ENG
30 სექტემბერი, 2022
სოფლად მცხოვრები ქალების დღე

მაია გრძელიშვილის ბლოგი 

წარმოიდგინეთ ახალგაზრდა ქალი, რომელიც მარტოხელა დედაა, დილის 9 საათიდან 6 საათამდე კარტოფილს იღებს მიწიდან და სათლში აგროვებს. მერე ტომარაში გადააქვს და ამ ტომარას ზურგით ეწევა საცავამდე.

წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც დღეში 200-300 ლიტრ წყალს ეზიდება სახლში მეზობლისგან, ან სოფლის ცენტრიდან, რადგან მცირეწლოვანი შვილები ვერ ეხმარებიან, წყალი კი, რადგან „ქალების საქმეს“ უკავშირდება, მოსაზიდიც მათი ყოფილა და სწორედ ამის გამო, ოჯახის წევრი კაცები არ ეხმარებიან.

წარმოიდგინეთ სამი შვილის დედა, რომელსაც ბავშვების სკოლაში მისაყვანად, ყოველდღიურად მდინარე მტკვრის თავზე დაკიდებული ხიდის გადავლა უწევს, რომელიც სეზონურად მუდმივად დაზიანებულია.

ქალი - ცოლი, დედა, ქველმოქმედი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, დილის 5 საათზე დგება, საკუთარ  მეურნეობას უვლის, ოჯახის საქმეს აკეთებს, მეზობლებს ეხმარება და  ყველაზე ადრე, ღამის 12 საათზე იძინებს, შუალედში მცირედი შესვენებით.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ხშირად კონკრეტული საათებით არ განისაზღვრება.

ჩვენს ქვეყანაში, სადაც სასურსათო უსაფრთოების პოლიტიკა არ არსებობს, ეს ქალები არიან მთავარი ძალა და რესურსი ადგილზე წარმოებული სასურსათო მარაგების. ამასთან, ისინი ვალდებულებულნი არიან, მუდმივად მიიღონ ცოდნა და ინფორმაცია უსაფრთხო და უვნებელი პროდუქციის შესახებ და ეს ყველაფერი ინფორმაციაზე, რესურსებზე, ტექნოლოგიებსა და განათლებაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობით. რატომ აქვთ ქალებს შეზღუდული რესურსები? არსებულ სტერეოტიპებზე და გამოწვევებზე რომ აღარ ვისაუბროთ, გიყვებით ფაქტებს.   

წლების განმავლობაში სოფლად მცხოვრებ ქალებთან ურთიერთობამ დაგვანახა მათი ყოველდღიური შრომა და დაუფასებელი ამაგი. ვხედავთ, რასთან უწევთ ყოველდღიურად გამკლავება და როგორია მათი ცხოვრების ხარისხი. ვაღიარებთ, რომ მათი დაუღალავი შრომის დამსახურებაა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილის ზღვარზე არ იმყოფება.

ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითების მიღმა, იცით, როგორია სოფლად მცხოვრები ქალის რუტინა? ყოველდღიურად 5 ან 6 საათზე იღვიძებს, სანამ ჩაის ან ყავას დალევს, საქონელს ყრის საბალახოდ, ან შინაური ცხოველებისა და ფრინველების გამოკვებაზე იწყებს ზრუნვას.  მერე იწყება შინამეურნეობის სხვა საქმიანობებით დაკავება, რომელიც თესვას, ხვნას, მარგვლას, კულტივაციას, მოსავლის აღებას, და მსგავს საქმიანობებს უკავშირდება. რუტინა სეზონების მიხედვით განსხვავდება. არიან ისეთებიც, რომლებიც მკაცრი კლიმატის გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში სახლიდან ფაქტიურად ვერ გადიან და სახლში, დამატებით, ხელსაქმით არიან დაკავებულნი. რა თქმა უნდა, დიასახლისობა და „ოჯახის საქმე მხოლოდ ქალის საქმეა“ (სარკაზმი) და მიუხედავად იმისა, დასაქმებულია თუ არა, მთელი ეს ტვირთი მასზეა. სოფლად მუშაობა (არსებული უმუშევრობის დონის გათვალისწინების მიუხედავად) ქალისთვის „ფუფუნებაა“, ისიც ე.წ. ქალური პროფესიით და ფაქტიურად, მხოლოდ მასწავლებლებად თუ იმუშავებენ, ან საბავშვო ბაღში, თუკი  არსებობს იმავე, ან მიმდებარე სოფლად.

