ENG
22 თებერვალი, 2023
რა ბარიერები აქვთ ქალებს?

ხშირად მეკითხებიან, განსაკუთრებით, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რა ბარიერებს აწყდებიან ქალები? რატომ არის საჭირო მათთვის სპეციალური ზომები თუ პროგრამები? ჩვენი კანონები და პროგრამები ხომ სულაც არ არის დისკრიმინაციული? ისინი ხომ მოიაზრებს ქალებისა და კაცების თანამონაწილეობას ნებისმიერ სფეროში?

მეორეს მხრივ, კი, უკვირთ, რატომ არ არიან ქალები თანაბრად ჩართულნი ყველა სფეროში, რატომ არის სტატისტიკა ასეთი განსხვავებული ქალებისა და კაცების შემთხვევაში? რატომ ვერ ხერხდება თანასწორობის უზრუნველყოფა?

მართალია, ჩვენი საკანონმდებლო ბაზა იხვეწება ადვოკატირების კამპანიების თუ მრავალწლიანი გაწეული ძალისხმევის შედეგად, ნელ-ნელა წინ მივდივართ, თუმცა თანასწორობას ჯერ ვერ უზრუნველვყოფთ, არსებული პროგნოზით, კიდევ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.

რატომ? იქნებ იმიტომ, რომ კანონები არ არის მგრძნობიარე, ისინი გენდერულად ნეიტრალურია და ხშირად ბრმაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არ ითვალისწინებს ქალების საჭიროებებს და მათ წინაშე აღმართულ ხელოვნურ ბარიერებს. ანუ, როგორც ხშირად მესმის, იმიტომ კი არა, რომ მოტივაცია არ აქვთ, ან იმიტომ კი არა, რომ არ აინტერესებთ, ან იმიტომ კი არა, რომ განვითარებისა და წინსვლის სურვილი არ აქვთ, მე ვიტყოდი, რომ პირიქით, სწორედ ამ ყველაფრის მიუხედავად, ბარიერების გამო, რომელსაც ჩვენი კანონები და პროგრამები არ ითვალისწინებს, მეტიც, ისინი გენდერულად ბრმაა.

რას ნიშნავს გენდერულად ნეიტრალური ან გენდრულად ბრმა? არააკადემიური განმარტებით და მარტივი ენით, ეს ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ჩარჩოში გენდერული განსხვავებები, როლები, გამოცდილებები და საჭიროებები არ არის გათვალისწინებული.

თავის მხრივ, ყოველივე ეს ქმნის ბარიერებს, რომელზეც აქ ვისაუბრებ. მაგალითად, ბარიერია ქალისთვის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობასთან თუ საკრედიტო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის მიწისა და ქონების პირად საკუთრებაში არარსებობა. რატომ არ აქვთ ქალებს საკუთრებაში ქონება? იმიტომ, რომ ჩვენი სტერეოტიპული დამოკიდებულებებით ყველაფერი, რაც ოჯახს საკუთრებაში გააჩნია, ავტომატურად „ბიჭს მემკვიდრეობით ეკუთვნის“. თუმცა რატომ არის ასე, როცა კანონში ამ მხრივ არანაირი ჩანაწერი არ არსებობს და წესით ოჯახის ქონება თანაბრად ეკუთვნის ბიჭსაც და გოგოსაც, ქალსაც და კაცსაც. ნებისმიერი მშობლისთვის, ალბათ, წარმოუდგენელია შვილების განსხვავებული ხარისხით სიყვარული ან პრიორიტეტების მიხედვით გამოყოფა, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში, ფაქტია, სწორედ ასე ხდება დაყოფა სქესის მიხედვით, როცა საქმე ქონებასა და საკუთრებას ეხება.

და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ მსგავსი ბარიერის აღმოსაფხვრელად? სტერეოტიპების წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს, რადგან ეს არ არის მხოლოდ „ოჯახის საქმე“, ეს ეხება სახელმწიფოსაც და გავლენას ახდენს ქალთა არასაკმარის მონაწილეობაზე სხვადასხვა სფეროში, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლაზე ახდენს გავლენას. როგორ ებრძოლოს სახელმწიფო სტერეოტიპებს? როგორც გამოცდილებაზე დაყრდნობით მოქმედებენ სხვადასხვა ქვეყნები, როგორც მუშაობს სამოქალაქო საზოგადობა, როგორც მუშაობს სპეციალური ზომები და ამას პოლიტიკური ნება და პირველ რიგში, პრობლემის აღიარება სჭირდება. პრობლემისა, რომ ქალებისთვის ბარიერები არსებობს და ეს ბარიერები ხშირად ხელოვნურად არის შექმნილი.

