ENG
25 მარტი, 2021
სხვა საქართველო
თუკი ყვარლის მხრიდან დაუყვებით გზას ლაგოდეხის მიმართულებით, ერთმანეთის მიყოლებით, სულ რაღაც ორმოციოდე კილომეტრზე, შეხვდებით ოსების (წიწკანაანთ სერი), უდების (ზინობიანი), ავარელების (ჩანთლისყურე, თივი, სარუსო), აზერბაიჯანელების (კაბალი, განჯალა, უზუნთალა) და ცოტა მოშორებით მალაკნების (გრაფოვკა) სოფლებს, ხოლო თუ ცოტა ღრმადაც შეიხედავთ, გაგაოცებთ თავისებურება იმ სოციალურ-კულტურული ყოფისა, თითოეულში რომ სუფევს. ერთი შეხედვით, ამ სოფლების დაარსების ისტორია რაღაცით წააგავს ერთმანეთს: ერთნაირად იტეხებოდა ყამირები წყლის სიახლოვეს, სუფთავდებოდა ჭყანტობები, ითხრებოდა მიწურები ან მოწნული, ჩალით გადახურული ქოხები იდგმებოდა, მაგრამ ყოველ სოფელში სრულიად განსხვავებული კულტურა შემოდიოდა და იდებდა ბინას. ასევე განსხვავებული იყო ეთნიკური ჯგუფების ჩამოსახლების მიზეზები და თარიღები. ეს ხალხი, მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული, ათეულობით წლებია ცხოვრობს მეტ-ნაკლებად ჩაკეტილ თემებად ისე, რომ ფართო საზოგადოებამ, დღესაც კი, არაფერი იცის `გაღმა კახეთის~ ეთნოკულტურული, რელიგიური მრავალფეროვნების შესახებ. ჩვენი პროექტი სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი სოფლებისკენ იყო მიმართული, ხოლო წინამდებარე პუბლიკაცია მოკრძალებული ცდაა დაგაახლოვოთ იქაურ ადამიანებთან და წარმოგიდგინოთკულტურათა სიმრავლე, კახეთის ეს პატარა ნაწილი რომ იტევს. ამ მიზანს ემსახურება სიმრავლე ფოტომასალისა, რომელიც პროექტის მსვლელობისას, ხალხურ თუ რელიგიურ დღესასწაულებზე ან უბრალოდ, საველე სამუშაოებისას არის გადაღებული. წიგნში ასევე შევიდა რამდენიმე ამონარიდი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა ინტერვიუებიდან, რომლებშიც კულტურის თავისებურებებიც იკითხება და მეხსიერებაში დალექილი, მითებად გარდასახული წარსულიც. ინტერვიუების ტექსტებში უმეტესად დაცულია ავტორთა ცოცხალი თხრობა. ამით, ადამიანთან მისაახლოვებლად, ვეცადეთ, მკითხველამდე მოგვეტანა ჩვენი რესპოდენტების ქართული. ქართულის მცოდნე, განსაკუთრებით ქალთა შორის, ამ სოფლებში იშვიათი და საძებარია. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მონდომებით გვთანხმდებოდა ფოტო/ვიდეო გადაღებასა თუ ინტერვიუზე და ამით, თუნდაც ცოტა ხნით მაინც, თანაზიარს გვხდიდა თავისი ცხოვრებისა და მათაც, ვინც დიდი სურვილის მიუხედავად, ენობრივი თუ სხვა ყოფითი ბარიერის გამო, ეს ვერ შეძლო. მადლობა ღია საზოგადოების ინსტიტუტის (ბუდაპეშტი) ხელოვნებისა და კულტურის ქსელურ პროგრამას და ფონდს `ღია საზოგაოდება - საქართველო, ვისი მხარდაჭერითაც განხორციელდა პროექტი `ეთნიკური მრავალფეროვნების ზეიმი კახეთში, საქართველო.

 "ფონდი ტასო"

სხვა საქართველო თავი I
სხვა საქართველო თავი II
სხვა საქართველო თავი III
სხვა საქართველო თავი IV
სიახლეები
 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანსა და ხულგუმოში, “ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა...
30 მარტი, 2024
„ფონდი ტასოს“ გუნდის წევრებმა პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრები გამართეს, ასპინძის მუნიციპალიტეტის...
29 მარტი, 2024
26-29 მარტს, ჩატარდა ტრენინგები ბიზნესის დაწყების მსურველთათვის.
29 მარტი, 2024