ENG
25 მარტი, 2022
მარიამ ბუჩუკური ტირძნისიდან

პირველი ნაბიჯები

მე ვარ მარიამ ბუჩუკური სოფელ ტირძნისიდან. ამჟამად ვხელმძღვანელობ „შიდა ქართლის სათემო ფონდს მშვიდობისა და განვითარებისათვის“. ჩემი აქტიური საქმიანობა დაიწყო 2010 წელს, როდესაც „ფონდი ტასო“ შემოვიდა ჩვენთან ეკონომიკური პროექტებით. მაშინ სკოლაში მეწარეობას ვასწავლიდი. მოხდა ერთ-ერთი პროექტის პრეზენტაცია, მოსახლეობისთვის მისი მიზნებისა და ამოცანების გაცნობა. მაშინ დასჭირდათ მოხალისე, ვინც იქნებოდა მედიატორი, შეაგროვებდა პროექტებს, იმიტომ, რომ მაშინ პროექტების გაგზავნა ონლაინ არ ხდებოდა. დავთანხმდი. თავდაპირველად, დაწერილი პროექტების შეგროვება მევალებოდა. ასევე, მუდმივ კომუნიკაციაში უნდა ვყოფილიყავი „ფონდი ტასოს“ დირექტორ ქალბატონ მარინა თაბუკაშვილთან. მე უნდა მიმეწოდებინა ინფორმაცია ქალების მომართვიანობის შესახებ, თუ რამდენად იყვნენ ისინი დაინტერესებული ამ პროექტში ჩართვით. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრი პროექტი შემოვიდა და ამ პროექტებიდან უმეტესობა დაფინანსდა კიდეც.

2008 წლის შემდეგ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ადამიანები დაბნეულები ვიყავით. მიუხედევად იმისა, რომ ჩვენი სახლები არ იყო განადგურებული ომისგან, და საკუთარი შემოსავლის წყარო, რაც იყო სოფლის მეურნეობა, დავიბრუნეთ, მაინც გვიწევდა ცხოვრების ახლიდან დაწყება. ფონდთან თანამშრომლობა დაგვეხმარა იმის გაცნობიერებაში, რომ ჩვენი აქტივობების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო არა მარტო საკუთარი თავისთვის ზრუნვა, არამედ მთელი თემისთვის ზრუნვა და მის საჭიროებებზე დაფიქრება. 

გავერთიანდით. მე მყავდა რვა ჯგუფი ტირძნისის თემში. დავიწყეთ აქტიურად მუშაობა. მახსოვს, პირველი რაც გავაკეთეთ, იყო ერთიანი ბაზების შექმნა - სოფლის მოსახლეობის აღწერა, რაც მანამდე არ არსებობდა და სოფელი ე.წ "საკომლე წიგნებით" ხელმძღვანელობდა. დავიწყეთ აღრიცხვა, დავინაწილეთ უბნები. "საკომლე წიგნებში" არ იყო შეყვანილი მონაცემები ახალდაბადებული ბავშვების შესახებ, არ იყო ამოშლილი გარდაცვლილთა გვარები, ხალხი ზედმეტსახელებით იყო მითითებული. ქაოტური სიტუაცია იყო. ჩვენ შევქმნით სოფლის მცხოვრებთა ერთიანი, სრულყოფილი ბაზა.  გვინდოდა, გვცოდნოდა, რამდენი ვიყავით - რამდენი ბავშვი, რამდენი ქალი, რამდენი შშმ ადამიანი. გავაკეთეთ სოფლის პროფილი, თავისი საჭიროებებით, რესურსებით. გავიგეთ, სად ვიყავით და რა გვჭირდებოდა. ასე დავიწყეთ სოფლის ქალებმა თემზე ზრუნვა.

გარდამავალი ეტაპი

ამ ეტაპიდან გავედით უკვე გორის მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციაზე. აქაც „ფონდი ტასო“ და გაეროს ქალთა ორგანიზაცია გვეხმარებოდა.  დავიწყეთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა. მერე მოხდა ჩვენი საჭიროებების პრიორიტეტებად დაყოფა. იმის გააზრება, თუ რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ ჩვენთვის და რა შეიძლება გაკეთდეს ჩვენი თანამონაწილეობით. გავმიჯნეთ, რაში შეიძლებოდა დახარჯულიყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ სოფლისთვის გამოყოფილი თანხები. მოხდა საჭიროებების გატანა მრგვალი მაგიდის პრინციპის შეხვედრებზე. მაშინ ვიყავით თვითდახმარების ჯგუფი, რაც მოიაზრებს, რომ ჯერ საკუთარ თავს ეხმარები. ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები გავაცნობიერეთ, გადავიაზრეთ და მერე უკვე დავიწყეთ თემზე ზრუნვა. ამასთანავე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია უკვე სახელმწიფო სტრუქტურების დონეზეც გეგმავდა ხოლმე შეხვედრებს და მე, როგორც სათემო მუშაკი, ნდობით აღჭურვილი და უფლებამოსილი პირი, თვითდახმარების ჯგუფის წევრების საერთო გადაწყვეტილებით, ვიღებდი მონაწილეობას და განხსახილველად გამქონდა ისეთი პრობლემები, რომელთა გადაჭრა სამინისტროების დონეზე იყო შესაძლებელი. სხვათა შორის,  ყველაზე დიდი მიღწევა, ჩვენ რაც გვაქვს, მაშინ 13/25-ის რეზოლუციაზე მუშაობაა, რის შედეგადაც ამ რეზოლუციაში ჩვენი რეკომენდაციებიც  აისახა.

დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბება

2012 წლის 29 მაისს ჩამოვყალიბდით სათემო ორგანიზაციად. მე, როგორც სათემო მუშაკი მოწვეულ კრებაზე ამირჩიეს გამგეობის თავმჯდომარედ. გვყავს მოადგილე და გამგეობის წევრი.

ამ ეტაპიდან ორგანიზაციამ დაიწყო გასვლა ე.წ "დიდ ბაზარზე". „ფონდ ტასოს“ და გაეროს ქალთა ორგანიზაციას ამ დროის განმავლობაში ერთი წუთითაც არ მივუტოვებივართ. ყველაფერი რაც გაგვაჩნია და რასაც აქამდე მივაღწიეთ, მათი დამსახურებაა.

თავდაპირველად იყო გრანტგამცემი საქმიანობა - ვზრუნავდით ახალგაზრდებზე. ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელმა თავისი ფართი დაგვითმო, სადაც შევქმენით პატარა ბიბლიოთეკა და ბავშვებს სხვადასხვა აქტივობებს ვთავაზობდით. ვთანამშრომლობდით ასევე ჩვენს საბავშვო ბაღთან და ვმუშაობდით მის კეთილმოწყობაზე. ძალიან დაძველებული და არც თუ ისე უსაფრთხო ავეჯი ჰქონდათ. შევუძინეთ ავეჯი, გავთვალეთ სტანდარტებზე, ძალიან ვიბრძოლეთ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდარიყო. ყველა ბაღი შემოვიარეთ თემში, მაგრამ თანხა იმდენი არ იყო, რამდენიც უკიდურესი საჭიროება.

მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს გუნდურობას, ყველანი ერთმანეთს ვაბალანსებთ, როგორც შრომის, ისე შრომის ანაზღაურების გადანაწილებაში. ჩვენი წარმატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინაპირობა სწორედ ეს არის.

გამოწვევები და ცვლილებები

თავიდან სოფელში უფლებრივი მდგომარეობის და ამ მხრივ ცნობიერების კუთხით, არც თუ ისე სახარბიელო რეალობა გვქონდა. ქალებს ეგონათ, რომ ძალადობა ნორმა იყო, თუმცა რამდენიმე წელიწადში, ტრენინგებისა და კამპანიების დამსახურებით, უკვე სხვებზე და სხვების მდგომარეობაზე დაიწყეს ზრუნვა. რომ შეადაროთ 2010 წელს, მაშინ ქალები სოფლის კრებაზეც არ დადიოდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ კაცებს უნდა მიეღოთ ყველა გადაწყვეტილება, ახლა თუ რომელიმე ქალს კრების შესახებ შეტყობინებას გამოაპარებენ, ყველა ხმამაღლა აპროტესტებს. ეს ნამდვილი გარღვევა და მიღწევაა.

ყველა ადამიანი ფიქრობს, რომ შეუძლია ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ მე მახსოვს, როგორ მიკანკალებდა ხელი, როცა პირველად მოვხვდი იქ, რასაც გაერო „მაღალი დონის შეხვედრას“ უწოდებს. უნდა გამოგიტყდეთ, ერთი თვისება მაქვს, დაწერილს ვერ ვკითხულობ, მაგრამ მაინც ყველაფერი დავწერე, რადგან ისეთი დონის შეხვედრისთვის ვემზადებოდი, რომელსაც დიპლომატები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ. მახსოვს, როდესაც ჩემი გვარი გამოაცხადეს და ჩემი სლაიდი გავიდა, ხელები ამიკანკალდა. ერთ ხელს მეორეს ვუჭერდი, რომ კამერაში არ გამოჩენილიყო ჩემი მღელვარება, მინდოდა, ხმაც გამეკონტროლებინა, მაგრამ როდესაც ჩანაწერი ვნახე, ხმა გამიკონტროლებია, ხელი კი ვერაფრით დავიმორჩილე.

აი, ეს ვისწავლე - ასეთ შეხვედრებზე გამოსვლა ვისწავლე, კამერასთან ლაპარაკი ვისწავლე, ეს არ არის ადვილად მისაღწევი. რამდენჯერმე ტელევიზიებსა და რადიოში მიმიწვიეს და ჟურნალისტებთან ურთიერთობაც ვისწავლე. ეს ნიშნავს, რომ მე დღეს სხვა ადამიანი ვარ, სხვა უნარები გამოვიმუშავე, გადაფასება ვისწავლე, ჩემი სისუსტეები დავინახე და საკუთარ თავში აქამდე დაფარული ძალებიც აღმოვაჩინე. 

სიახლეები
 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანსა და ხულგუმოში, “ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა...
30 მარტი, 2024
„ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრები გამართეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის...
29 მარტი, 2024
26-29 მარტს, ჩატარდა ტრენინგები ბიზნესის დაწყების მსურველთათვის.
29 მარტი, 2024