ENG
06 მაისი, 2022
ირუზა კაკავა კოკიდან

გამოწვევები

მე ვარ ირუზა კაკავა. ვარ აფხაზეთიდან დევნილი. ჩემი ცხოვრება, ასე ვთქვათ, ძალიან რთული იყო, იმიტომ, რომ 16 წლის ასაკში დამეღუპა მშობლები და დავრჩი პატარა ძმებთან ერთად. ძალიან რთული ცხოვრება გამოვიარე. გამოვცადე, თუ რა იყო ობლობა, გაჭირვება და შიმშილი. მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ რამე უნდა მომეფიქრებინა, რამე უნდა გამეკეთებინა და გამეგრძელებინა ცხოვრება, რომ ჩემი უმცროსი ძმები გამეზარდა და სწორ გზაზე დამეყენებინა. 2010 წელი იყო, როცა გავიგე, რომ გამყოფ ზოლთან არსებულ სოფლებში სამუშაოდ „ფონდი ტასო“ შემოვიდა.   

პირველი ნაბიჯები 

მე მაშინ კოკის თემში ვიყავი. მახსოვს, პირველ შეხვედრაზე, ქალბატონი მარინა თაბუკაშვილი გაგვესაუბრა. გულწრფელად გეტყვით, ჩემი ცნობიერების დონე არ იყო ისე ამაღლებული, რომ ჩავწვდომოდი თემებს, რასაც ქალბატონი მარინა გვიხსნიდა, მაგრამ მეორე შეხვედრაზე უკვე მივხვდი, რომ ეს იყო სწორედ ის თემები - ქალთა უფლებები, ქალთა გაძლიერება, ძალადობის მსხვერპლთა დახმარება და ა.შ. -  რაც მე გამაძლიერებდა და სწორედ ამიტომ, აუცილებლად უნდა ჩავრთულიყავი პროექტში, რომელსაც ერქვა „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის საქართველოში“.  

მინდა, გითხრათ, ეს ისეთი პერიოდი იყო, როდესაც ქალი სახლიდან გავიდოდა, ამბობდნენ, სად მიდისო, რატომ იკრიბებიან, ნამდვილი უსაქმურები არიანო. ასეთი ფრაზები ბევრჯერ გამიგია, მაგრამ ჩვენ მაინც ვიკრიბებოდით. პირველი თვითდახმარების ჯგუფი მალევე შეიკრა, სახელად „ენგური“ დავარქვით. მე ამ ჯგუფის სათემო მუშაკი ვიყავი. ჯგუფში ექვსი წევრი გავაერთიანე, როგორც ადგილობრივები, ასევე დევნილები. პირველი, რაც მოვიმოქმედეთ, იყო სოფელში გასვლა და არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება. იმ დროს სოფელში არ გვქონდა საინფორმაციო ცენტრი. მაშინ პირველად მივმართეთ მერიას, რომელმაც გამოგვიყო ფართი და ჩვენი პირველი ხელშესახები საქმეც შესრულდა.

ცვლილებები

მალე, „ფონდი ტასოს“ დახმარებით, ამ ცენტრში დავიწყეთ კომპიუტერული პროგრამებისა და ინგლისური ენის სწავლება. ძალიან მონდომებული და მოტივირებული ვიყავი, მთელ ენერგიას ამ საქმეში ვდებდი, რომ შედეგი ყველასთვის თვალსაჩინო გამხდარიყო. რამდენიმე ხანში, ჩვენს სოფელში კიდევ ხუთი თვითდახმარების ჯგუფი გაჩნდა. გვიტარდებოდა ტრენინგები, საგანმანათლებლო შეხვედრები და აქტივობები. ნელ-ნელა ვგრძნობდით, რომ ნამდვილად ვძლიერდებოდით. ამას სოფლის მამაკაცებიც ხედავდნენ, ხედავდნენ ჩვენს გაკეთებულ საქმეებსაც, რაც მთელ სოფელს სასიკეთოდ დაეტყო და მათ მიერ ჩვენი აღქმაც შეიცვალა - ახლა უკვე სერიოზულად უყურებდნენ ჩვენს საქმიანობას, გაცილებით მეტად გვაფასებდნენ და მათ თვალში უფრო ავტორიტეტულებიც გავხდით.

რა თქმა უნდა, სოფელში ყოველთვის იყო ძალადობა და ერთეული შემთხვევები ახლაც ხდება, მაგრამ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევები ძალიან შემცირებულია. ამ საქმეშიც დიდია „ფონდი ტასოს“ წვლილი. როდესაც ჩვენი თვითდახმარების ჯგუფები შეიქმნა, სოფელში იცოდნენ, რომ ქალები მუშაობდნენ ძალადობის წინააღმდეგ და იცნობდნენ კანონებს, რომლებიც მათ იცავდა. კაცებიც ხვდებოდნენ, რომ თუ ძალადობას ჩაიდენდნენ, ამისთვის კანონის ძალით დაისჯებოდნენ.

