვნება იყო და ადამიანების ან პრობლემების მიმართ მის დამოკიდებულებას სწორედ ეს
განსაზღვრავს. ლოლა ნანა თავისი შვილებითა და შვილიშვილებითურთ ერთ დროს სოხუმში გადავიდა საცხოვრებლად. დღეს მთელი დიდი ოჯახი ლტოლვილია. თვითონ ლოლა უცხოს ბინაში ცხოვრობდა და შიშით ელოდა იქიდან გასახლებას, რასაც ძალიან წუხდა. ის სამოცდაათი წლისა იყო, როცა საკენის გზით გადმოვიდა აფხაზეთიდან, ამ პირობებში, ბუნებრივია, თავისა თუ ოჯახის წევრთა სურათებს ვერ გადმოიტანა და იმასაც წუხდა, რომ წარსულის გახსენების საშუალება არ ჰქონდა.
ლოლას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილზე უცხოვრია, რაც ძალზე საინტერესოდ აისახა მის მეტყველებაზე. მისი ნაუბარი ამჟამად ჩვენ გვაინტერესებს ენათმეცნიერული თვალსაზრისით.
ტექსტზე მუშაობის დროს ჩვენ ჩავერიეთ მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში: მრავალწერტილით აღვნიშნეთ იმ ადამიანთა გვარები, რომელთაც ლოლა ნანა უსიამოვნო ამბებთან დაკავშირებით ახსენებს; გამოვტოვეთ შეკითხვები, რომელიც სასაუბროდ
გამოსაწვევად, ან ნათქვამის დასაზუსტებლადაა დასმული; იშვიათად გადავაადგილეთ ამბები, რათა თემატურად დაგველაგებინა. ლოლა ნანას მეტყველება დაბეჭდილია უცვლელად, ისე, როგორც ის აუდიოფირზე ისმის, ამიტომ ზოგი ისეთი ახალი ნიშნის შემოღება დაგვჭირდა, რომელიც მეგრული ტექსტების გამოცემისას ჯერ არ გამოუყენებიათ (იხ. პირობითი ნიშნები).
ამ ფორმით ტექსტის საცდელი ვარიანტი უკვე დაიბეჭდა `გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში (#5. 2007. გვ. 34-53)
გამოცემა გათვალისწინებულია სამ ტომად: I ტომი დაეთმო მთლიანად ლოლა ნანას საუბარს; მეორე ტომში მოთავსდება ამ ჩანაწერის გამოუქვეყნებელი ნაწილი და სხვა ტექსტები, რომელსაც წლების განმავლობაში ვაგროვებდით და საუკეთესო მასალა იქნება მეგრული ენის ჟარგონების შესასწავლად, მესამე ტომი კი დაეთმობა ლინგვისტურ ანალიზს.
ლოლა ნანა (PDF)