ყოველდღიური საქმიანობების ჩამონათვალი ძალზედ გრძელია, მითუმეტეს, თუ აუნაზღაურებელი შრომის ნაწილსაც მივუმატებთ და ყველას ერთიანად ჩამოვთვლით. მაგალითისთვის, სახლის და ეზოს დაგვა-დასუფთავება, ნებისმიერ სეზონზე. საუზმის, სადილისა და ვახშმის მომზადება, ჭურჭლის გარეცხვა, სახლის დაგვა-დასუფთავება, სარეცხი, უთო და სხვა. ამას დამატებული, ზრუნვა ოჯახის წევრებზე, არიან ისინი მცირეწლოვანი ბავშვები თუ ხანდაზმულები. გამოკვება, გამოცვლა და დამატებითი ის საზრუნავი, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს ამ ასაკობრივ ჯგუფებს, თუნდაც მედიკამენტების დროულად მიწოდება და ყოველღიურ რეჟიმში მათი რუტინის გათვალისწინება.  წარმოიდგინეთ, ამ საქმიანობებისთვის დამხმარე რომ გყავდეთ და ყოველთვიურად ან დღიურად თანხას უხდიდეთ. მსგავსი არაფორმალური დასაქმების სექტორშიც ქალები არიან დასაქმებული, თუმცა სოფლად მცხოვრები ქალების შემთხვევაში, ძირითადად, საზღვარგარეთ. იქიდან არჩენენ ოჯახებს და ოცნებობენ საკუთარ სახლზე, რადგან მათ შრომას აქ არავინ აფასებს.

კვლევებმა ცხადჰყო, რომ დღის განმავლობაში დასაქმებული ქალების სამუშაო რუტინა და აუნაზღაურებელი შრომა ორ სამუშაო დღეს უდრის. ამას ემატება სოფლის თუ შინა მეურნეობა და ზრუნვის ეკონომიკა. საერთო ჯამში, გამოდის ორი სტანდარტული სამუშაო დღე ერთ დღეში და ამას დამატებული, სოფლის ან შინამეურნეობის საქმიანობები. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ მათ ამ ყველაფრის კეთება შეზღუდული რესურსებით უწევთ, მაგალითისთვის, ნებისმიერი სახის ტექნიკისა ან სატრანსპორტო საშუალების გარეშე.

წარმოიდგინეთ შრომა და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული პროდუქტის ფასი, მხოლოდ იმიტომ, რომ შეზღუდულია მათი ხელმისაწვდომობა ტრანსპორტზე, არ ჰყავთ მანქანა ან ხელის ტრაქტორი, იმიტომ რომ ისინი 14 წლის ასაკიდან არ სხედან საჭესთან და ოჯახს არ ჩაუთვლია საჭიროდ, ქალს ჰყავდეს მანქანა. შეზღუდულია მათი ხელმისაწვდომობა ინფორმაციასა და სერვისებზე. მათ არ იციან, სად შეიძლება მოიძიონ ინფორმაცია არსებულ პროგრამებზე, სად შეიძლება გაყიდონ თავიანთი პროდუქტი ან ვინ შეიძლება გახდეს მათი საქმიანი პარტნიორი, სად დაბეჭდონ ლოგო ან როგორ გაყიდონ ონლაინ, რადგან ოჯახმა ჩათვალა, რომ „გოგოა და გათხოვდება“. შეზღუდულია მათი ხელმისაწვდომობა, ფინანსურ ინსტიტუციებზე, სესხებსა და ლომბარდებზე, რადგან მათ არ აქვთ უძრავი ან ღირებული მოძრავი ქონება, რომლითაც უზრუნველყოფენ და თავიანთ საქმიანობას წამოიწყებენ ან განავითარებენ.