იყო ისეთი ფაქტებიც, როდესაც ქალები ჩუმად მომმართავდნენ დახმარების თხოვნით და ოჯახში ძალადობის კონკრეტული შემთხვევები პირადად მომიგვარებია. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტის წყალობით, ჩვენს სოფელში ცნობიერების დონე იმდენად ამაღლებულია, რომ ოჯახში ქალზე ძალადობა თითქმის აღმოფხვრილია. ისიც მინდა ვთქვა, რომ როდესაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამები ტარდებოდა, ქალები კრებას არასდროს ესწრებოდნენ, ყველა გადაწყვეტილებას კაცები იღებდნენ. ახლა უკვე ესეც წარსულს ჩაბარდა და დღეს ქალები ძალიან ვაქტიურობთ.

როდესაც 2014 წელი დადგა, მივიღე შემოთავაზება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეყარა კენჭი, როგორც ქალ კანდიდატს. მოსახლეობა და ჩემი ქალები ძალიან დამიდგნენ გვერდით. მართალია, თავიდან ცოტათი შევშინდი ამხელა პასუხისმგებლობის წინაშე რომ დავდექი, მაგრამ იმდენად დიდი იყო მხარდაჭერა ყველასგან და განსაკუთრებით, ჩემი ოჯახის წევრებისგან, რომ საბოლოოდ დავთანხმდი ამ შესაძლებლობას და დღეს უკვე მესამე მოწვევის საკრებულოს წევრი გახლავართ. ამ საქმეშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ მარინა თაბუკაშვილს, რომელიც ხშირად ამბობდა ჩემზე, ამ გოგოს რაღაც ძალიან დიდი ძალა და ნიჭი აქვსო; აი, ნახავთ, ბევრს მიაღწევს აუცილებლადო! გულში მეცინებოდა, ვფიქრობდი, ნეტავ მართლა ასე იყოს მეთქი.

შეიძლება, შინაგანად ვგრძნობდი რაღაც ძალას, მაგრამ როდესაც ასეთი ადამიანი შენ შესახებ ასეთ სიტყვებს ამბობს, ეს კიდევ უფრო გაძლიერებს და არ გაქვს უფლება, რომ უკან დაიხიო, რაღაც ვერ შეძლო ან ბოლომდე არ მიიყვანო. მაშინ შევიგრძენი, რომ მაქვს ძალა, რომლითაც შემიძლია არა მარტო ჩემს თავს, არამედ სხვებსაც დავეხმარო.  

დღეს უკვე სხვადასხვა კომისიებში ვარ ჩართული და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი გახლავართ, ყველანაირად ვცდილობ, რომ ქალებს ხელი შევუწყო. ჩემს სოფელში არ არსებობს ოჯახი, სადაც არ ვარ შესული ან ყველა პრობლემა არ ვიცი. ახლა ვუყურებ ჩემზე დაწერილ სტატიებს, გადაცემებს და ხანდახან ცრემლი მომდის, ვფიქრობ, ნუთუ ეს მართლა მე ვარ და ნუთუ მართლა ამდენი შევძელი.

30 წლის ასაკში სწავლაც კი გადავწყვიტე და ინგლისური ენის სპეციალისტი გავხდი, კურსზე ყველაზე უფროსი ვიყავი, მყავდა ოჯახი. თითქოს არც დრო მქონდა, არც ფული, რომ მესწავლა, მაგრამ იმდენად მინდოდა განათლების მიღება, რომ დილით 6 საათზე ვდგებოდი, ძროხებს ვწველიდი, ყველი ამომყავდა, ბაზარში მივდიოდი, ვყიდდი და ის იყო ჩემი გზის თანხა. როდესაც მიზანს დაისახავ, თანდათანობით ყველაფერი აეწყობა. ახლა ბედნიერი ვარ, რომ სხვა ქალებს ვეხმარები. მჯერა, რომ ქალებს სამყაროს შეცვლა შეგვიძლია. როდესაც ოჯახში ძლიერი ქალია, ოჯახიც ძლიერია; როდესაც სოფელში ძლიერი ოჯახია, სოფელიც ძლიერია და შესაბამისად, მუნიციპალიტეტიც ძლიერია. მე ვიცნობ ძალიან ბევრ სხვა ქალსაც, რომელიც ამ პროექტმა გააძლიერა. დღესაც ძალიან ვეხმარებით ერთმანეთს.   

ხშირად მახსენდება ის დრო, როდესაც „ფონდი ტასო“ ჩემს სოფელში შემოვიდა. მაშინ ძველ ხის სახლში ვცხოვრობდი, არ ვიცოდი, რა გზას დავდგომოდი, არც ფინანსები მქონდა, არც რაიმე გამოსავალი ჩანდა. ახლა უკვე ცნობილი პოსტერი, რომელიც იმ პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა, სრულად და ძალიან ზუსტად ასახავს ჩემს იმჟამინდელ მდგომარეობას. „ფონდი ტასო“ სწორედ მაშინ, იმ მომენტში გამოჩნდა, როცა ცხოვრების გასაგრძელებლად საკუთარ ძალებში დარწმუნება მჭირდებოდა. ნამდვილი ბედნიერებაა, როცა ახლა იგივეს გაკეთება სხვა ქალებისთვის შემიძლია და მართლა თავდაუზოგავად ვცდილობ, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც ჩემი შესაძლებლობების ფარგლებშია.  

 

 

სიახლეები
 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანსა და ხულგუმოში, “ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა...
30 მარტი, 2024
„ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრები გამართეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის...
29 მარტი, 2024
26-29 მარტს, ჩატარდა ტრენინგები ბიზნესის დაწყების მსურველთათვის.
29 მარტი, 2024