ENG
01 ივნისი, 2022
მაია ფიფია ანაკლიიდან

გამოწვევები

მე ვარ მაია ფიფია, 1988 წლიდან ვცხოვრობ ანაკლიაში. მყავს ორი შვილი. ვარ სათემო ფონდ “ნეფას” დამფუძნებელი. აგრეთვე, მაქვს ჩემი მცირე ბიზნესი და ვარ მეწარმე.

1991 წლამდე, სანამ ომი დაიწყებოდა, ვმუშაობდი ზუგდიდის მე-6 საშუალო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად, მაგრამ მას შემდეგ პროფესიით აღარ მიმუშავია. როგორც გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლის მოსახლეობამ, ომის ყველა სისტიკე და მძიმე მოვლენა საკუთარ თავზე გამოვცადეთ.

2005 წელს მოულოდნელად გარდამეცვალა მეუღლე. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე - 25 დღის განმავლობაში დავკარგე ორი ძვირფასი ადამიანი - დედა და ქმარი. დავრჩი შვილებთან ერთად. უფროსი გოგო, ეკა მეცხრე კლასში  იყო, მაკა კი - მეექვსე კლასში.

სანამ ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო, ყოფით პრობლემებზე ფიქრი არასდროს მიწევდა. გვქონდა ძლიერი მეურნეობა და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ვიყავი გაზრდილი, ყველაფერს დიდი სიხარულით ვაკეთებდი. გვქონდა დიდი, სტუმართმოყვარე ოჯახი.  

სრულიად მოულოდნელად, მოხდა ისე, რომ დავრჩი მარტო ჩემს შვილებთან. ნათესავები მოდიოდნენ და რჩევებს მაძლევდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ვერ გავძლებდი აქ, რადგან ამხელა მეურნეობას მარტო ვერ ჩავეჭიდებოდი და ორიდან ერთი გზა უნდა ამერჩია - ეს ყველაფერი უნდა დამეტოვებინა და წავსულიყავი ქალაქში, ან კიდევ საკუთარ თავზე ამეღო ეს უშველებელი ტვირთი. მე რთული გზა ავირჩიე.  

ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ჩემს შვილებს თავს უეცრად დატეხილი ტკივილი მსუბუქად გადაეტანათ. მაკა მეკითხებოდა ხოლმე, დედა, ღამით რატომ წრიალებ, რატომ არ გძინავსო? რა დაგაძინებს, როცა ამდენი საზრუნავი და საფიქრალი გაქვს შვილებზე, ოჯახზე, პასუხისმგებლობებზე?! ასე გავიარე ეს გზა.

თუმცა, იმის უნარები, რომ სულ რაღაც მეკეთებინა და სხვასაც დავხმარებოდი, ყოველთვის მქონდა. სირთულეების მიუხედავად, სხვებს ვეხმარებოდი, ნათესავებს თბილისში აქედან ვუგზავნიდი პროდუქტებს რეალიზაციისთვის და მეზობლებსაც ვასაქმებდი - ზოგს ფქვილს ვაცრევინებდი, ზოგს ქათამს ვასუფთავებინებდი. პარალელურად, დამსვენებლებსაც ვიღებდი, მაგრამ ზაფხულის სეზონზე რამდენიმე სტუმრობიდან მიღებული თანხა ბევრს არაფერს ნიშნავდა იმ დროისათვის.

პირველი ნაბიჯები

2010 წელი იყო, როცა ჩვენი სოფლის გამგებელმა დამირეკა და მითხრა, რომ სოფელში სამუშაოდ არასამთავრობო ორგანიზაცია აპირებდა ჩამოსვლას. მთხოვა, ჩემს სახლში მიმეღო  და მემასპინძლა მათთვის. ეს იყო „ფონდი ტასო“.

ტელეფონში დღესაც „მარინა უცხოელი“ მიწერია, ისეთი საუცხოო გარეგნობის ქალბატონი შემოვიდა ჩემს ეზოში, ეს იყო მარინა თაბუკაშვილი. ასე დაიწყო ჩემი ურთიერთობა „ფონდ ტასოსთან“, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. პირველ ხანებში, ასე ჩამოდიოდნენ სტუმრად, მოდიოდნენ და მიდიოდნენ. ერთხელაც, ზამთარში, შეშის ღუმელთან ჭიქა ჩაიზე ვსაუბრობდით და მეც ვიკითხე, რას საქმიანობთ ჩვენს რეგიონში რომ ჩამოდიხართ მეთქი. ქალბატონმა მარინამ მითხრა, თუ დრო გაქვს და გაინტერესებს, ჩვენთან ერთად წამოდი და ნახავ, რასაც ვაკეთებთო.

