ENG
07 აპრილი, 2022
თამარ აროშიძე ნასაკირალიდან

პირველი ნაბიჯები

მე ვარ თამარ აროშიძე, ვცხოვრობ ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში. ყოველთვის მქონდა იდეები ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ შესაძლებლობა ამ იდეების განხორცილებისა არ იყო. შემდეგ ჩვენს სოფელში შემოვიდა „ფონდი ტასო“.

თავიდან ძალიან სასაცილო რამ შეგვემთხვა, როდესაც არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რასაც დავწერდით,  ეს ფონდი ყველაფერს მოგცემდა. გვიკვირდა, რასაც დავწერთ, როგორ მოგვცემენ ისე, რომ არაფერი გავაკეთოთო. თუმცა, როდესაც ფონდის წევრებთან შეხვედრა შედგა და გავიგეთ, რომ წინ ბევრი შრომა და სწავლა გველოდა, მხოლოდ ხუთი ქალი დავრჩით ჯგუფში. მე კი ამ ჯგუფის სათემო მუშაკი გავხდი.

გათხოვების შემდეგ პირველად დავუბრუნდი აქტიურ ცხოვრებას. ჯგუფში სხვადასხვა ასაკის ქალები მყავდა და სულ მიწევდა ფიქრი იმაზე, თუ როგორ დამეინტერესებინა ისინი ჩემ მიერ მომზადებული თემებით. ფონდი ძალიან მეხმარებოდა საჭირო და საინტერესო რესურსებით. სხვათა შორის, მაშინ კოვიდი იყო ახალი დაწყებული, როცა ჩვენ ტრენინგებს გავდიოდით. ყველა ჩაიკეტა, ჩვენ კი პირიქით, ახალი ცხოვრება დავიწყეთ, მოსაწყენად თითქმის არასდროს გვეცალა და ძალიან აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდით. აქვე ვიტყვი, რომ ჩემი ჯგუფის წევრები გადასახლებული მესხები არიან და უმეტესობას ენის ბარიერი ჰქონდა. მუდმივად მიწევდა მათთვის მასალების და ტრენინგების თარგმნა, მაგრამ ეს არ მეზარებოდა, რადგან ძალიან მოტივირებული ვიყავი. ამან მათაც გაუღვივა სურვილი, ქართული ენა შეესწავლათ და დაიწყეს კიდეც სწავლა. აქამდე გაუცხოებულები ახლა უფრო მეტად ინტეგრირდნენ, სახლებიდან გამოვიდნენ.  

პროექტის ფარგლებში მიღებული განათლებით ხუთიდან ოთხმა ქალმა ჩვენი იდეების და ინტერესების გათვალისწინებით გამზადებულ პროექტებზე დაფინანსება მოვიპოვეთ. ჩემი პროექტი სათბურს ეხებოდა. თავიდან მინდოდა, რომ ნერგები გამომეყვანა, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ სათბურში მოყვანილ ბოსტნეულს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო. დღეს უკვე, როცა ბაზარზე შევედი, მყავს ჩემი საკუთარი მომხმარებელი, მაგრამ მუდმივად ვგრძნობ, რომ მჭირდება საქმიანობის გაფართოება, რადგან ბაზრის მოთხოვნა ჩემს შესაძლებლობებზე ბევრად დიდია.

ცვლილებები

ამ პროექტში მონაწილეობამ ჩემში ძალიან ბევრი რამ შეცვალა. მანამდე არასდროს მქონია სათემო მუშაკად მუშაობის გამოცდილება, არც ჯგუფთან მუშაობის და მითუმეტეს, ხელმძღვანელობის გამოცდილება. ვისწავლე ჯგუფთან მუშაობა და ჯგუფის წევრების ერთმანეთთან დაკავშირება.

პირველ რიგში, „ფონდმა ტასომ“ ის დაგვანახა, რომ ყოველთვის უნდა იყო მოწადინებული განათლების მიღებისათვის. არ არის აუცილებელი, რომ ეს მაინცდამაინც შენი პროფესია იყოს. განათლება და განვითარება ცივილიზებულობის განცდაში გეხმარება და ამისთვის მუდმივად უნდა იბრძოლო.

ვისწავლეთ ისიც, რომ თემის კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია აქტიური მუშაობა და ინიციატივის გამოჩენა. ამ ყველაფრისთვის ძალიან მადლობელი ვარ ქალბატონი მარინა თაბუკაშვილის.

მახსოვს, როდესაც პირველად ჩავედით თბილისში, „ფონდი ტასოს“ ოფისში, იქ ისეთი შეხვედრა მოგვიწყეს, რომ ეს შეხვედრა გახდა მთავარი ძალა, რამაც გადაგვაწყვეტინა, რომ პროექტს ბოლომდე გავყოლოდით. ძალიან თბილი და სწორი ფორმით გვიწვევდნენ თანამშრომლობისათვის. ამ ყველაფრის გამო ძალიან დიდ მადლობას ვუხდი „ფონდი ტასოს“ გუნდის თითოეულ წევრს.

სიახლეები
 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანსა და ხულგუმოში, “ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა...
30 მარტი, 2024
„ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრები გამართეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის...
29 მარტი, 2024
26-29 მარტს, ჩატარდა ტრენინგები ბიზნესის დაწყების მსურველთათვის.
29 მარტი, 2024