ENG
10 ოქტომბერი, 2023
ხათუნა ბოლქვაძე მარადისიდან

„აქ რომ გადმოვსახლდი, თავიდან ვაგონში ვცხოვრობდი. მიწა კი მომცეს, მაგრამ 4 კილომეტრის მოშორებით და მის დასამუშავებლად დიდ მანძილზე სიარული შრომას მიორმაგებდა. თუმცა, სოფლის მეურნეობაში მაინც ჩავები და პირველი შემოსავალიც მივიღე: ახლოს აგარაკებია და დამსვენებლებმა მთხოვეს, სიმინდს შევიძენთო. ასე დავიწყე მოსავლის გაყიდვა“, - იხსენებს 43 წლის ქვრივი ხათუნა ბოლქვაძე, ეკომიგრანტი აჭარიდან, რომელიც ახლა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში, ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.

თანდათან ხათუნამ სიმინდის წარმოება გაზარდა და მისი გაყიდვა თბილისის ბაზარში გააგრძელა. ფერმერობის გარკვეული გამოცდილება უკვე ჰქონდა, როცა გაიგო, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია და „ფონდი ტასო“ მის სოფელში პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ახორციელებდნენ. ახალი ცოდნის მიღებითა და დაფინანსების შესაძლებლობებით დაინტერესდა და გადაწყვიტა, მონაწილეობა აუცილებლად მიეღო.

„თავიდანვე იმედიანად ვიყავი განწყობილი და ეს იმედი გამიმართლდა კიდეც: საგრანტო კონკურსში გამარჯვება ჩემი ცხოვრების ტრამპლინად იქცა. მიღებული თანხით უკვე არსებული კულტურები განვავითარე, ახალი თესლები შევიძინე და შემოსავალი გავიორმაგე. მერე სესხიც ავიღე და დამატებით 3 სათბური შევიძინე“, - ამბობს ხათუნა.

ფერმერს საქმიანობის მართვის გაუმჯობესებაში ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენინგკურსიც დაეხმარა, რომელსაც ის პროექტის ფარგლებში ესწრებოდა, თუმცა მიღებულ ცოდნაზე არ შეჩერებულა და მოგვიანებით პროფესიულ კოლეჯში, მებოსტნეობის პროგრამაც გაიარა.

„მხოლოდ 9 კლასი მქონდა დამთავრებული და ყოველთვის მინდოდა, მესწავლა, ჯგუფელები მყოლოდა, მათთან მემეგობრა. მიხარია, რომ ჩემი სურვილის ასრულება მაინც შევძელი. ეს ცოდნა დამეხმარება, სერტიფიკატი ავიღო, რეგულაციები დავაკმაყოფილო და მოსავალი კიდევ უფრო წარმატებით გავყიდო“, - აღნიშნავს ხათუნა, რომელიც ახლა უკვე თავადვე ასწავლის. პროფესიულ კოლეჯს მებოსტნეობის პრაქტიკული კურსის შექმნა მან ადგილობრივ ქალებთან ერთად შესთავაზა და თანხმობაც მიიღო. სამი თვის განმავლობაში ხათუნამ მებოსტნეობა უკვე 15 სტუდენტს შეასწავლა.

„პროექტმა მეტი შესაძლებლობა გამიჩინა, მეტი კარი გამიღო. ნამდვილ მეწარმედ შევდექი“, - აღნიშნავს ხათუნა და კიდევ ერთი ახალი გეგმის რეალიზებისთვის ემზადება. სურს, კულინარია, რომელიც მისი ბავშვობის გატაცებაა, ბიზნესად აქციოს და სოფელში პირველი საცხობი გახსნას. ეს იდეაც პროექტის ფარგლებში გაუჩნდა: მას შემდეგ, რაც შეხვედრებზე მონაწილეებს საკუთარი ნამცხვრებით გაუმასპინძლდა, ქალებმა კერძო შეკვეთების აღება ურჩიეს, მის შესახებ ინფორმაციაც გაავრცელეს და ახლა მარადისში გამართული შეკრებებისა და ღონისძიებებისთვის სადილს ყოველთვის ხათუნა ამზადებს. ეს მისი ოჯახისთვის შემოსავლის კიდევ ერთი წყაროა.

ხათუნასთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონიდან პროექტში „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ 233 ქალია ჩართული, მათგან 139 თვითდახმარების ჯგუფებშიცაა გაწევრიანებული. პროექტის ფარგლებში 16-მა მონაწილემ ეკონომიკური გრანტი, 7-მა კი სასწავლო დაფინანსება მიიღო.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია რეგიონულ პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან, „ფონდ ტასოსა“ და ქეა საერთაშორისო კავკასიასთან თანამშრომლობით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

სიახლეები
19 სექტემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, კაორი იშიკავა, ნორვეგიის...
20 სექტემბერი, 2024
18 სექტემბერს, „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, ჩოხატაურის რაიონის სოფლებში...
19 სექტემბერი, 2024
5-7 ივნისს "ქალთა ეკონომიკური გაძლიერების" პროექტში ჩართულ ქალებს ოჯახში ძალადობის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ.
07 ივნისი, 2024