წავედი, ვნახე. ქალები მუშაობდნენ. გაცხოველებული მუშაობა მიდიოდა. მთელი სამი საათი გავატარეთ იქ. ძალიან დავინტერესდი მსგავს პროექტში ჩართულობით. ქალბატონმა მარინამ ეს შენიშნა და წასვლისას წესდება დამიტოვა, მითხრა, უკეთ გაეცანიო.

მაშინ ეკლესიაში დავდიოდი, სადაც ხშირად ვხვდებოდი ერთ-ერთ ნაცნობ ქალს, ნინო ყორშიას, რომელიც, ასევე, ადრე დაქვრივდა და მცირეწლოვანი ბავშვებით მარტო დარჩა. მანაც ძალიან რთული გზა გაიარა. ვმეგობრობდით და მეც შევთავაზე, ერთად გავცნობოდით ჩემთვის დატოვებულ დოკუმენტს.  

ნინო დამთანხმდა და ყველა პუნქტი დაწვრილებით ერთად გავიარეთ. გადავწყვიტეთ, ჩავრთულიყავით პროექტში და ინფორაცია თემში გაგვევრცელებინა. თანასოფლელი ქალებიც აგვყვნენ. თავიდან 7-8 ქალი შევიკრიბეთ. მალე ანაკლიაში თვითდახმარების ოთხი ჯგუფი შეიქმნა.  

ის სივრცე, რასაც ახლა ჩვენი ოფისი ჰქვია, იყო პატარა ოთახი, სადაც მეორე სართულზე ლეღვის ხე იყო ამოსული, ყველაფერი დანგრეული და შელახული იყო. საკუთარი ხელებით შევაკეთეთ კედლები. შეძლებისდაგვარად მოვაწესრიგეთ და გამოვყავით სამუშაო კუთხე.

ცვლილებები

მაშინ ჯგუფში შემავალი ქალების უმეტესობამ არ ვიცოდით კომპიუტერთან მუშაობა. ნინო სკოლაში ასწავლიდა ამ პროგრამებს და ძალიან გვეხმარებოდა. პირველი პროექტიც კომპიუტერული პროგრამების სწავლებაზე დავწერეთ. კურსის შედეგად, ჩვენგან წასული ძალიან ბევრი ქალი დასაქმდა. ამის შემდეგ გავაკეთეთ ამბულატორია, საბავშვო ბაღს ეზო და სველი წერტილი გავუკეთეთ, სოფელში დავაარსეთ ბიბლიოთეკა, წამოვაყენეთ უამრავი სხვა ინიციატივაც.

უკვე 2013 წელს დავრეგისტრირდით, როგორც ანაკლია-კახათის სათემო ფონდი. დავიწყეთ სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ვახორციელებდით პატარა პროექტებს, თუმცა დიდი პასუხისმგებლობით. ძირითადად ჩვენი საქმიანობა იყო მოხალისეობრივი, შეიძლება პროექტი არ გვქონოდა, მაგრამ ერთი წუთითაც არ დაგვიხევია უკან. ამას ვამბობ გულწრფელად. ოჯახის საქმეებს რომ მოვრჩებოდი, ორკილომეტრ ნახევარს ფეხით მოვრბოდი, რომ აქ ახალი უნარები შემეძინა და ჩემს მეგობრებთან ერთად ახალ იდეებზე და თემებზე მემუშავა.

ყოველი მეორე ადამიანი, თუ ჩვენ ვერ გვეკითხებოდა, სხვას ეკითხებოდა, რას იღებენ ეს ქალები, რამდენს უხდიან შეკრებებშიო. მაგრამ მერე, თანდათანობით, როცა რეალური საქმეები ნახეს გაკეთებული, დამოკიდებულებაც შეიცვალა და აქეთ მოგვმართავდნენ, თუ რაიმე საჭიროება ჩნდებოდა. ასე მოვიხვეჭეთ ავტორიტეტი თემში.

