ENG
21 მარტი, 2022
ნინო ხარჩილავა მარტვილიდან

პირველი ნაბიჯები

მე ვარ ნინო ხარჩილავა. ვცხოვრობ მარტვილში. ვარ დევნილი და ვარ საინიციატივო ჯგუფ „აფხაზეთის“ ხემლძღვანელი. რამდენიმე წლის წინ, 2016 წელს, ჩვენს მუნიციპალიტეტში სამუშაოდ შემოვიდა „ფონდი ტასო“. მას შემდეგ უამრავი რამ შეიცვალა ჩვენს დასახლებაშიც. აქედან დაიწყო ჩვენი წინსვლა და წარმატება მრავალი კუთხით - განათლების კუთხით, კეთილმოწყობის კუთხით. შემოიტანეს კომპიუტერული ტექნიკა, გვასწავლეს კომპიუტერის მოხმარება, რაც ძალიან გამოადგა აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს წინსვლასა და განვითარებაში.

მას შემდეგ ჩამოყალიბდა რადენიმე საინიციატივო ჯგუფი, რომელიც როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ პროექტებზე მუშაობდა. ამ პროექტებმა ბევრად გააუმჯობესა ჩვენი ქალების ეკონომიკური მდგომარეობა. გარდა ამისა, დიდი ხალისი და მოტივაცია შემოიტანა ჩვენს დასახლებაში - მოუთმენლად ველოდით დავალებებს „ფონდი ტასოსგან“, გვინდოდა, ჩვენი მიღწევებით ისე გაგვეხარებინა, როგორც ჩვენ გვახარებდნენ. ვმუშაობდით განათლების და ქალთა უფლებების მიმართულებით; ჩვენ ვადგენდით საჭიროებებს, ფონდი კი გვეხმარებოდა ამა თუ იმ პროექტის განხორციელებაში. მაგალითად, ეზოში მოვაწყეთ საბავშვო მოედანი, რომელიც მთელს მუნიციპალიტეტში ყველა სხვა მოედნისგან განსხვავებული და სრულიად განსაკუთრებული იყო. თუკი ადრე ჩვენს ბავშვებს კილომეტრების გავლა უწევდათ, რომ კარუსელებზე მოხვედრილიყვნენ, ახლა უკვე ყველა ჩვენთან მოდიოდა.

ცვლილებები

მახსოვს ჩვენი ემოციები, როცა პირველად მოვხვდით თბილისის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში სამდღიან ტრენინგზე. ასეთ პირობებში მოხვედრა ძალიან უჩვეულო  და დაუვიწყარი იყო თითოეული ჩვენგანისთვის. მართალია, ახლა გვეცინება ამ ყველაფერზე, მაგრამ იმდროისათვის ის განცდები და გამოცდილებები ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრისმომცემი აღმოჩნდა.

2020 წელს ისევ „ფონდი ტასოს“ მხარდაჭერით, საშუალება მოგვეცა, დავხმარებოდით კოვიდ პანდემიით დაზარალებულ ხელმოკლე ოჯახებს. რამდენი წლის ვარ და აქამდე ასეთი უხვი ჰუმანიტარული დახმარება არასდროს მინახავს. ვისაც ეს დახმარება წილად ხვდა, სხვებსაც კი გადაუნაწილა.

სანამ „ფონდი ტასო“ ჩვენს დასახლებაში სამუშაოდ შემოვიდოდა, ჩვენც არ ვიცოდით, სად ვიმყოფებოდით. ყველანაირად უხალისო და უპერსპექტივო მდგომარეობა იყო, ყველანი გულჩაკლულები ვიყავით, ზედმეტი იყო საუბარი ბავშვთა გასართობ მოედნებზე, კომპიუტერებზე და ბიბლიოთეკაზე, მითუმეტეს, იმაზე, რომ ვინმე მოვიდოდა და უსასყიდლოდ ჩაგვიტარებდა კომპიუტერის შემსწავლელ კურსებს ან ამდენ ტექნიკას საჩუქრად გადმოგვცემდა. მაშინ ეს რომ ვინმეს ეთქვა, ზღაპარი გვეგონებოდა. ნამდვილად სასწაული მოხდა ჩვენს თავს. ფონდის შემოსვლის შემდეგ ყველას ხალისი მიეცა, ყველა რაღაცის მოლოდინში იყო, ყველა ცდილობდა, რომ საკუთარი თანამონაწილეობით და შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენით მადლიერება გამოეხატა "ფონდი ტასოს" მიმართ.

ჩვენს ქალებს ნამდვილად არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ სადმე რაიმე კურსები გაეარათ, მაგრამ როდესაც ეს შესაძლებლობა მიეცათ, ბევრმა შესანიშნავი უნარები გამოავლინა. ერთ-ერთი მათგანი კი ისე დაინტერესდა კომპიუტერებით და თვითგანვითარებით, რომ მოგვიანებით საკუთარი კომპიუტერული ცენტრიც კი გახსნა.

„ფონდ ტასოსთან“ და მისი გუნდის არაჩვეულებრივ წევრებთან გადაკვეთის შემდეგ უამრავი რამ ვისწავლე. ვნახე, რა არის პროექტი, როგორ ხდება მასზე მუშაობა, რა რესურსები არსებობს, რომ განვითარდე და სხვებსაც დაეხმარო განვითარებაში. თავიდან ჩემთვის ძალიან უცხო იყო პროექტზე მუშაობაც, ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ურთიერთობაც. სულ ხმა მიკანკალებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი ვისწავლე. ასე იყვნენ ჩვენი ქალებიც და რაღაც პერიოდის შემდეგ, ყველანი ისე განვვითარდით და ეს ისე თვალსაჩინო იყო, რომ რამდენჯერმე მამაკაცებმაც გამოთქვეს სურვილი, ჩვენს ტრენინგებში მიეღოთ მონაწილეობა. ხანდახან მართლა ძალიან რთულია, სიტყვებით გამოხატო მადლიერება, რომელსაც გულით ატარებ.

სიახლეები
 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანსა და ხულგუმოში, “ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა...
30 მარტი, 2024
„ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრები გამართეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის...
29 მარტი, 2024
26-29 მარტს, ჩატარდა ტრენინგები ბიზნესის დაწყების მსურველთათვის.
29 მარტი, 2024