ENG
29 მაისი, 2023
ნათია ღურწკაია კახათიდან

მე გახლავართ ნათია ღურწკაია, 39 წლის. ვარ აფხაზეთიდან, ამჟამად ვცხოვრობ ზუგდიდის რაიონ სოფელ კახათში. ვარ სამი შვილის დედა.  

ჩემი ბიზნესი, მისი გაფართოება და ყველა სხვა სიკეთე „ფონდ ტასოს“ უკავშირდება. თავიდან მომყავდა ჩითილები, სხვადასხვა ბოსტნეული და კულტურები. შემოდგომაზე და ზამთარში ვთესავდი ღია გრუნტში და ვწვალობდი. პროფესიით ვარ ექიმი სტომატოლოგი და ექიმი რეაბილიტოლოგი და სტომატოლოგად არ მიმუშავია, რეაბილიტაციის სპეციალისტი ვიყავი. ჩემთან დაყავდათ პატარა ბავშვები, სადღაც 0-დან 5 წლამდე. ერთ-ერთმა ჩემმა პაციენტმა მითხრა, უი, როგორი გამწვანებული გაქვს ეზო ბოსტნეულებით, სათბური რატომ არ გაქვსო? ვუპასუხე, რომ სათბურს ფინანსები სჭირდებოდა და ამის შესაძლებლობა არ მქონდა, რაზეც გრანტები მიხსენა, თუმცა ვერც ამას მივაგენი. ამის შემდეგ მითხრა,  რომ ჩვენთან თემში იყო ორგანიზაცია „ფონდი ტასო“, სადაც სათემო მუშაკი იყო ეკა კეიდია და სხვადასხვა ქალებთან მუშაობდა. მირჩია, რომ აუცილებლად მიმეკითხა, რადგან მისი აზრით, სათბურის თემაც აქტუალური იყო. ეს იყო შემთხვევა, როცა ორშაბათ დღეს მივედი კრებაზე (ყოველკვირეული შეხვედრა იყო). რომ მივედი, ეკა და მისი ქალბატონები მუშაობდნენ პროექტზე, სადაც მესათბურეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა ანაკლიისა და მისი მიმდებარე სოფლების ტერიტორიაზე, ამაზე წერდნენ საგრანტოს. ზუსტად, საჭირო დროს, საჭირო მომენტში მოვხვდი მათთან.

ქალებმა სულით და გულით მიმიღეს, რადგან ვუთხარი რომ მეც მსგავსი რაღაც მაინტერესებდა, თუმცა არც საგრანტოების წერა ვიცოდი და არც მსგავსი  არაფერი, მხოლოდ სახლში მომყავდა ბოსტნეული. წარმოდგენა არ მქონდა სათბური სად იშოვებოდა, როგორი კონსტრუქცია იყო, საერთოდ ღირებულებაზეც არ მქონდა წარმოგდგენა, პროექტი კი კვირის ბოლოსთვის იყო გასაგზავნი. სადღაც ორშაბათი დღე იყო, რომ მივედი და პარასკევს უკვე საგრანტო განაცხადების მიღება სრულდებოდა. შესაბამისად, ეს ყოველივე მოსაძიებელი გამიხდა, ცოტა ვიწვალე, ქალბატონებიც დამეხმარნენ, როგორც იქნა, მოვასწარი და ზუსტად მახსოვს, რომ ექვსს აკლდა ხუთი წუთი და სადაც განაცხადი მქონდა შესატანი, იმის კარებთან დავასრულე რაღაც წინადადებები და გავაგზავნეთ ეს ჩვენი განაცხადი. სადღაც 3-4 თვეში დამირეკეს, რომ ჩემი განაცხადი მეორე ეტაპზე იყო გადასული და ისე გამიხარდა, რომ მოტივაცია მომეცა, ბოლომდე მებრძოლა და თურმე მართლა რაღაც არსებობს. აქედან გამომდინარე ყოველ კვირას ვხვდებოდით ერთმანეთს, ქალბატონი ეკა გვიზიარებდა თავის გამოცდილებას და სხვა ქალებს ასწავლიდა, როგორ დაეწერათ ეს პროექტები, რა გაეკეთებინათ.

„ფონდმა ტასომ“ ჩაგვრთო სხვადასხვა პროექტში, სადაც იყო ბიზნეს გეგმასთან დაკავშირებული ტრენინგები, აქედანაც მივიღე გამოცდილება. ამას გარდა, გამოცხადდა სოციალური პროექტები, რომელიც დავწერეთ საბავშვო ბაღის კეთილმოწყობაზე და ესეც დაგვიფინანსდა. ბავშვებს გამოვუცვალეთ ლამინატები, წინ იყო გუბე და ვერ ხერხდებოდა შესვლა; დავაგეთ ფილები, შევუძინეთ ბავშვებს სათამაშოები და საერთო ჯამში, ძალიან შედეგიანი პროექტი გამოვიდა.