და ამ ყველაფერთან ერთად, იციან კი თავად სოფლად მცხოვრებმა ქალებმა, რომ მათი წვლილის ხაზგასასმელად და მათ მიმართ მადლიერების გამოსახატად სპეციალური დღე არსებობს? - არა.

რატომ არ იციან? იმიტომ, რომ მათი ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე, რესურსებზე, ტექნოლოგიებზე, განათლებასა და სხვა სერვისებზე შეზღუდულია, და ეს მითი არ არის.

წლების განმავლობაში ვხვდებით ქალებს, რომლებსაც ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობების და ურთულესი პირობების მიუხედავად, აქვთ სურვილი, პოულობენ დროს და ზრუნავენ თვითგანვითარებაზე. ასაკის მიუხედავად, პირველად ესწრებიან ტრენინგს, პირისპირ თუ ონლაინ პლატფორმების საშუალებით, იწყებენ საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვას კონკრეტული ნაბიჯებით, გადიან სახლიდან და ხვდებიან ახალ ადამიანებს, იწყებენ საკუთარ ბიზნესზე ფიქრს და სარგებლის მიღებას არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი თემის საკეთილდღეოდ.

წარმოიდგინეთ სამუშაო, რომელიც ყოველდღიურად ამ ქალების გაძლიერებაზე საზრუნავია. ფიქრი, დარდი, ემოციები, ბრაზი, უსამართლობის ბოღმა და ბრძოლა მათთან ერთად. წარმოიდგინეთ, სიამაყის განცდა, როდესაც შეგიძლია მათ წარმატებას დააკვირდე და მათი სიხარული გაიზიარო. წარმატების, რომელიც შეიძლება შეჭმუხნული წარბებიდან გაღიმებით შეიცვალოს; დიასახლისობიდან ან შინა მეურნეობაში დასაქმებიდან სათემო მუშაკობისა და მერის წარმომადგენლობამდე; სოფლის მეურნეობიდან წარმატებული საკონდიტრო ან სასათბურე ბიზნესის მმართველობამდე.

აღუწერელია ემოცია და თანაგანცდა, როდესაც გაძლიერებული ქალების პროგრესს ხედავ, ამ ქალების გაძლიერების შედეგად კი თემში პოზიტიური ცვლილებების, ფილანთროპიისა და მოხალისეობის კულტურის დანერგვის პრეცედენტები ჩნდება და ამის მიღწევაში საკუთარი თანამონაწილეობითი წვლილით შეგიძლია იამაყო.

2006 წელს დაწყებულ სასურსათო უსაფრთხოებას და კრიზისს, სურსათზე ფასების ზრდასთან ერთად, სხვა საკითხების აქტუალიზაციაც მოჰყვა. ამ პერიოდში, ნათლად გამოჩნდა ქალების როლი სოფლის მეურნეობასა და შიმშილის შემცირებასთან ბრძოლაში.  2007 წელს გაეროს ასამბლეამ ახალი რეზოლუცია მიიღო, რომელიც სოფლად მცხოვრებ ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებას მიეძღვნა. აღნიშნული რეზოლუციის თანახმად, 15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.

გლობალური აღიარების მიუხედავად, თუ რამხელა წვლილი შეაქვთ ქალებს სოფლის მეურნეობის საქმიანობაში და სოფლის განვითარებაში, უსაფრთხო საკვების მოყვანასა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მასშტაბით ამ დღის აღიარება და აღნიშვნა სათანადოდ ვერ იქნა უზრუნველყოფილი. გამონაკლისია მცირე წრეები - ის ორგანიზაციები, რომლებიც ქალთა გაძლიერებაზე ვმუშაობთ.

15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების დღეა.

 

 

 

სიახლეები
19 სექტემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, კაორი იშიკავა, ნორვეგიის...
20 სექტემბერი, 2024
18 სექტემბერს, „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, ჩოხატაურის რაიონის სოფლებში...
19 სექტემბერი, 2024
5-7 ივნისს "ქალთა ეკონომიკური გაძლიერების" პროექტში ჩართულ ქალებს ოჯახში ძალადობის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ.
07 ივნისი, 2024