ENG
30 მარტი, 2022
თამარ ქანთარია განმუხურიდან

პირველი ნაბიჯები

მე ვარ თამარ ქანთარია, ვცხოვრობ სოფელ განმუხურში, ვარ საინიციატივო ჯგუფ „ელვას“ ხელმძღვანელი. ჩვენი საქმიანობა და სამოქალაქო ცენტრის შექმნა უკავშირდება 2013 წელს, როდესაც „ფონდი ტასო“ შემოვიდა სოფელ განმუხურში. პირველი შეხვედრა სოფლის სკოლაში ჩატარდა. რატომღაც ძალიან დამაინტერესა და ამ ინტერესის გამო დავრჩი შეხვედრაზე. დღევანდელი გადასახედიდან, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღეს რადიკალურად განვსხვავდები იმ ძველი თამარისგან. ასე არიან ჩვენი თემის სხვა ქალებიც, რადგან სულ ვცდილობთ, საკუთარი თავი გამოვავლინოთ.

მინდა, კიდევ ბევრი აქტიური ქალი გამოჩნდეს, რადგან ჩვენი თვალით დანახული საჭიროებები სულ სხვაა. ამ ხნის განმავლობაში, ბევრი საჭიროება გამოიკვეთა და ბევრიც თემის სასიკეთოდ გადაწყდა.

მას შემდეგ, რაც სამოქალაქო სექტორში აღმოვჩნდი, არ გავჩერებულვარ. იმასაც კი მეკითხებიან, ოჯახი თუ მყავს. კი, მყავს და შესაძლებელია, იყო აქტიურად ჩართული სამოქალაქო საქმიანობაში და გყავდეს ოჯახი, ერთი მეორე ხელს არ უშლის.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვყავს ძალიან კარგი გუნდი, გვყავს აქტიური ახალგაზრდები. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ქალების გაძლიერება, ინფორმაციის მიწოდება, განათლების კუთხით ახალგაზრდებთან მუშაობა. ვინაიდან ჩვენ საზღვრისპირა სოფელი ვართ, ვცდილობთ, ადგილზე შევუქმნათ ახალგაზრდებს რესურსების ხელმისაწვდომობა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა წავიდა და დატოვა სოფელი, თუმცა, სკოლის ბავშვებთან, რომლებიც ადგილზე არიან, ხდება აქტიური მუშაობა, ვმუშაობთ ბაღის ბავშვებთანაც.

მიგრაცია სოფელში დიდი პრობლემაა, მიდიან არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ ქალებიც, ძირითადად, სამუშაოდ. სამწუხაროდ, მიგრაციის საკითხის მოგვარება ჩვენს ძალებს აღემატება, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ სადაც წავლენ, იქ საკუთარი თავის პოვნა შეძლონ და იყონ ძლიერები, არ შეწყვიტონ საკუთარ თემზე ფიქრი.

გამოწვევები

მე წარმოშობით ვარ ჯვარიდან და ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, არაფრის ნაკლებობა არ მიგრძვნია, მაგრამ როდესაც აქ მოვხვდი, ძალიან რთული მდგომარეობა იყო. ბავშვებისთვის არაფერი არ არსებობდა, ბაღიც კი არ გვქონდა. ქალები ქართულ ენაზე არ საუბრობდნენ, რადგან ქართულად ლაპარაკი მეტიჩრობად მიიჩნეოდა. სახლიდან გამოსვლაც კი რთული იყო. ახლა მეცინება, მაგრამ ქალი რომ სახლიდან შეხვედრაზე გადიოდა, უწევდა იმის თქმა, რომ სკოლაში, ან ეკლესიაში მიდიოდა, რადგან მთელი სოფელი ფიქრობდა, რომ ეს შეხვედრები არაფრისმომტანი იყო და იქ დასწრება უსაქმურობასთან ასოცირდებოდა. თუმცა, ჩემზე ამას გავლენა არ მოუხდენია. მინდა ვთქვა, რომ "ფონდი ტასოს" ხელმძღვანელთან, ქალბატონ მარინა თაბუკაშვილთან შეხვედრა ნათელი სხივი იყო ჩემს ცხოვრებაში.

მაშინ გაჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა კომპიუტერული ცენტრი. სიმწრით მახსენდება, როგორ ვცდილობდით კომპიუტერთან მუშაობის სწავლას. ძალიან ბევრი რამ იყო ისეთი, რაც წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, მაგალითად, პროექტის წერა. როგორ უნდა დაგვეწერა პროექტი, როცა ტექსტის აკრეფაც არ შეგვეძლო.

ცვლილებები

ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა „ფონდ ტასოსთან“ თანამშრომლობით, იყო ჩვენი სათემო ცენტრის დაარსება. მანამდე სოფელს არ გააჩნდა თავშეყრის ადგილი. აქ ვიკრიბებოდით და ბავშვებს კომპიუტერთან მუშაობას ვასწავლიდით, ვმართავდით კინოჩვენებებს, ვუზიარებდით გამოცდილებებს. 13/25 -ის რეზოლუციის ფარგლებში, სწორედ ჩვენ გავიტანეთ ინიციატივა განმუხურის ხიდის აღდგენის შესახებ. დღეს ახალი ხიდი გვაქვს, გვაქვს ინტერნეტი სოფელში, გვაქვს გაზი. მოსახლეობაც უფრო გააქტიურდა. დღეს ეს ის განმუხური არ არის, რაც იყო 2013-ში. თემის ცნობიერება სრულიად შეიცვალა. 

ვმუშაობთ ასევე დევნილების კუთხით, იმ დევნილებმა, რომლებიც ჩვენს თემში არიან, ჩვენი დახმარებითა და ადვოკატირებით მიიღეს საცხოვრებელი ფართები.  ვცდილობთ, იქ ვიყოთ, სადაც საჭიროება ჩნდება.

ახლა უკვე ვაპირებთ ორგანიზაციად დარეგისტრირებას, რადგან მიგვაჩნია, რომ გვაქვს ამის შესაბამისი გამოცდილება და ბაზა.

ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ ორგანიზაციის, რომლებმაც შვილივით მიმიღეს და ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს, ესენია: „ფონდი ტასო“, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ასოციაცია „თანხმობა”,  ფონდი „ნეფა“ და “ნეოგენი”, სადაც ამჟამად გავდივარ ტრენინგს ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი კომპეტენციების ასამაღლებლად.  შეიძლება ითქვას, რომ ოჯახის წევრი არ დაუდგება მხარში ადამიანს ისე, როგორც ეს ორგანიზაციები და მათი გუნდის წევრები დამიდგნენ.

 

 

სიახლეები
 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანსა და ხულგუმოში, “ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა...
30 მარტი, 2024
„ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრები გამართეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის...
29 მარტი, 2024
26-29 მარტს, ჩატარდა ტრენინგები ბიზნესის დაწყების მსურველთათვის.
29 მარტი, 2024