ENG
06 დეკემბერი, 2022
ჩვეულებრივი მოძალადე

ანონიმური ბლოგი

რას მოიმოქმედებთ, თუკი გაიგებთ, რომ თქვენი მცირეწლოვანი ან მოზარდი შვილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა?

თქვენც მსხვერპლის დადანაშაულებას დაიწყებთ და იტყვით, რომ ბავშვს ზედმეტად მოკლე კაბა ან მოტკეცილი შარვალი ეცვა? თამამად ან გამომწვევად იქცეოდა?

სინამდვილეში, ყველამ კარგად ვიცით, რომ არ არსებობს სექსუალური ძალადობის წინასწარი განმაპირობებლები, ეს ყველაფერი მოძალადეების და მათი უპირობო გამმართლებლების, ჩუმი თანამზახველების და ტაშისმკვრელების გამოგონილია.

ვინ არის, როგორია თქვენს გონებაში მოძალადე?

თქვენც ფიქრობთ, რომ მოძალადე აუცილებლად ნასამართლევი, ნივთიერებებზე დამოკიდებული ან „დანაშაულებრივი“ ნიშნების შუბლით მატარებელია?

სინამდვილეში, არ არსებობს მოძალადის წინასწარი განწყობებით შექმნილი პორტრეტი, ეს ყველაფერი მოძალადეების და მათი უპირობო გამმართლებლების, ჩუმი თანამზახველების და ტაშისმკვრელების გამოგონილია.

წლებია, მივეჩვიეთ ქალებსა და გოგონებზე ძალადობის თემის გარჩევას, ვწერთ, ვკითხულობთ, ვითვლით და სულ უფრო ღიად ვსაუბრობთ, მაგრამ ძალადობის სტატისტიკა დამაიმედებლად არ იცვლება.

ყოველი მორიგი შემთხვევის გარჩევისას, ყურადღების ცენტრი მსხვერპლი, ანუ ძალადობის ობიექტი - ქალია. უმეტეს შემთხვევაში, დასკვნა პარადოქსულია და ერთია - მსხვერპლიც ის არის და დამნაშავეც ის არის. ხანდახან, უარესი - მოძალადის ცხოვრების დამანგრეველიც ის გამოდის.

როგორ ვასაზრდოებთ ჩვენს წიაღში პოტენციურ მოძალადეებს, რატომ ვუფრთხილდებით და რატომ ვაფარებთ ხელს ყველაფრის ფასად? მარტივად რომ ვთქვათ, რატომ გვიყვარს ჩვეულებრივი მოძალადე და რატომ ვქმნით მის მოჩვენებით ხატებს პროექციისთვის? ან სადამდე უნდა მივიდეს ადამიანის ტკივილი, რომ მისი გათავისება შევძლოთ და ჩვენს თავში რაღაც შევცვალოთ?

უკვე იმასაც შევეგუეთ, რომ ადამიანების უმეტესობას არაფრის შეცვლის სურვილი არ უჩნდება, სანამ პრობლება მას პირადად არ შეეხება. რეალური პრობლემა კი იმაშია, რომ ძალიან ხშირად არც ვიცით, ეს პირადად გვეხება, თუ არა. მაგალითისთვის, 11 წლის გოგონას დედამ, რომლის 19 წლის დეიდაშვილმა მასზე სექსუალურად იძალადა, არაფერი იცის ამ შემთხვევის შესახებ. სოციალურ ქსელში სქროლვისას აწყდება სტატიას მამაკაცის მიერ შვილზე სექსუალური ძალადობის შესახებ და აღმოხდება: „უნდა გაატყავო ეს საძაგელი და ყვერებით დაკიდო! ნახე შენ, რას გიზამენ ციხეში... ან რას გავს ეს უპატრონო!“ მერე მის შვილზე მოძალადე ოთახში შემოდის, დედა ვერ ამჩნევს ბავშვის უჩვეულოდ შეშინებულ გამომეტყველებას და დისშვილს მიმართავს: „დეიდა, ჩაის გაგიკეთებ. უი. პური აღარ ყოფილა, წავალ ამოგიტან.“ 

დედამ არ იცის ის, რაც მას ეხება. რომ იცოდეს, ჯერ თავის დისშვილს გაატყავებდა და მერე სხვას. მაგრამ სოფლიდან ჩამოსული დისშვილი მის ბინაში ცხოვრობს, მის მაცივარს აღებს, მის გარეცხილ და დაუთოებულ ტანსაცმელს იცვამს და ქუჩაში უდარდელად დააბიჯებს, რადგან ის სუფთად ჩაცმული, დავარცხნილი, თავაზიანი მოძალადეა, მეტისმეტად ჩვეულებრივია იმისთვის, რომ მასზე ცუდად იფიქრონ.

