ENG
23 დეკემბერი, 2022
ელეონორა გურჩიანი წინწყაროდან

მე ვარ ელეონორა გურჩიანი, დაბადებული და გაზრდილი კოდორის ხეობაში, სოფელ გენწვიშში. იქვე დავამთავრე სკოლა, შემდეგ კი სასწავლებლად და სამუშაოდ ქალაქ სოხუმში წავედი. უმეტესად სოხუმში ვიყავი. იქ ვიყავი ომის დაწყების დროსაც. ჩემი ოჯახის წევრები წინა ხაზზე იბრძოდნენ. 90-იანი წლების აფხაზეთის ომში უამრავი ახლობელი, ძალიან ბევრი კოდორელი ახალგაზრდა, სულ ნარჩევი ბიჭები დავკარგეთ.

ე.წ. სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ, ისევ სოხუმში დავბრუნდით, მაგრამ საბოლოოდ, როდესაც ეს მოლაპარაკება დაირღვა, უკან ძლივს გამოვასწარით და თან უამრავი ნაცნობი თუ მეგობარი გამოვიყოლეთ.

შემოდგომა იყო, ხეობაში უკვე ციოდა. მახსოვს, იმ დროს ჩამოთოვა კიდევაც. გზაზე საზარელი სანახაობა იყო. ადამიანები ჩვენს თვალწინ იყინებოდნენ, გადარჩენილები კი თავიანთ გარდაცვლილ ოჯახის წევრებს და ახლობლებს გზაზევე ტოვებდნენ, რამეს გადააფარებდნენ და მიდიოდნენ. დღემდე არ ამომდის თავიდან სცენა, რომელიც იქ ვნახე - ახალნამშობიარები ქალი და მისი ჩვილი, რომლებიც ადგილზე გაყინულან. ეს და კიდევ ვინ იცის, რამდენი ადამიანური ტრაგედია გვაქვს ნანახი.

იმ პერიოდში, თავი ჭუბერს შევაფარეთ, მერე ქუთაისში გადავედით და ბოლოს ისევ დავრუნდით ჩვენს ხეობაში. 15 წელი სულ შიშში გავატარეთ. კიდევ კარგი, ბავშვები გამოყვანილი გვყავდა, როდესაც, 2008 წელს, ხეობის დაბომბვა დაიწყო. ძლივს გამოვაღწიეთ. ჯერ დიდ ლილოში, შემდეგ კი წინწყაროში ჩაგვასახლეს.

თავიდან წინწყაროში რომ ჩამოვედით, აქ არაფერი არ იყო, მაგრამ იმ იმედით დავრჩით, რომ ნელ-ნელა საერთო საქმისთვის ყველაფერს გავაკეთებდით. ჩვენთან ერთად იყო კოდორელი ქალბატონი ნელი ანსიანიც, რომელიც დევნილების სახელით „ფონდი ტასოს“ ხელმძღვანელთან, ქალბატონ მარინა თაბუკაშვილთან მივიდა და ჩვენი საჭიროებების შესახებ მოუყვა.

მალე ორგანიზაციის თანამშრომლები ადგილზე ჩამოვიდნენ და ყველაფერი საკუთარი თვალით იხილეს. დავინახე თუ არა ეს ადამიანები, ძალიან სწორად შევაფასე მათი როლი და მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობები. მახსოვს, იმ შეხვედრიდან ბევრი ქალი გავიდა, როცა გაიგეს, რომ ორგანიზაციის პროექტი პირდაპირ დაფინანსებას არ გულისხმობდა. მამაკაცებმაც გააპროტესტეს და სერიოზულად არ აღიქვეს უპირობო დაფინანსების ნაცვლად  საგანმანათლებლო კომპონენტის შემოთავაზება. მანამდე სოფელში ბევრი ფული იხარჯებოდა, მაგრამ საქმე არ კეთდებოდა, ქალბატონ მარინას კი უამრავი რამ აქვს გაკეთებული სოფლად. მეც დღემდე ვამაყობ, რომ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და შეხვედრაზე ბოლომდე დავრჩი.

