ENG
07 აგვისტო, 2022
მარიამ მორჩილაძე ლაითურიდან

მე ვარ მარიამ მორჩილაძე, ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურიდან. მყავს მეუღლე და ერთი შვილი. დაოჯახებამდე ვსწავლობდი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ტურიზმის მიმართულებით. თუმცა, ბავშვის შეძენის შემდეგ, სტატუსის შეჩერებამ მომიწია და მიუხედავად სწავლის გაგრძელების დიდი სურვილისა, დროებით განათლების მიღების აკადემიური გზა ჩემთვის მიუწვდომელი გახდა.

სწორედ ამ დროს, 2019 წელს, ჩვენს დაბაში სამუშაოდ „ფონდი ტასო“ შემოვიდა. ფონდის პროექტში ჩართულმა ქალებმა შემომთავაზეს, რომ მათთან ერთად თვითდახმარების ჯგუფში გავწევრიანებულიყავი. იმ პერიოდში, პატარა ბავშვით, განვითარების სხვა შესაძლებლობა მე არ მქონდა, ამ გზით კი, საკუთარ თემში, ნაცნობი ადამიანების გარემოცვაში და მათი დიდი ხელშეწყობით, ძალიან კარგი შესაძლებლობა გამიჩნდა.

მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ეს თემში ხდებოდა; ეს რომ სათემო აქტივობა არ ყოფილიყო, მე ალბათ მონაწილეობას ვერ მივიღებდი, მითუმეტეს, რომ პატარა მყავდა. კეთილი ადამიანების დიდი ხელშეწყობით დავდიოდი შეხვედრებზე მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომ პიროვნულად განვვითარებულიყავი და სხვებსაც დავხმარებოდი. ხშირად ისეც ხდებოდა, რომ ჩემი ბავშვი გარეთ გაჰყავდათ და ართობდნენ, რომ მე შეხვედრას დავსწრებოდი და სრულად მომესმინა ყველაფრისთვის, რაც მათ  არ ჰქონდათ მოსმენილი. მათ გარეშე მე ამ საქმეს ვერ შევეჭიდებოდი ჩემი 2 წლის შვილით.

ჯგუფში გაწევრიანების შემდეგ, ყველა ტრენინგს ვესწრებოდი, მოუთმენლად ველოდი ყოველ მომდევნო შეხვედრას. იყო ძალიან რთული პერიოდიც, როდესაც ოჯახის წევრი დავკარგე და მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მაშინაც „ფონდი ტასოდან“ დამირეკეს და  საგანმანათლებლო კომპონენტის ერთ-ერთ კურსში ჩართვა შემომთავაზეს.

ფონდის შუამდგომლობით რამდენიმე ტრენინგ-კურსი მაქვს გავლილი, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა და ეს ძალიან მეხმარება ცხოვრებაში. პირველ რიგში, ეს არის ურთიერთობები - ეცნობი ძალიან ბევრ საინტერესო და საჭირო ადამიანს. ყველა ტრენინგიდან შევიძინე მეგობრები, რომლებთანაც ახლაც მაქვს ურთიერთობა. გავიარე ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორი სასერტიფიკატო კურსი.

აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჰყავთ საოცრად კარგად შერჩეული ლექტორები. მათი ტრენინგების შემდეგ სრულიად ვიცვლები, მეცვლება ხედვაც და ქცევაც, თითქოს სულ სხვა ადამიანი ვხდები. სულ სხვანაირად უყურებ ცხოვრებას, როცა ამდენ რამეს სწავლობ. ახლა ღიმილით მახსენდება - ადრე იმდენად არ ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვბედავდი. დღეს კი განათლების მიღების სურვილი იმხელა მოტივაციას მძენს, რომ უკვე უკან აღარაფერზე ვიხევ.

ამჟამად გავდივარ საქართველოს უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების სასერთიფიკატო კურსს. თავიდან, როდესაც ჩვენმა სათემო მუშაკმა, ლია კოტრიკაძემ დამირეკა და მითხრა ამ შესაძლებლობის შესახებ, ძალიან არარეალურად მივიჩნიე, რომ თბილისში ორი თვით ბავშვთან ერთად სასწავლებლად წასვლას შევძლებდი. თუმცა, ლიამ ძალიან გამამხნევა და დამარწმუნა, რომ აუცილებლად მეცადა ბედი. დავიწყე ინფორმაციის მოძიება ტელეფონით და ონლაინ. აღმაფრთოვანა პროგრამის ხელმძღვანელის, თამარ კერძაიას მიღწევებმა და რეგალიებმა. სხვათა შორის, სანამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვიყავი, მან თავად დამირეკა და დიდი მხარდაჭერა გამოხატა ჩემ მიმართ, როგორც ქალის მიმართ, რომლის კარიერული ზრდა, მისივე თქმით, დედობის გამო არ უნდა შეფერხებულიყო. მართლაც, ძალიან დამიდგა მხარში ქალბატონი თამარი და „ფონდი ტასოს“ შუამავლობით, ჩემი ამ პროგრამაზე მოხვედრა შესაძლებელი გახდა. ამ მოკლე დროის განმავლობაში უამრავი საოცარი ადამიანი გავიცანი, ყველა მათგანი გვერდით მიდგას და ყველაფერში მეხმარება ისე, როგორც საკუთარი ოჯახის წევრი.

დღეს, როდესაც კურსი სრულდება და ფიქრს დასაქმებაზე ვიწყებ, მინდა ყველა ქალს ვუთხრა, არ დაიხიონ უკან გაუბედაობის გამო და არ თქვან უარი შესაძლებლობლებზე, რომლებსაც ცხოვრება სთავაზობს. გამოიყენეთ ყველა შანსი, რომ განვითარდეთ და წინ წახვიდეთ. თქვენ ამას აუცილებლად შეძლებთ და დადგება ის დღეც, როდესაც იამაყებთ საკუთარი მიღწევებით.

აქვე, აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ თუკი რაიმე კარგი მოხდება ჩემს ცხოვრებაში ეს იქნება „ფონდი ტასოს“ და ჩემი სათემო მუშაკის, ლია კოტრიკაძის დამსახურება. ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ.

სიახლეები
30 აგვისტოს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხატისსოფელში,„ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა, სამუშაო...
31 აგვისტო, 2022
5 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისსა და დიოკნისში ,„ფონდი ტასოს“...
05 აგვისტო, 2022
1 აგვისტოს, "ფონდი ტასოს" ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე - "თვითმოტივაცია,...
01 აგვისტო, 2022