ამასთან დაკავშირებით არაერთი კვლევა და განვითარებული ქვეყნის მაგალითი არსებობს, მათი განხილვა შორს წაგვიყვანს და დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ, უბრალოდ ინტერნეტში მოიძიოთ. ადგილობრივი კვლევებიც მრავლად გვაქვს, რომელიც ადასტურებს ზემოთ აღნიშნულს, მაგალითად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევები. მე, აქ, ადგილობრივ კონტექსტზე და არსებულ ბარიერებზე მინდა გავაკეთო აქცენტები.

დანომრვა, ალბათ, უხერხულია, თუმცა ყველაზე მწვავე ბარიერი, სტერეოტიპებია და შემდეგ, მიწისა და ქონების საკუთრებაში არქონა. რაც, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია იმ პროგრამებში მონაწილეობასთან, რომლებიც  მოითხოვენ ამას, როგორც ერთ-ერთ კრიტერიუმს. მეორეს მხრივ, თანამონაწილეობა მოითხოვს ფულადი სახსრების ქონას ან საბანკო/საკრედიტო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას სესხის აღებისთვის, რომელიც, თავის მხრივ, ასევე მიწისა ან სხვა უძრავი ქონების არსებობას მოითხოვს. შემდგომი ბარიერი ზემოთ ჩამოთვლილი ბარიერების გასწვრივ ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა, რაც პირდაპირ კავშირშია არსებულ ქონებასა და აქტივებთან, რაც ქალებს ძალიან შეზღუდულად აქვთ ჩვენს ქვეყანაში. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი აჩენს დამატებით ბარიერებს, რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობას ან სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას ზღუდავს. კი, არსებობს უფასო კურსები და ვებინარებიც, თუმცა ისინი უფრო კონკრეტული თემებით შემოიფარგლება და არ იძლევა გრძელვადიან მიზანზე ორიენტირებულ შედეგებს. შესაბამისად, ეს ყოველივეც სახელმწიფოს საქმეა და მან უნდა უზრუნველყოს სისტემური მხარდაჭერა განათლებასა თუ შემდგომ კონსულტირებაში და არა მხოლოდ მონიტორინგი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, სწავლების ნაცვლად კონტროლს გულისხმობს.

ამრიგად, ბარიერები ნამდვილად გვაქვს ქალებს და თანაც ბევრი. ქალებისთვის, რომლებიც რეგიონებსა და სოფლებში ცხოვრობენ, ეს ბარიერები ხშირად ინტერსექციულია, ეთნიკურობის, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, საჭიროა, სახელმწიფო პოლიტიკა და ყველა სექტორში თითოული ადამიანის საჭიროებების გათვალისწინება, რომელიც ექსპერტებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ჩართვას მოითხოვს. განსაკუთრებით კი, მნიშვნელოვანია თავად ქალების მოსმენა, მათთან კონსულტაციები და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.  

ბარიერების არსებობა ქალებს სხვა სასტარტო პირობებში აყენებს, რაც დასაწყისშივე უთანასწორო მდგომარეობაა. ბარიერების აღიარება ნიშნავს მათ დანახვას და შესაბამისი გადაჭრის გზების ძიებას. ამისთვის ქვეყანას უნდა ჰქონდეს ხედვა და ნება, რომ გადაწყვეტილებების მიღება ქვევიდან ზევით პრინციპით მოხდეს. ეს გულისხმობს ადგილობრივი საჭიროებების შესწავლას, ადამიანების მოსმენას, ადგილობრივი პროგრამებისა და ბიუჯეტების ამის მიხედვით დაგეგმვას და მხოლოდ ამის შემდეგ, სახელმწიფო პროგრამების თუ პოლიტიკის დონეზე გადაწყვეტილებების მიღებას. არჩეული გზაც ამას გულისხმობს, თუმცა ჯერ კიდევ ცენტრალიზებულია.

ზემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებზე ჩემი პასუხია: დიახ, ქალებისთვის და გოგონებისთვის ბარიერები არსებობს.

ბარიერების აღიარებას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას სჭირდება პოლიტიკური და ინფორმირებული ნება, ხოლო ინფორმაციის მოძიება ძალზე მარტივია.

თუკი დავიწყებთ აღიარებით, ეს ლოგიკურად მიგვიყვანს ქალებისთვის ისეთი ზომებისა და პროგრამების შემუშავებამდე, რაც უზრუნველყოფს თანაბარ სასტარტო პირობებს და თანასწორუფლებიანობას. ქალების ყველა სფეროში ჩართულობის ზრდა კი გულისხმობს დამატებით სამუშაო ძალას, უფრო განათლებულ და ჯანმრთელ მომავალ თაობებს, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის განვითარების უპირობო საწინდარია.

სიახლეები
26 და 27 ნოემბერს, “ფონდი ტასოს“ გუნდმა თვით-დახმარების ჯგუფის წევრებთან...
28 ნოემბერი, 2024
26 ნოემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგასა და სვირში არსებულ თვით-დახმარების...
27 ნოემბერი, 2024
25 ნოემბერს, “ფონდი ტასოს“ გუნდმა თვით-დახმარების ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრები...
26 ნოემბერი, 2024