„ფონდი ტასოს“ ჩამოსვლიდან მალევე თემში თვითდახმარების ჯგუფები ჩამოყალიბდა და ერთობლივად დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ გაგვეუმჯობესებინა ჩვენი საარსებო პირობები. ადგილობრივებმაც ნახეს, რომ ყველას სასიკეთოდ ვსაქმიანობდით და მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვზრუნავდით. ხშირად გვეუნბებიან კიდეც, რომ მეტი ძალა გვაქვს, ვიდრე მათ. თანდათან სხვა ქალებიც შემოგვიერთდნენ, ჯგუფები დაგვემატა, ვისწავლეთ ბევრი რამ, რაც მთავარია, ვისწავლეთ პროექტების წერა და დავიწყეთ მათი განხორციელება. ჯგუფში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტიც დაგვიფინანსდა, მათ შორის, სამკერვალო და სალონი. დაინერგა მოხალისეობის კულტურაც, რაც აქამდე სრულიად უცხო იყო. სოფელში დასუფთავების აქცია მოვაწყეთ. თავიდან ბევრმა იუკადრისა, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა აგვიბა მხარი და საბოლოოდ სოფელიც აგვყვა, ორმოცამდე ადამიანი შევიკრიბეთ. ყველაზე პატარა მოხალისე 8 წლის იყო, ხოლო ყველაზე უფროსი - 70 წლის.

შემდეგ დავრეგისტრირდით ორგანიზაციად და სხვადასხვა ორგანიზაციისა და კოდორის მუნიციპალიტეტის დახმარებით საოფისე შენობა შევიძინეთ. ეს შენობა და აქ არსებული ინვენტარი ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან ეხმარება, მიმდებარე სოფლებშიც ასეთი რესურსი არსად აქვთ. პროექტის წერაშიც ვეხმარებით, თუ ვინმეს ამის საჭიროება აქვს, ვეხმარებით შევსებაში, გადაგზავნაში, ამობეჭდვაში და ასე შემდეგ.

აქ რომ პირველად ჩამოვედით, ცენტრში მხოლოდ ერთი მაღაზია იყო, არც შუქი გვქონდა, არც გათბობა. მაშინ ცხვრის პერიოდმა მოგვისწრო, მე კი ასეთი რამ მანამდე არასდროს მენახა - თვეების განმავლობაში ცხვრის ფარა სოფლის მთავარ გზაზე გადიოდა, რასაც საშინელი ხმაური, მტვერი და სუნი ახლდა თან. ადგილობრივები ამას შეგუებულები იყვნენ და არავის სჯეროდა, თუ ამის შეცვლა შესაძლებელი გახდებოდა. ალბათ ერთი წელი ვცდილობდით, ხმა მიგვეწვდინა გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის და ბოლოს მაინც მივაღწიეთ ჩვენს მიზანს. გაკეთდა შემოვლითი გზა და ეს ჩვენი ორგანიზაციის, „კოდორი 2013“-ის უდიდესი გამარჯვება იყო.

ვფიქრობ, რომ არა ეს საქმიანობა, ჩემი ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. ფაქტობრივად, დრო არ მრჩება მოწყენილობისთვის, ვიცნობ საქართველოს ყველა კუთხის ყველაზე აქტიურ ქალებს, ვმეგობრობ მათთან და ამით ვარ ძალიან ამაყი. ეს ყველაზე მთავარია, რაც ამ საქმიანობამ შემძინა. ამას გარდა, ეს ისეთი საქმიანობაა, რომ მუდმივად მოითხოვს პიროვნულ განვითრებას და წინსვლას, მეც ვცდილობ, ფარ-ხმალი არ დავყარო და ფეხი ავუწყო ამგვარი ცხოვრების რიტმს. მიხარია ისიც, რომ ახალგაზრდებს აინტერესებთ ჩვენი საქმე, მოხალისეობრივად გვიერთდებიან და ჩვენთან ერთად შრომობენ, ჩვენც სიხარულით ვუზიარებთ იმ ცოდნას და გამოცდილებას, რაც ამ წლების განმავლობაში დაგვიგროვდა.

 

სიახლეები
19 სექტემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, კაორი იშიკავა, ნორვეგიის...
20 სექტემბერი, 2024
18 სექტემბერს, „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, ჩოხატაურის რაიონის სოფლებში...
19 სექტემბერი, 2024
5-7 ივნისს "ქალთა ეკონომიკური გაძლიერების" პროექტში ჩართულ ქალებს ოჯახში ძალადობის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ.
07 ივნისი, 2024