ENG
01 აპრილი, 2022
ქეთი წილოსანი ლანჩხუთიდან

გამოწვევები

მე ვარ ქეთი წილოსანი, ვცხოვრობ ლანჩხუთში. მყავს ორი შვილი. ძალიან ადრე გავთხოვდი, 15 წლის ვიყავი და როგორც ხდება ხოლმე, მე და ჩემს მეუღლეს ნაადრევად შექმნილი ოჯახი მალევე დაგვენგრა. გათხოვების დღიდან წლების განმავლობაში ვიყავი სახლში. არ მქონდა არც სწავლის, არც მუშაობის შესაძლებლობა, სრულიად მოვწყდი სოციუმს. ჩემი ძირითადი საქმიანობა იყო ბავშვების აღზრდა და საოჯახო საქმე. მალე მივხვდი, რომ ამას დიდხანს ვერ გავუძლებდი, რადგან ცხოვრების ეს წესი შინაგანად არ იყო ჩემი. ბავშვობიდან ძალიან აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ვიყავი მიჩვეული და ვერაფრით ვეგუებოდი ასეთ ყოველდღიურობას. მეორეს მხრივ, ვიყავი ძალიან სტრეოტიპულად აღზრდილი და ეს სტერეოტიპები მაიძულებდა, დათმობებზე წავსულიყავი, რადგან ეს იყო მოცემულობა და ჩემი ცხოვრება იყო ასეთი, სხვა ცხოვრება მე მაშინ არ გამაჩნდა.  

ამგვარმა კომპრომისებმა ჯანმრთელობა საგრძნობლად შემირყია. შემექმნა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა ჩემმა ოჯახმა, რომ მათთან უნდა დავბრუნებულიყავი და სამკურნალოდ წამიყვანეს.  

ძალიან რთული იყო პირველი პერიოდი, როცა კრიზისული მდგომარეობიდან გამოსულმა სამსახურის ძიება დავიწყე. ვიყავი დიპლომისა და ატესტატის გარეშე. ვაკანსიები, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ მე არსად მასაქმებდნენ. ამ პერიოდს დაემთხვა სხვა სირთულეებიც, დედამ სამსახური დაკარგა და მთელი ოჯახი დავრჩით ბებიის პენსიის იმედზე. იძულებული გავხდი, თბილისში წავსულიყავი და მიმტანად მემუშავა. იქაც უამრავ სირთულეს ვაწყდებოდი, მაგრამ ვცდილობდი, ყველაფერს გავმკლავებოდი.  

სწორედ მაშინ, როცა ცოტათი „ამოვისუნთქე“ და ეკონომიკურად მოვძლიერდი, თანაც უკვე იმდენად, რომ ოჯახსაც ვეხმარებოდი, ავტოავარიაში მოვყევი და ექვსთვიანი მკურნალობის კურსი დამჭირდა. ისევ ძალიან გართულდა ყველაფერი, ჩაკეტილობა დეპრესიაში გადამეზარდა.  

პირველი ნაბიჯები

ამ დროს გურიაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტით „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ „ფონდი ტასო“ შემოვიდა. მითხრეს, რომ ეძებდნენ ქალებს და გოგონებს, რომ მათთვის საჭირო განათლება მიეცათ და გაძლიერებაში დახმარებოდნენ.

მახსოვს, პირველ შეხვედრაზე მეწარმე ქალები მოვიდნენ, მათი დიდი ნაწილი განათლებული და შემდგარი ქალი იყო. წრეზე ვისხედით და ქალბატონი მარინა თაბუკაშვილი კითხვებს გვისვამდა. საკუთარი თავის წარდგენისას, ჩემი რიგის დადგომამ უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო; ცუდი შეგრძნება იყო, ამ ქალების შემდეგ ჩემს მიღწევებზე რომ არაფერი მქონდა სათქმელი. არასდროს დამავიწყდება მარინა თაბუკაშვილის თვალები, როცა ვთქვი, რომ ვარ დიასახლისი და ორი შვილის დედა.

მოგვიანებით, როცა კარგად გავიცანი მარინა თაბუკაშვილი, მივხვდი, თუ რას ნიშნავდა მისი  გამოხედვა. მივხვდი, რომ მისთვის ფასეული იყო არა იქ ჩამოთვლილი რეგალიები, არამედ მე ის ადამიანი ვიყავი, ვინც მას უნდა გაეზარდა და გამზარდეს კიდეც მან და მისი გუნდის წევრებმა.

