ENG
10 თებერვალი, 2023
ნანა სტეფლიანი წინწყაროდან

მე ვარ ნანა სტეფლიანი, დევნილი აფხაზეთიდან, კოდორის ხეობიდან. 16 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი სოფელი დაიბომბა. იმ დღესვე მთელმა ოჯახმა მეზობლის სატვირთო მანქანით დავტოვეთ საცხოვრებელი ადგილი. ბომბდამშენები ჩვენს თვალწინ ბომბავდნენ ხეობას, თუმცა მშვიდობით გამოვაღწიეთ და ჭუბერში ჩავედით. ჯერ ქუთაისში დავრჩით, შემდეგ - თბილისში.

წინწყაროში 2010 წელს ჩამოგვასახლეს. ირგვლივ არაფერი არ იყო, არც გაზი გვქონდა, არც შუქი, არც წყალი. ერთი პატარა მაღაზია იყო მთელ სოფელში, არ იყო ბანკი, არადა, ბევრი ოჯახი ცხოვრობდა. ნელ-ნელ ახლადჩასახლებულმა დევნილმა ქალებმა ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად აქტიურობა დაიწყეს. ამ დროს გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში „ფონდი ტასოც“. ერთ დღეს ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილზე ჩამოვიდნენ და პირველსავე შეხვედრაზე ტრენინგები შემოგვთავაზეს. გვითხრეს, რომ ახალგაზრდებსაც შეგვეძლო აქტივობებში ჩართვა. შეიქმნა თვთდახმარების ჯგუფები და ორი ახალგაზრდული ჯგუფი, რომლებმაც თითო პროექტი დავწერეთ. ორივე პროექტი დაგვიფინანსდა. ერთი პროექტი იყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცის შექმნა, ხოლო მეორე - საბავშვო ბაღისთვის ინვენტარის შეძენა. ეს იყო დიდი მოტივაცია, რომ უფრო მეტი გაგვეკეთებინა. მოგვიანებით კიდევ ერთი პროექტი განვახორციელეთ. ახალგაზრდულ ჯგუფს გვქონდა სურვილი - ჩვენი საქმიანობების უკეთ განხორციელებისთვის საკუთარი სივრცე და ინვენტარი გვჭირდებოდა. ახლა უკვე გვაქვს ასეთი სივრცე წიგნებით, კომპიუტერით, პრინტერით და სხვა საჭირო ინვენტარით.

უმეტესად მოხალისეობრივად ვმუშაობდით, ყველაფერში ვიღებდით მონაწილეობას, რაც თემის კეთილდღეობას ეხებოდა. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მოსახლეობას შენი სჯერა, გენდობა, შენი იმედი აქვს და შენც შეგიძლია, რომ რაღაცაში დაეხმარო, გვერდში დაუდგე, ეს ძალიან სასიამოვნო განცდაა.

დაწყებული ახალგაზრდული ჯგუფის მოხალისეობიდან დღემდე, „ფონდი ტასოს“ მიერ ჩატარებულ ყველა საგანმანათლებლო შეხვედრას და ტრენინგს ვესწრები, რადგან ყველაფერი მაინტერესებს. ისედაც, თუ სადმე რაიმე ტრენინგი ტარდება, ვცდილობ, ყველას დავესწრო. თუნდაც ტრენინგის თემა მეორდებოდეს, მაინც მაინტერესებს, რადგან მაინც იგებ ახალ რამეს, გაიცნობ უამრავ ახალ ადამიანს სხვადასხვა რეგიონიდან თუ მუნიციპალიტეტიდან. რაც უფრო მეტ ადამიანს იცნობ, მეტად ძლიერდები.

ცოტა ხნის წინ „ფონდი ტასოს“ საგანმანათლებლო პროგრამაში „ქალთა სკოლა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრობისთვის“ მივიღე მონაწილეობა. ძალიან ბევრი რამ გავიგე, ბევრი საინტერესო სპიკერი ჰყავდათ. ახალი თემა იყო ეკოლოგია, რომლითაც დავინტერესდი. ვაპირებ, სოფელში ეკოკლუბი ჩამოვაყალიბო, რადგან ბავშვებსაც ძალიან აინტერესებთ ეს საკითხი. მინდა, ვესაუბრო ნარჩენების მართვის შესახებ და ვფიქრობ, ეს იდეა საინტერესო საქმიანობაში გადაგვეზრდება.  

ამჟამად სკოლაში ვმუშაობ მანდატურის სამსახურში. დილიდან დღის სამ საათამდე სკოლაში ვარ. ბავშვებთან ძალიან ვმეგობრობ და ყველას პირადად ვიცნობ. სკოლაში სამასზე მეტი ბავშვია და ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სფეროში, სადაც ვმოღვაწეობ, უამრავი გამოწვევაა, ვფიქრობ, წარმატებით ვუმკლავდები ამ გამოწვევებს.

გაკვეთილების ბოლოს, როგორც კი დავრწმუნდები, რომ სკოლა ყველა მოსწავლემ დატოვა, სახლში მივდივარ, სამოსს ვიცვლი და მეორე სამსახურში, ორგანიზაცია „კოდორი 2013" -ის ოფისში გადავდივარ. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, ყოველ საღამოს, ხელნაკეთი ნივთების დამზადებით ვარ დაკავებული. სახლში ვაკეთებ სხვადასხვა სამკაულს, მინანქარზეც ვმუშაობ. დავდივარ გამოფენებზე, მუნიციპალიტეტიც მიცნობს, როგორც ხელოვანს და ღონისძიებებზე მიწვევენ. მაქვს ჩემი გვერდი სოციალურ ქსელში. ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება; პანდემიის დროს ფოტორედაქტირების კურსიც გავიარე, ასე რომ, მე თვითონ ვიღებ ჩემი ხელნაკეთი ნივთების ფოტოებს და ვათავსებ სოციალურ ქსელებში, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს. თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩება.

ჩემი, როგორც პიროვნული, ისე პროფესიული განვითარების საქმეში „ფონდ ტასოს“ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ბევრი ახალგაზრდა ჩაერთო ჩემთან ერთად იმ თავდაპირველ პროექტებში, მაგრამ ბევრიც ჩამოგვშორდა. მე გავითავისე ერთი რამ, რომ ეს ჩემთვის იყო, ჩემი განათლებისთვის, ჩემი ცნობიერების ამაღლებისთვის და ამიტომ ვცდილობდი, რომ არასდროს გამეცდინა ტრენინგები.

ბევრი საქმე გვაქვს გაკეთებული ორგანიზაციაში, ბევრ ადამიანს ვეხმარებით და ბევრს აქვს ჩვენი იმედი. მეც უფრო გავაქტიურდი, თემთან ურთიერთობა და ეფექტური კომუნიკაცია ვისწავლე. რაც ყველაზე მთავარია, მაქვს იმის განცდა, რომ ის ცოდნა, რაც მივიღე, უკვე შემიძლია, სხვასაც გადავცე. მინდა, მოტივაცია ვიყო ახალგაზრდებისთვის და მათაც დაიჯერონ, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, თუკი ძალიან მოინდომებენ.

 

 

სიახლეები
19 სექტემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, კაორი იშიკავა, ნორვეგიის...
20 სექტემბერი, 2024
18 სექტემბერს, „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, ჩოხატაურის რაიონის სოფლებში...
19 სექტემბერი, 2024
5-7 ივნისს "ქალთა ეკონომიკური გაძლიერების" პროექტში ჩართულ ქალებს ოჯახში ძალადობის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ.
07 ივნისი, 2024