რიგ შემთხვევებში, მსხვერპლის დადანაშაულების პრაქტიკა ძალადობის აქტისგან საკუთარი თავის დისტანცირებას უკავშირდება. მელვინ ლერნერის „სამართლიანი სამყაროს“ ჰიპოთეზის თანახმად, ადამიანები ეძებენ კანონზომიერებას იმაში, რომ მსხვერპლს უსიამოვნება ან უბედურება შეემთხვა. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ საკუთარ თავს დააჯერონ, თითქოს მსგავსი შემთხვევისგან დაცულები არიან, რადგან არ ჰგვანან მსხვერპლს, რომელმაც „დაიმსახურა“ის, რაც დაემართა. ძალადობის აქტში კანონზომიერების ძიება მოძალადის თანამზრახველობის და მასთან თანამშრომლობის ტოლფასია.

სექსუალური ძალადობის უმეტესი შემთხვევა ოჯახის წევრების, ახლობლებისა და ნაცნობებისგან ხდება და ასევე უმეტეს შემთხვევაში, ამგვარი ძალადობა დაუსჯელი რჩება. სწორედ იმიტომ, რომ ადამიანებმა არ იციან ის, რაც მათ ეხება. სწორედ იმიტომ, რომ მოძალადე მეტისმეტად ჩვეულებრივია იმისათვის, რომ მასზე ცუდად იფიქრონ.

რატომ არ იღებენ ხმას ბავშვები და მოზარდები? იმიტომ, რომ სიმართლე იმდენად მწარეა, რომ მისი მიღება არავის სურს. ეს შენი ჯვარია და შენ უნდა ზიდო, ამ სიმართლისთვის ძალიან დაისჯები, რადგან ამის მოსასმენად მზად არავინ არის. რაღაცნაირად შენი ცხოვრება იმ ერთი დღისთვის სამზადისად იქცევა, როცა ყველაფერს იტყვი, მაგრამ ეს დღე არ დგება. არის დღეები, როცა მღელვარება მატულობს, პიკს აღწევს და შენ იძულებული ხარ, წერტილი დასვა, მაგრამ ეს წერტილი სულ სხვაგან დასმული წერტილია, სრულიად მოულოდნელად გაწყვეტილ ამბავში, იქ სადაც ის არალოგიკური და შეუფერებელია. მერე ამბობენ, რომ უცნაური ადამიანი ხარ და დადიხარ ასე, უცნაური ადამიანის სტატუსით განსაზღვრული.

როგორ დავიცვათ ბავშვები? ვასწავლოთ, რომ სიმართლის თქმა ყოველთვის და ყველა პირობებში სიკეთის მომტანია, სიჩუმე კი მოძალადისთვის სასათბურე პირობების შექმნაა. მინიმუმამდე დავიყვანოთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ ბავშვი პოტენციური მოძალადის ობიექტად იქცეს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის კავშირი გვაქვს მასთან, იქნება ეს ნათესაობა, მირონი, მეგობრობა თუ ახლობლობა. გვახსოვდეს, რომ „საძაგელი“ მოძალადის პორტრეტი, რომელიც ასე მყარად გვაქვს გამჯდარი თავში, ჩვეულებრივმა მოძალადეებმა დაგვიხატეს.

ფიქრობთ, რომ არ გეხებათ? სტუდენტობისას ოთხი მეგობარი დავსხედით სასაუბროდ. აღმოჩნდა, რომ ოთხიდან სამს ბავშვობაში სხვადასხვა სახის სექსუალური ძალადობა ჰქონდა გადატანილი. როგორ გაგრძელდა ჩვენი ცხოვრება ერთმანეთის შესახებ ამ ცოდნის გაზიარებით? რას ვფიქრობთ ახლა, როცა ვიხსენებთ მოძალადეების პორტრეტებს?


პორტრეტი #1



პორტრეტი #2

პორტრეტი #3


არ არსებობს საერთო ჩარჩო, რომელშიც მოძალადეს შეტენი და ჩაატევ. მოძალადის პორტრეტი კაცობრიობის ისტორიის ხანგრძლივობის და ნაირსახეობისაა. არც ის არის გამოსავალი, რომ ყველას ეჭვის თვალით ვუყუროთ და ადამიანებში პოტენციური მოძალადეები ვეძებოთ, უბრალოდ უნდა დავუშვათ ის, რომ დაუშვებელი არაფერია, მინიმუმამდე დავიყვანოთ ამ „დაუშვებლის“ დაშვება და ყოველთვის მზად ვიყოთ თუნდაც ყველაზე აუტანელი სიმართლის მისაღებად. ასე უფრო ნაკლები ადამიანი დაიტანჯება და სამყაროც ოდნავ უკეთესი იქნება, ვიდრე ის გუშინ იყო.

 

სიახლეები
19 სექტემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, კაორი იშიკავა, ნორვეგიის...
20 სექტემბერი, 2024
18 სექტემბერს, „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, ჩოხატაურის რაიონის სოფლებში...
19 სექტემბერი, 2024
5-7 ივნისს "ქალთა ეკონომიკური გაძლიერების" პროექტში ჩართულ ქალებს ოჯახში ძალადობის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ.
07 ივნისი, 2024