მუნიციპალიტეტთან უკვე 10 წელია ვთანამშრომლობთ, თუ რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, პირველებს გვირეკავენ და გვიწვევენ ჩვენ.

გარდა ამისა, უკვე მეზობელი სოფლებიდანაც მოგვმართავენ დახმარებისთვის. ვახდენთ პრობლემების იდენტიფიცირებას და ვუწევთ ადვოკატირებას.

ახლა სამ პროქტზე ვმუშაობთ, ერთი მასშტაბურია და ოთხ მუნიციპალიტეტზე ვრცელდება, მაგრამ სადაც არ უნდა მივიდეთ, პირველ რიგში, ვიწყებთ იქიდან, თუ საიდან მოვდივართ ჩვენ, როგორ დავიწყეთ ეს ყველაფერი, რომ შესაძლებელია ქალმა მოახდინოს ცვლილებები და შეცვალოს არა მარტო საკუთარი ცხოვრება, არამედ მთელი სოფელი გააძლიეროს. პირადად მე ვიტყოდი, რომ პირველმა პროექტმა და „ფონდმა ტასომ“ რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება.

მგონია, რომ ჩემი მშობლიური ორგანიზაციებია გაეროს ქალთა ორგანიზაცია და „ფონდი ტასო“, ეს არის ის, რამაც მე ლიდერ ქალად ჩამომაყალიბა და უამრავი უნარი განმივითარა, როგორც პიროვნულად ისე საქმიანობის მხრივ.

გამწევი ძალა

ჩემი გამწევი ძალა იყო ცოდნა, რომ აუცილებლად უნდა შემეცვალა რაღაც, უნდა ვყოფილიყავი წარმატებული და ჩემი წარმატება იქნებოდა ჩემი შვილების წარმატება. როცა ეკამ უმაღლესი დაამთავრა, დამირეკა და მითხრა, მაგისტრატურაში მინდა ჩაბარებაო, ეს კი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ერთი წამით უკან არ დამიხევია, ვუთხარი, ჩააბარე და გადასახადზე არ იფიქრო მეთქი. არ მინდოდა, ბავშვებს ხინჯად ჩარჩენოდათ, რომ მამა არ ჰყავდათ და მე რაღაც ვერ გავაკეთე ან დავაკელი. ეს იყო ჩემი მთავარი გამწევი ძალა.

სულ მეუბნებოდნენ, როგორ ახერხებ ამდენსო. ხშირად ფეხით დავდიოდი, იმიტომ, რომ გზაში ძალიან ბევრს ვფიქრობდი, ხან ვტიროდი, ხან მომავლის გეგმებს ვაწყობდი. ერთხელაც, მეუღლის საფლავიდან წამოსულს, ახლობელი ცოლ-ქმარი შემხვდა. საუბარში მკითხეს, ეს ფული საიდან მოგაქვს, აქ რომ დადიხარ, შენი ქმარი ხომ არ გაძლევსო? მახსოვს, ავტირდი და სახლში მოკლე გზით წავედი.

ცხოვრებაში ორჯერ დავინახე ადამიანების ნამდვილი სახე, ერთხელ, როცა მეუღლე გარდამეცვალა და დავრჩი სრულიად მარტო და მეორედ, როცა საკუთარი შემოსავალი გამიჩნდა. თითზე ჩამოსათვლელია ის ადამიანები, ვინც გულწრფელად გაძლევს სასიკეთო რჩევას. ჩემს ცხოვრებაში ასეთი ადამიანი მარინა თაბუკაშვილი აღმოჩნდა. ის იყო, არის და იქნება ჩემი უპირობო ავტორიტეტი, ერთგული მეგობარი და სანდო მრჩეველი.

სიახლეები
22 მარტს „ქალთა ზეპირი ისტორიების სკოლის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.  მონაწილეებმა...
23 მარტი, 2024
20 მარტს საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა სამეგრელოს რეგიონის სოფლებში - ძველი...
20 მარტი, 2024
19 მარტს საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა გურიის რეგიონის სოფლებში - ბუკნარი,...
19 მარტი, 2024