ძროხები, ხბოები, კურდღლები, ქათმები, მერე კი სახლის საქმეები და ოჯახი“, – 35 წლის მზია სურმანიძე იმ საშინაო საქმეების თანმიმდევრობას ასახელებს, რომლებსაც ყოველ დილით, შვიდი საათიდან ასრულებს.
კურდღლების მოვლა მის დღის განრიგს 3 წლის წინ დაემატა – სწორედ მაშინ მზიამ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ფონდი ტასოს“ პროექტით დაფინანსება მიიღო და ასპინძის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი) კურდღლების ფერმა პირველმა გააშენა.
მზია სოფელ ხერთვისში ქმარსა და 3 შვილთან ერთად ცხოვრობს. პროფესიით სტომატოლოგს, არასდროს უმუშავია, ამიტომ მეკურდღლეობამ მისი ყოველდღიურობა თავიდან ბოლომდე შეცვალა.
„ცხოველების მოვლა ძალიან შრომატევადია. მეუღლე და შვილებიც მეხმარებიან, მაგრამ ვიცი, რომ კურდღლები სულ მე მელოდებიან. ფეხის ხმაზე ხვდებიან, ვინ მიდის მათთან და მოძრაობით გაგრძნობინებენ, რომ გიცნეს. აი, მაგალითად, მე რომ ვაკითხავ, კუთხეში ჯგუფდებიან და სანამ გამოვუცვლი, დავასუფთავებ, საჭმელს დავუყრი, ერთ ადგილას მიცდიან ხოლმე. მოფერებით სახელებს ვეძახი, ველაპარაკები, მათთან ურთიერთობა ძალიან მამშვიდებს“, – ჰყვება მზია.
დღემდე ახალგაზრდა ფერმერმა უკვე 35-ზე მეტი კურდღელი გაყიდა და ეს საქმიანობა შემოსავლის წყაროდაც აქცია. თუმცა, მზია მხოლოდ მეკურდღლეობით არ შემოიფარგლება და აქტიურადაა ჩართული „ფონდი ტასოს“ ინიციატივებში, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ამ პროექტით მზიას კურდღლების ფერმაც დაუფინანსდა და ინგლისური ენის შემსწავლელი სამთვიანი კურსიც. მასთან ერთად, საკუთარი საქმიანობის დასაწყებად, დაფინანსება ასპინძის მუნიციპალიტეტში 21-მა ქალმა მიიღო, პროფესიული კურსები 7-მა გაიარა, სოციალურ მობილიზაციაში კი 165 ჩაერთო.
„პირველად ტოლოშელი ქალებისგან გავიგე, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტში ასეთი სიახლე იყო და გადავწყვიტე, ხერთვისიდანაც მიგვეღო მონაწილეობა. ტოლოშში, შეკრებებზე, ფეხით მივდიოდით ხოლმე, მე ხშირად ბავშვებსაც ვერ ვტოვებდი და თან მიმყავდა, პრაქტიკულად შეხვედრებსა და ღონისძიებებზე გავზარდე. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ ახალ ცოდნას მივიღებდი, ოდესმე ჩემი ბიზნესი მექნებოდა და თან, წარმატებული“, – ამბობს მზია და დასძენს, რომ პროექტმა მისი თანასოფლელი ქალების ცხოვრებაც შეცვალა: სახლებიდან გამოიყვანა, მეტი სითამამე და თავდაჯერებულობა შემატა, საკუთარი უფლებები და რესურსების სწორად გამოყენება ასწავლა.
„ქალები სოფლის შეკრებებს საერთოდ არ ვესწრებოდით, ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა: თვითმმართველობიდან შეხვედრების ორგანიზებაზე რომ რეკავენ, სულ ამბობენ, ქალებს გააგებინეთო. ჩვენც, დარაზმულები, წინა ხაზზე ვდგავართ“, – აღნიშნავს მზია.
ქალების გაძლიერებამ ხერთვისელებისთვის სასიკეთო ცვლილებები უკვე მოიტანა: საჭიროებების კვლევის ჩატარების შემდეგ ქალები ადგილობრივ თვითმმართველობას მრგვალი მაგიდის ფორმატით შეხვდნენ, თანასოფლელების გამოწვევები გააცნეს და პირველ შედეგებსაც მიაღწიეს: მათი აქტიურობით, სკოლასთან დამაკავშირებელი ხიდი შეკეთდა, მალე კულტურული თავშეყრის სივრცის რემონტიც დასრულდება. ქალების მომდევნო გეგმა კი სოფელში ბიბლიოთეკისა და ამბულატორიის გახსნაა. „ძალიან ვაქტიურობთ და ვიცით, ყველაფერი გამოგვივა“, – ამბობს მზია და სამომავლო ინიციატივებისთვის ენთუზიაზმით ემზადება.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის, „ფონდი ტასოსა“ და ქეა საერთაშორისო კავკასიის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.