ასე გავხდი ლანჩხუთის ქალთა ჯგუფის სათემო მუშაკი. თავიდან ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ ვიცოდი. 24-25 წლის ვიქნებოდი, როცა პროექტის საგანმანათლებლო კომპონენტის ფარგლებში, თბილისში ტრენინგებზე წავედი. იქ სხვა რეგიონების სათემო მუშაკებთან ერთად გავდიოდი სასწავლო პროგრამებს. პირველად მაშინ შევეხე კომპიუტერს, რადგან მანამდე ამის საშუალება არც მქონია. ვისწავლე საოფისე პროგრამები, ვისწავლე მეილის ფუნქციები და გაგზავნა, სამოტივაციო წერილის, CV-ის წერა და რაც მთავარია, ცოდნა, რომელსაც ვიძენდი, უნდა გამევრცელბინა ჩემს თემში და ყველაფერი, რასაც ვსწავლობდი, უნდა მესწავლებინა სხვა ქალებისთვის.

ცვლილებები

სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ამ პროექტში. ვუყურებდი ჩემს თავს და სრულიად სხვა ადამიანად ვიქეცი. თუკი ადრე მერიის შენობასთან ჩავლისას ვფიქრობდი, რომ მის კარებს მიღმა მიუწვდომელი სივრცე იყო, სადაც მე ვერასდროს მოვხვდებოდი, დღეს ჩემთვის ამ შენობის ყველა კარი ღიაა. ჩემთვის თუ სხვისთვის, შემიძლია ყველა კაბინეტში შევიდე და პრობლემების გადაჭრაზე ვიზრუნო.

უფლებების მიმართულებით ტრენინგებმაც ძალიან ბევრი რამ მომცა. ბევრჯერ ყოფილა, რომ ტრენინგიდან მოსულს მიტირია იმის გაცნობიერებისას, რომ ბავშვობიდან თითქმის ყველა სახის ძალადობის მსხვერპლი ვიყავი და ამ ყველაფერს ჩუმად ვიტანდი, რადგან საკუთარი უფლებების შესახებ არაფერი ვიცოდი.

იმდენი რამე გავიგე, რაც ძალიან მინდა, რომ ყველა გოგომ იცოდეს. მინდა, რომ აღარავინ გახდეს ძალადობის მსხვერპლი. ეს სურვილი ისე გაიზარდა ჩემში, რომ ლანჩხუთში ახალგაზრდული კლუბი ჩამოვაყალიბე, სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან და ერთად ვსაუბრობთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, გვაქვს ტრენინგები და თემატური თამაშები.

პროექტის დასრულების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ სოციალური კაფე გამეხსნა, ადგილი, სადაც ადგილობრივები შევიკრიბებოდით. მსგავსი სივრცე აქამდე ლანჩხუთში არ არსებობდა. ამ საქმიანობის შედეგად, დღეს უკვე ყველა მიცნობს, დაიწერა უამრავი სტატია და ჩემი, როგორც მეწარმე ქალის წარმატების ისტორია ფართოდ გავრცელდა.

ხშირად ვადარებ ჩემს ადრინდელ და ახლანდელ CV- ებს ერთმანეთს. პირველში სულ სამი რამ წერია - „ქეთი წილოსანი, ათი კლასის განათლება, დიასახლისი“, დღეს კი უკვე ვეღარ ვატევ ყველაფერს, ყველა ტრენინგს და ყველა პროექტს, რომელზეც მიმუშავია მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში „ფონდი ტასო“ გამოჩნდა. მადლობა თქვენ და მადლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციას. განსაკუთრებული მადლობა პირადად ორ ადამიანს - მარინა თაბუკაშვილს და ქეთევან ჟორდანიას.

  

სიახლეები
 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანსა და ხულგუმოში, “ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა...
30 მარტი, 2024
„ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრები გამართეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის...
29 მარტი, 2024
26-29 მარტს, ჩატარდა ტრენინგები ბიზნესის დაწყების მსურველთათვის.
29 მარტი, 2024