ასევე, გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ ადამიანს ერთი მშვენიერი საახალწლო დღე ვაჩუქეთ, სხვადასხვა პროდუქტი მივუტანეთ: ტკბილეული, ნობათი. ასევე ობოლი, დაუნის სინდრომიანი ბავშვის ოჯახში მივედით და მასაც ბედნიერი დღე ვაჩუქეთ. მოკლედ, ბევრი ასეთი პატარ-პატარა სიკეთეები გავაკეთეთ, რაც მთავარია, ქალებმა ერთმანეთის თანადგომა ვისწავლეთ. ყველას თავისი ბიზნესი ჰქონდა და საერთო საქმიანობებშიც ჩართულები ვიყავით. ჯგუფში ჩვენი წესები გვქონდა, ხაზინაც, სადაც თანხა გროვდებოდა, რომელსაც კარგ საქმეში ვდებდით და ამით საჭიროებების მქონე ადამიანებს ვეხმარებოდით.

„ფონდმა ტასომ“ მომცა იმის საშუალება, რომ 150 კვადრატზე გავაკეთე სათბური, რომლის ღირებულებაც 11 000 იყო და მე ამის საშუალება ნამდვილად არ მქონდა, სადღაც 30% იყო მხოლოდ ჩემი თანამონაწილეობა, დავწერე ახალი პროექტი, რომელიც დამიფინანსა „ფონდმა ტასომ“, ლომის წილი იყო ეს ფაქტობრივად. როგორც კი სათბური გავაკეთე, პანდემია დაიწყო. პანდემიის პერიოდში ყველაფერი ჩაიკეტა, ყველა სტრესში იყო, თითქოს ცხოვრება დასრულდა, თუმცა ჩემთვის ეს ასე არყოფილა, რადგან ზუსტად ამ პერიოდში  10 000 ძირი კიტრის ჩითილები მოვიყვანე და დამცინოდნენ, ქვეყანა ესეთ დღეშია და შენი ნერგები ვის რაში სჭირდებაო, ის ეგამოვიდა, რომ ჩემ გარდა იმ წელს სამეგრელოში ეს არავის გაუკეთებია, მე კი ჩემთვის მივყვებოდი ჩემს საქმეს, თან მიხაროდა სათბური რომ მეღირსა და გეუბნებით, კარებთან წყვეტა იყო ისე წავიდა ეს ნერგები, ყველა ყიდულობდა, საერთოდ ერთი ძირიც კი არ დამრჩა. ამიტომ მეორე სათბურიც გავაკეთე 130 კვადრატიანი. სწორედ ამ შემოსავლით.

ბიზნეს გამოცდილებით, ეს შემოსავალი უკვე რომ მქონდა, მისი იმედით დავიწყე მეცხოველეობა. რამდენიმე პირუტყვი შევიძინე, კრედიტი ავიღე. აქაც ბიზნეს გეგმის წერის გამოცდილება დამეხმარა, დამიფინანსდა ფერმაც. დღეს ვეწევი როგორც მესათბურეობას, ისე მეცხოველეობას. მაქვს ჩემი ფერმა, მყავს 10 სული მეწველი საქონელი, ვარ სოფელში და ჩავერთე გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს სურსათის უვნებლობის პროექტში, სადაც ვარ ლიდერი ფერმერი და ჩემს სახლში იკრიბება 15 - მდე ქალი და ნედლი რძისგან ვამზადებთ სხვადასხვა უცხოური ტექნოლოგიებით სხვადასხვა სახეობის ყველს, ამისთვის გავიარეთ ხუთი სესია და სამი სახეობის უცხოური ყველის მომზადება ვისწავლეთ.

მინდა, მეცხოველეობის მიმართულებით მქონდეს ყველის მცირე საწარმო, ასევე რძის ჩამბარებელი პუნქტი, სადაც ჩემს თემში მეზობელი ქალებისგან ჩავიბარებ რძეს და მისგან მოვამზადებ ყველს. ეს ერთ-ერთი გეგმაა. ასევე მინდა ჩემი პროდუქციის ბრენდირება და რაც შეიძლება ფართოდ რეალიზება.

ჩემნაირი ადამიანებისთვის, ძალიან პატარა რამ, ერთი სიტყვაც კი შეიძლება იქცეს მოტივაციად, რომ სამომავლოდ რამე გავაკეთო, წინ წავიდე. მომავლის იმედით და მსგავსი ორგანიზაციების თანადგომით მივაღწევ ალბათ იმ შედეგს, რაც მაქვს დაგეგმილი.

სიახლეები
 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანსა და ხულგუმოში, “ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა...
30 მარტი, 2024
„ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრები გამართეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის...
29 მარტი, 2024
26-29 მარტს, ჩატარდა ტრენინგები ბიზნესის დაწყების მსურველთათვის.
29 მარტი, 2024